საზოგადოება

საზოგადოება თქვენზე შეგნებული და მამაცია – პრეზიდენტი პარლამენტს

14 მარტი, 2022 • 16767
საზოგადოება თქვენზე შეგნებული და მამაცია – პრეზიდენტი პარლამენტს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა. მან გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ დღეს  საზოგადოება პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია.

„არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს ამ გზაგასაყარზე, კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც მთავარია, ერთიანი.

დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ, არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  დღეს მოქალაქეებმა უკრაინის მიმართ გამოავლინეს უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა – „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი,“.

პრეზიდენტი დასძენს, რომ დღეს ყველასთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გარდამტეხი მოვლენაა, რადგან გამოწვევებთან და ომებთან ერთად, ასეთ მომენტებს შესაძლებლობებიც მოაქვს.

„ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს, რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ, მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით – ეს დრო აღარ დაბრუნდება!“ .


უკვე მე-19 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა – მარიუპოლია. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი