საზოგადოება

ხრისტო გროზევი: ФСБ-მ დააკავა როსგვარდიის მეთაურის მოადგილე

17 მარტი, 2022 • 14687
ხრისტო გროზევი: ФСБ-მ დააკავა როსგვარდიის მეთაურის მოადგილე

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, „Bellingcat-ის“ აღმასრულებელი დირექტორის, ხრისტო გროზევის განცხადებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB-მ) დააკავა რუსეთის ეროვნული გვარდიის, „როსგვარდიის“ მეთაურის მოადგილე, გენერალი რომან გავრილოვი.

ინფორმაციას უარყოფს დუმის დეპუტატი სამთავრობო პარტიიდან „ერთიანი რუსეთი“ ალექსანდრე ხინშტეინი, რომელიც აცხადებს, რომ თავად ესაუბრა გენერალს და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გროზევის განცხადებით, გავრილოვი მანამდე მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურში.

გროზევი წერს, რომ ამ ინფორმაციას 3 სხვადასხვა წყარო ადასტურებს. მისი თქმით, “როსგვარდიას” უკრაინის ომში უზარმაზარი დანააკრგები აქვს.

რუსულ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია გავრილოვის დაკავების ფაქტი.

გროზევის თანახმად, ერთ-ერთის წყაროს ინფორმაციით, გავრილოვი „ინფორმაციის გაჟონვის გამო დააკავეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა“.

მანამდე რუსმა ჟურნალისტმა, ანდრეი სოლდატოვმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი- მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა და მისი მოადგილე, ანატოლი ბოლუხი.

ხრისტო გროზევის თანახმად, ბესედა იყო ადამიანი, რომელიც უკრაინაში სადაზვერვო საქმიანობაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო ბოლუხი – დეზინფორმაციის კამპანიაზე. გროზევი ვარაუდობს, რომ სწორედ ბესედა შეიყვანდა შეცდომაში პუტინს, რომ უკრაინის მოსახლეობა “განმათავისუფლებლებს” სიხარულით ელოდა, რაც ასე არ აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი