საზოგადოება

FT: რუსეთი უკრაინის დენაციფიკაციას და განიარაღებას აღარ ითხოვს

29 მარტი, 2022 • 1047
FT: რუსეთი უკრაინის დენაციფიკაციას და განიარაღებას აღარ ითხოვს

Financial Times-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და განიარაღებას, რაც ომის დაწყებისას იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორი გაცხადებული მიზანი.

გამოცემა 4 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლები განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს — ნატო-ში გაწევრიანების ან უცხოური ბაზების მასპინძლობის აკრძალვას, მაგრამ საშუალებას აძლევს უკრაინას, მოიძიოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და გაწევრიანდეს ევროკავშირში.

უკრაინული მხარის მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ Financial Times-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება გულისხმობდეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები, დაეხმარონ უკრაინას თავდასხმის შემთხვევაში. კოლექტიური თავდაცვის ასეთი წესი ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლს შეადარა.

Financial Times-მა მანამდეც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ჯარების გაყვანას, თუ კიევი ნეიტრალიტეტს და შეიარაღებული ძალების შემცირებას დასთანხმდება. უკრაინულმა მხარემ მაშინ თქვა, რომ FT-ის მიერ გამოქვეყნებულია პროექტი, რომელიც ასახავს რუსული მხარის მოთხოვნებს, უკრაინას კი თავისი პოზიციები ჰქონდა.

„ჩვენ საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან რაღაც დემილიტარიზაციაზე და დენაციფიკაციაზე სასაუბროდ“, — განაცხადა 27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევი მზადაა წავიდეს „უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე“, ასევე, რუსული ენის საკითხი გადაწყვიტოს სარკისებრი შეთანხმების საფუძველზე.

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბულში დღეს იმართება. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 22 მარტს CNN-თან ინტერვიუში ჩამოთვალა რუსეთის მოთხოვნები: უკრაინის დემილიტარიზაცია, ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ნაციონალისტებისგან გათავისუფლება, ყირიმის — რუსეთის ნაწილად და დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი