საზოგადოება

„პრეზიდენტის მხარდაჭერა გამოიხატება განცხადებებში და არა დროშების გადმოფენაში“ – ზურაბიშვილი

1 მარტი, 2022 •
„პრეზიდენტის მხარდაჭერა გამოიხატება განცხადებებში და არა დროშების გადმოფენაში“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პოსტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში და არა დროშების გადმოფენაში:

„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!“ – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების სია, რომელსაც ასევე მიათვალეს პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის დროშის გადმოფენა და თბილისის ანძის განათება.

საგარეო საქმეთა სამინსიტრომ სამ ნაწილად გაყო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები.

ნაწილი 1

  • საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე;
  • თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ;
  • მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ;
  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას;
  • მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ;
  • გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა ეროვნული განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

ნაწილი 2

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი პოსტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს:

  • პრემიერ-მინისტრმა;
  • საქართველოს პრეზიდენტმა;
  • ვიცე-პრემიერი/საგარეო საქმეთა მინისტრმა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრომ;
  • პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნაწილი 3

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
  • დახმარება საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინელებს;
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურიტებისთვის;
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის დროშის ფერებში;
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები;
  • საქართველოს ფოსტა უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი