საზოგადოება

ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა

4 მარტი, 2022 • 2066
ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენას მხარი არ დაუჭირა.

როგორც პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსნება 9 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა ბიუროს სხდომაზევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ 9 აპრილი შეთანხმება არ ყოფილა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს უკრაინაში რუსეთის ომის გამო შექმნილი ვითარებისა და მისი ევროპაში გამართული შეხვედრების შემდეგ, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სურს, რომ მისი მოსმენა სწორედ 5 მარტს გაიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგეს 2022 წლის 5 მარტს.

“ქართული ოცნების” წევრებმა პრეზიდენტს პარლამენტში მოსმენა სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე შესთავაზეს.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები.

ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი