ახალი ამბები

FT-ის ცნობით, უკრაინას და რუსეთს პროგრესი აქვთ 15-პუნქტიან შეთანხმებაზე

16 მარტი, 2022 •
FT-ის ცნობით, უკრაინას და რუსეთს პროგრესი აქვთ 15-პუნქტიან შეთანხმებაზე

Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ჯარების გაყვანას, თუ კიევი ნეიტრალიტეტს და შეიარაღებული ძალების შემცირებას დასთანხმდება.

გამოცემამ ხუთ ანონომურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს კიევის უარს ნატო-ზე და უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების ან შეიარაღების განთავსებაზე უკრაინის ტერიტოიაზე, მისი უსაფრთხოებსი გარანტორები კი იქნებიან მოკავშირეები, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

ამავე ცნობით, ყველაზე დიდ დაბრკოლებად რჩება რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ აღიაროს მოსკოვის სუვერენიტეტი ყირიმზე და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ FT-ის მიერ გამოქვეყნებულია პროექტი, რომელიც ასახავს რუსული მხარის მოთხოვნებს, უკრაინას კი თავისი პოზიციები აქვს.

„ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რიგი ქვეყნებიდან“, — დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე .

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა წარმოადგინა ნეიტრალური სტატუსის ვარიანტები, თუმცა, საკუთარი არმიით და ფლოტით.

პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ კიევი რეალურად ითხოვს არა პროტოკოლურ ან ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავს არაეფექტიან, არამედ რეალური უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინული მოდელის მიხედვით.

ამ თემაზე:

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება — ზელენსკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი