საზოგადოება

რას ნიშნავს ცის ჩაკეტვა, რასაც უკრაინა NATO-სგან ითხოვს

7 მარტი, 2022 • 34242
რას ნიშნავს ცის ჩაკეტვა, რასაც უკრაინა NATO-სგან ითხოვს

ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინა, რუსული საჰაერო თავდასხმების პარალელურად, NATO-ს სთხოვს უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტის მიმართვაშიც მოუწოდა ნატოს, „ჩაეკეტა უკრაინული ცა“.

„ვიმეორებთ ყოველდღე – დაკეტეთ უკრაინის ცა! დაკეტეთ ის ყველა უკრაინული რაკეტისთვის, თვითმფრინავისთვის, დაკეტეთ ის ამ ტერორისტებისთვის.

შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო სივრცე, რაკეტებისა და ბომბების გარეშე. ჩვენ ვართ ხალხი და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, რომ დაგვიცვათ, დაიცვათ ხალხი. და ეს თქვენ შეგიძლიათ“, – მიმართა ზელენკსიმ ნატოს.

ამ სტატიაში გაიგებთ, რას ნიშნავს „ცის ჩაკეტვა“ ასევე, სად და როდის გამოიყენეს მსგავსი რამ.

რას ნიშნავს „ცის ჩაკეტვა“?

„ცის ჩაკეტვა“ საჰაერო სივრცის კონტროლსა და მასში სხვა მხარეების შეღწევის გამორიცხვას გულისხმობს.

საჰაერო ცის ჩაკეტვის შემდეგ იქმნება საჰაერო ტერიტორია, სადაც შეღწევა კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეს აკრძალული აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩაკეტილ საჰაერო სივრცეში სხვა მხარის თვითმფრინავი მაინც შეფრინდება, ის უნდა გაანეიტრალონ, ანუ უნდა დააკავონ, ან ჩამოაგდონ, რაც, ბუნებრივია, სამხედრო შეიარაღების გამოყენებას გულისხმობს.

ზოგჯერ საჰაერო სივრცეს სამოქალაქო მიზნებითაც კეტავენ, რათა, მაგალითისთვის, ოლიმპიური თამაშების დროს ტერორისტული შეტევები თავიდან აიცილონ.

ნატოს ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ უკრაინის „ცის ჩაკეტვასა“ და უკრაინაში ძალების გაგზავნას, რადგან ნატო არ არის ომის მონაწილე მხარე და მასში ჩარევამ შესაძლოა, რუსეთთან ომი გამოიწვიოს.

ცის ჩაკეტვის მაგალითები წარსულიდან

წარსულში საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მაგალითად გამოდგება სადამ ჰუსეინის ერაყში ქურთისტანის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა, რა დროსაც, ქურთი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული „ანფალის კამპანიის“ შემდეგ, რომელსაც ქვეყანათა ნაწილი გენოციდად მოიხსენიებს, დასავლურმა სახელმწიფოებმა სადამ ჰუსეინის ძალებს ამ სივრცეში ფრენა აუკრძალეს, რათა თავიდან აეცილებინათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.

ერაყში არასაფრენ ზონად გამოცხადდა ქვეყნის სამხრეთით ის ტერიტორიაც, სადაც ეთნიკურად შიიტი მოსახლეობა ცხოვრობდა, რადგან, დასავლური სახელმწიფოების თანახმად, ირან-ერაყის ომისა და ქუვეითზე თავდასხმის შემდეგ შესაძლებელი იყო, რომ სადამ ჰუსეინს შიიტ მოსახლეობაზე „შური ეძია“.

1993-1995 წლებში, იმ დროს, როდესაც ყოფილ იუგოსლავიურ რესპუბლიკებში ეთნიკური ომები მიმდინარეობდა, გაერომ არასაფრენ ზონად გამოაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინის საჰაერო სივრცე, რათა თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა.

საჰაერო სივრცე რამდენიმეჯერ ჩაკეტეს ნატოს ჯარების მიერ ლიბიაში განხორციელებული ინტერვენციისა და შემდგომში, ლიბიის სამოქალაქო ომის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი