რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” ცნობის ფონზე, ოპოზიციის ნაწილი უკრაინისთვის, პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, თანხმდებიან, რომ შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, პირველ რიგში, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა იყოს. მათი აზრით, სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად უნდა გამოირკვეს უკრაინის საჭიროებები და გადაწყდეს, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე უკვე უნდა მუშაობდეს და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ფართო აგრესიას განახორციელებს, საქართველომ უნდა იცოდეს უკრაინის პოზიცია, თუ რით შეძლებს დახმარებას.
„მე არ ვფიქრობ, რომ ამაზე ფიქრი ნაადრევია. მე ეს შეკითხვა ჰუმანიტარულ დერეფანზე დავუსვი ფინანსთა მინისტრს, რომელიც პარლამენტში იყო მოსული – არის თუ არა საქართველოს ბიუჯეტში თანხები და ითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ნაბიჯებს. ვერ მივიღე პასუხი ამასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადი შეფასება უნდა არსებობდეს, ანუ რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს? ეს იქნება უკრაინის მოქალაქეების მიღება, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ბავშვების თუ სხვა სახის დახმარება… ასევე, ზოგადად, საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ რა სჭირდებათ და რა შეიძლება დასჭირდეთ. ეს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ხაზს უსვამს საქართველოს წარმომადგენლების ადგილზე ჩასვლასა და სიტუაციის იქ გაცნობის აუცილებლობას.
„სხვადასხვა ფორმები არსებობს. თუნდაც ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის გარეშე ჩასვლა იქნებოდა ძალიან სერიოზული ნაბიჯი“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტული არა ჰუმანიტარული დახმარების საკითხი, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერის განხილვაა, ისევე, როგორც მჭიდრო კოორდინაცია უკრაინასა და დასავლელ პარტნიორებთან.
„ამ ეტაპზე ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება არ არსებობს. თუმცა, დაწყებული სამხედრო მხარდაჭერით, მაგალითად, დელტას, რომელიც არის სამხედრო სამრეწველო საწარმო, აქვს როგორც დიდგორები, ლაზიკები, ასევე სამედიცინო უზრუნველყოფის შესაბამისი მანქანები – ამის მიწოდება. მე არ ვიცი, რა რესურსი აქვს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ საკითხის განხილვაც შეიძლება მოხდეს. ასევე, დახმარება სამედიცინო კუთხით.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ომის საფრთხე არის, ეს საფრთხე არ არის ახალი და დეკემბრიდან მოყოლებული არსებობს, განხილვა უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში – რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ უკრაინას დახმარების კუთხით, მათ შორის, შესაძლებელია ჰუმანიტარული დახმარების კუთხითაც. ეს არის რესურსები, რომელსაც ფლობს მთავრობა, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება არ არის პრიორიტეტული და პირველი საკითხი. აქ არის აუცილებელი პოლიტიკური მხარდაჭერა“, – ამბობს აქუბარდია.

როგორც აქუბარდია ნეტგაზეთთან ამბობს, პირველი, რასაც ახლა საქართველოს მთავრობის მეთაური უნდა აკეთებდეს, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაა. მისი თქმით, სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში უნდა მომხდარიყო უკრაინის საკითხის განხილვა როგორც უსაფრთხოების მიზნით, ასევე, ერთობლივი კოორდინირებით გადაწყვეტილიყო, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ კრიზისში.
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ნეტგაზეთთან აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერა დახმარების ჟესტია და ასეთ დროს უკრაინელებთან საჯარო კომუნიკაციაა საჭირო, რადგან საჯაროობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
“კომუნიკაცია, სცენარების გათვლა – საიდან, რამდენი, რა ტიპის მოთხოვნილებები შეიძლება იყოს, ამაზე კომუნიკაცია უნდა იყოს და აქედან გამომდინარე მერე ჩვენც მოვემზადოთ ინფრასტრუქტურულად თუ ფინანსურად“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა, დიდი ფინანსური ტვირთის აღების მოლოდინი არავის აქვს. თუმცა აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„სხვათა შორის, კიევში ვიზიტის დროსაც იყო ამაზე საუბარი, რომ ნებისმიერი სახის სიმბოლური ჟესტი, იქნება ეს რაღაც სახის შეიარაღება თუ ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზება, იქნებოდა ძალიან კარგად აღქმული უკრაინაში. ძალიან სასარგებლო იქნებოდა, როგორც პოლიტიკური ჟესტი“, – ამბობს ხოშტარია.

იმის გამო, რომ სახელმწიფოს ხელთ არსებულ რესურსებზე წვდომა არ აქვს, ელენე ხოშტარია ზუსტად ვერ ასახელებს, თუ რა სახის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოს უკრაინისთვის. თუმცა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მხრიდან ერთი პატარა ნაბიჯიც კი ძალიან კარგად იქნებოდა დაფასებული უკრაინის მხრიდან.
„მით უმეტეს, ზელენსკი ახლა საუბრობდა, რომ 2008 წლის შედეგები არ უნდა გაიმეოროს მსოფლიომ, ანუ თავად უკრაინა დღეს ჩვენს ინტერესებს იცავს მსოფლიო ასპარეზზე. ამას დიდი არაფერი რესურსი დასჭირდებოდა, სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა. პირველ რიგში, ამას სჭირდება კომუნიკაცია უკრაინელებთან და საჭიროებების შესწავლა. ჩვენ პირდაპირ უნდა ვკითხოთ, რისი საჭიროებაა ყველაზე მეტად და იქიდან გამომდინარე რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, ის უნდა გავწიოთ.
კომუნიკაცია სჭირდება ამას. ორი დღის ამბავია, რომ ამ პროცესში ჩაერთო. არსებობს ქვეყანაში ფული, რომელიც კრიზისის შემთხვევაში შეგიძლია, რომ გამოიყენო. გასაგებია, რომ ბიუჯეტში არ იქნებოდა ეს გათვალისწინებული, მაგრამ კრიზისული თანხებიდან შეგიძლია ეს აიღო და ეს ვერანაირად იქნება დიდი ფინანსური დატვირთვა“, – ამბობს ხოშტარია და დასძენს, რომ ამისათვის პირველ რიგში მთავრობის ნებაა საჭირო.
„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელიაც ამბობს, რომ უკრაინაში არასდროს ყოფილა საქართველოსგან ფინანსური დახმარების მოლოდინი და საქართველოსგან კიევი ყოველთვის ადეკვატურ პოლიტიკურ რეაქციას მოელოდა, რამაც, მისი თქმით, ძალიან დააგვიანა.
გეგელია მიესალმება, რომ საქართველომ ჰუმანიტარული დახმარება გაიღოს. თუმცა, სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, გრიგოლ გეგელიაც აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინელ პარტნიორებს შორის ყოველდღიური კავშირია, რათა სტრატეგიული კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე იწარმოოს.
„ერთობლივად, ორმხრივ ფორმატში ბილატერალურად უნდა დადგინდეს, თუ რითი შეუძლია საქართველოს კონკრეტულად უკრაინის დახმარება. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია პარტნიორთან სწორი კომუნიკაციის ქონა და მასთან ერთად თანამშრომლობის იმ საერთო გზების გამონახვა, რასაც უნდა ჰქონდეს ადგილი.
ეს არის ძალიან მარტივად… ორ მეგობარს შორის არსებული ურთიერთობა. ისევე, როგორც ცხოვრებაში მეგობარს და შენთვის ძვირფას ადამიანს უჭირს და შენ ცდილობ, რომ გაარკვიო, როგორ შეიძლება დაეხმარო, საერთაშორისო სამართლის და წესების ფარგლებში ასევე საღი აზრით უნდა იქცეოდეს საქართველოს ხელისუფლება“, – ამბობს გეგელია ნეტგაზეთთან.

გეგელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკრაინისთვის გაწვდილი დახმარების ხელი ძალიან ღიად, გამჭვირვალედ და ხმამაღლა დააფიქსიროს.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ნეტგაზეთმა სცადა გაეგო, რას ფიქრობს მმართველი გუნდი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ყოველი შემდგომი ნაბიჯი მოვლენების განვითარების მიხედვით დაიგეგმება, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ჩათვლით
21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.
ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებასთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსკის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.








