საზოგადოება

ლვოვზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, არიან დაშავებულები — ქალაქის მერი

26 მარტი, 2022 • 1412
ლვოვზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, არიან დაშავებულები — ქალაქის მერი

უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვზე 26 მარტს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ.

ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, მაქსიმ კოზიცკის თანახმად, 5 ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც 2 რაკეტა საწვავის საცავს მოხვდა, კიდევ 2 კი, მოგვიანებით — სამხედრო ქარხანას.

როგორც კოზიცკი, ისე ლვოვის მერი ანდრიი სადოვოი მოსახლეობას მოუწოდებდნენ, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში.

ფოტო: BBC

“მორიგი დარტყმა ლვოვის მახლობლად… კიდევ სამი ძლიერი აფეთქება მოხდა… დარჩით თავშესაფრებში, იყავით მშვიდად”, — დაწერა მაქსიმ კოზიცკიმ სოციალურ ქსელში, მორიგი საჰაერო დარტყმის შემდეგ.

ოფიციალურ პირთა თანახმად, საცხოვრებელი სახლები არ დაბომბილა, თუმცა დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის საცავს და ჩაიმსხვრა ერთ-ერთი სკოლის შენობის ფანჯრები.

როგორც ლვოვის მერმა სატელევიზიო ბრიფინგზე თქვა, რაკეტები რუსეთის ძალებმა 2014 წელს ანექსირებული ყირიმიდან, კერძოდ, ქალაქ სევასტოპოლიდან ისროლეს.

ლვოვზე სარაკეტო დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის პარალელურად განხორციელდა. ქალაქს უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან 60 კმ აშორებს.

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთ უკრაინის ქალაქი ლვოვი ერთგვარ უსაფრთხო ზონად განიხილებოდა უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

თუმცა, როგორც FP წერს, იმ ფონზე, რომ ბოლო ხანებში ამ ქალაქსაც მიუახლოვდა რუსეთის სარაკეტო დარტყმები, ბევრმა დაკარგა უსაფრთხოების განცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი