საზოგადოება

“არა ომს!” — რუსეთში აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააკავეს

24 თებერვალი, 2022 • 4367
“არა ომს!” — რუსეთში აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააკავეს

რუსეთის ქალაქებში პუტინის ხელისუფლების მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა მოქალაქეთა ნაწილმა აქციებით გააპროტესტა. BBC-ის რუსული ბიუროს თანახმად, ძირითად შემთხვევებში, დემონსტრაციები მრავალრიცხოვანი არ არის, თუმცა ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგში, ასობით დემონსტრანტია დაკავებული.

24 თებერვალს, დღის განმავლობაში ომის წინააღმდეგ პროტესტს არაერთი მოქალაქე ინდივიდუალური(ერთკაციანი) პიკეტების მეშვეობით გამოხატავდა, თუმცა პოლიციას არც ეს ფაქტები გამორჩენია: შუადღისას “ეხო მოსკვიმ” გაავრცელა ვიდეო, რომელიც ერთკაციანი აქციის მონაწილის დაკავებას ასახავს.

საღამოს საათებში მოქალაქეებმა სპონტანურ დემონსტრაციებზე დაიწყეს შეკრება. ონლაინ პლატფორმა OVD Info, რომელიც რუსეთში პოლიციის ქმედებების მონიტორინგს ახორციელებს, იტყობინება, რომ 25 თებერვლის 01:15 საათისთვის(მოსკოვის დროით ) 54 ქალაქში აქციების 1 700-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ პასუხისგებაში, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მისცემდა არასანქცირებული აქციების მონაწილეებსა და მათ ორგანიზატორებს. ხსენებული აქტივობების მონაწილეები მოსკოვის პროკურატურამაც გააფრთხილა.

OVD Info-ს მიხედვით, მხოლოდ მოსკოვში პოლიციამ 900-ზე მეტი ადამიანი დააკავა, პეტერბურგში — 400-ზე მეტი.

ფოტო: David Frenkel

რუსეთის დედაქალაქში, პუშკინის მოედანზე, პოლიცია 24 თებერვალს, დღის განმავლობაში უკვე აკავებდა ადამიანებს, რის შემდეგაც ტერიტორია ბარიკადებით შემოსაზღვრა.

BBC-ის თანახმად, იმავე დღის 19:00 საათისთვის მოსკოვის პუშკინის მოედანსა და ნოვოპუშკინსკაიას სკვერში უკვე 400-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, პეტერბურგში კი ასობით ადამიანი იდგა სოლიდარობის აქციაზე და სკანდირებდა: “არა ომს!”

პეტერბურგში ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციას უთხრა: “მე კი არა, პუტინი დააპატიმრეთ!”

აქციები იყო სხვა არაერთ ქალაქშიც, მათ შორის, ეკატერინბურგში. ქალაქის ადმინისტრაციის წინ გამოსული რამდენიმე ათეული ადამიანი სკანდირებდა “არა ომს!”, “მშვიდობა მსოფლიოს!”, “პუტინ, გამოიყვანე ჯარები”. დემონსტრანტები აქაც დააკავეს.

რუსეთი უკრაინაში დღეს, 24 თებერვალს შეიჭრა სხვადასხვა მხრიდან და დილიდან ბომბავს ქალაქებთან ახლომდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ფოტო გარეკანზე: AP Photo/Dmitry Serebryakov

რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს აკავებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი