საზოგადოება

როგორ მოკლეს ამდენი რუსი გენერალი უკრაინაში? — CIA-ის ყოფილი ხელმძღვანელის განმარტება

22 მარტი, 2022 • 47349
როგორ მოკლეს ამდენი რუსი გენერალი უკრაინაში? — CIA-ის ყოფილი ხელმძღვანელის განმარტება

უკრაინაში თითქმის ერთთვიანი ბრძოლების შედეგად, უკრაინის მონაცემებით, მოკლულია რუსეთი არმიის 5 მაღალჩინოსანი — გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი, გენერალ-მაიორები ოლეგ მიტიაევი, ანდრეი სუხავეცკი, ვიტალი გერასიმოვი, ანდრეი კოლასნიკოვი. თუმცა თავად რუსეთმა ამ დრომდე მხოლოდ სუხავეცკის სიკვდილი აღიარა. ეს არის რეკორდული დანაკარგი რუსული არმიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

გადამდგარი ამერიკელი გენერალი, CIA-ის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ პეტრეუსი განმარტავს იმ შესაძლო მიზეზებს, თუ როგორ შეძლეს უკრაინელებმა რუსეთის არმიის 5 გენერლის ლიკვიდაცია. უკრაინელებმა თქვეს, რომ სუხავეცკი სნაიპერმა მოკლა, ჯერჯერობით ბუნდოვანია სხვა გენერლების სიკვდილის გარემოებები.

სტრატეგიული სწავლებების პროფესორმა ფილიპ ო’ბრაიანმა ამერიკულ გამოცემა Fortune-ს განუცხადა, რომ „თუ გენერლებს უშვებ ფრონტის ხაზზე და ისინი თავს საფრთხეში იგდებენ, ხშირად, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ უნდა იყვნენ… როგორც წესი, ეს ხდება მაშინ, როცა ბრძოლის ველზე არის ისეთი პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მათთან გამკლავება [რადგან სხვა ვერ უმკლავდება]“.

როგორც  Fortune იტყობინება, პეტრეუსის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც რუსეთის არმიის გენერლებს უკრაინის მიწაზე კლავენ, მოშლილი კომუნიკაციაა. კერძოდ, თითქმის სრულად მოიშალა კონტროლისა და მართვის სისტემა რუსეთის არმიაში. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რუსეთის არმიის რადიოსიგნალების გადაფარვა და კომუნიკაციის ჩახშობა.

პეტრეუსის შეფასებით, გენერლების სიკვდილის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, იყოს თავად რუსეთის არმიის სტრუქტურა, სადაც ბრძანებები გაიცემა ზემოდან ქვემოთ, ამავე დროს, რუსეთის არმიამ აირჩია სამიზნეების შორი მანძილიდან დაბომბვის ტაქტიკა  — ამ პირობებში კი უშუალოდ ბრძოლის ველზე არ არსებობს უმცროს მეთაურთა შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ იზრუნებდა გენერლების (მეთაურების) ბრძანებების აღსრულებაზე.

უმცროს მეთაურთა შემადგენლობაში ძირითადად არიან დაბალი რანგის სამხედროები, თუმცა მთავარ დავალებებს იღებენ არმიის მეთაურებისგან და სწორედ ამის მიხედვით მოქმედებენ უშუალოდ ბრძოლის ველზე. როგორც წესი, მაღალი ჩინის სამხედროები, მათ შორის, გენერლები,  ბრძოლის ველზე პირადად არ არიან ხოლმე, მათი ბრძანებების აღსრულებას და ბრძოლის ველზე გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას უზრუნველყოფენ. იმის გამო, რომ უმცროს მეთაურთა სისტემა და კომუნიკაცია არ მუშაობს, გენერლები იძულებულნი არიან, პირადად იყვნენ ბრძოლის ველზე.

“ამგვარად, რა ხდება? საბრძოლო კოლონა ჩერდება. მოუთმენელი გენერალი ამ დროს კოლონის ბოლოს, დაჯავშნილ მანქანაში ზის. ის მიდის წინ, რათა გაიგოს, რა ხდება, რატომ შეჩერდა კოლონა, რადგან სხვას ამისი ინიციატივა არ აქვს. ადგილზე არ არის უმცროს მეთაურთა შემადგენლობა. ქვედა რგოლში არავის აქვს ინიციატივის საკუთარ თავზე აღების სურვილი. ისინი ელოდებიან ბრძანებას, თუ როგორ მოიქცნენ. ამ დროს უკრაინელებს ჰყავთ ძალიან, ძალიან კარგი სნაიპერები, რომლებიც უბრალოდ კლავენ მარჯვნიდან და მარცხნიდან“, — ამბობს პეტრეუსი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომს უკრაინაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, 10 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი