საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ამოღების მიზნით ეკრძალებათ მოვალეების მოტყუება, მათთან პოლიციის წარმომადგენლად თავის გასაღება და მოუწევთ „დაიცვან მიმართვის საქმიანი და ზრდილობიანი ფორმა“. წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან.
ეს წესები გაწერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახლად შექმნილ, ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსში. კოდექსის ძირითადი ასპექტები 2022 წლის მარტიდან შედის ძალაში.
2022 წლის 17 თებერვალს, კოდექსის პრეზენტაციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი უჩიოდა საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სხვადასხვა სახის არაეთიკურ პრაქტიკას, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევდა.
„თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს უკავშირდებოდა [საფინანსო ორგანიზაციების] თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტებას და საფინანსო ინსტიტუციების ზოგად მიდგომას არ ასახავდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი განცხადებით, ფინანსური ორგანიზაციები იზიარებენ ეთიკის კოდექსის მიღების მნიშვნელობას და კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის მზად არიან.
ეთიკის კოდექსის ძირითადი მოთხოვნები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანახმად, ასეთია:
- კრედიტის ამოღებისას საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია, დაიცვას მიმართვის საქმიანი და ზრდილობიანი ფორმა;
- მან მოვალეს არ უნდა მიაწოდოს შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაცია, რამაც შეიძლება უბიძგოს მას იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ, რასაც არ მიიღებდა უტყუარი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში;
- ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკრძალება, არასწორად წარუდგინოს თავი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლად ან სხვა ორგანოს წარმომადგენლად;
- კრედიტის ამომღებს ეკრძალება, მოვალეს უთხრას, რომ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა პატიმრობას გამოიწვევს;
- დაუშვებელია მომხმარებელთან ურთიერთობისას მათი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება, ზეწოლა, დაშინება ან რეპუტაციის შემლახავი, უკანონო ქმედებების განხორციელება;
- ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მოვალის ოჯახის წევრების სახლში ვიზიტი ქონების აღწერის ან რეალიზაციის მიზნით, თუკი კანონით [სასამართლოს მიერ] არ აქვს მინიჭებული ეს უფლება;
- ორგანიზაცია ვალდებულია, შექმნას მომხმარებელთან ნებისმიერი არხით კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია და შეინახოს მინიმუმ 2 თვის განმავლობაში, მომხმარებლის თანხმობით;
- კომუნიკაცია უნდა მოხდეს მხოლოდ მომხარებლის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე, დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე შუალედში;
- მესამე პირებთან [ნათესავებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან] დაკავშირება მხოლოდ პირის ადგილმდებარეობის ან დაკავშირების მიზნით შეიძლება მოხდეს, თუმცა ასეთ დროს საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ უნდა გასცეს ინფორმაცია კრედიტთან დაკავშირებით, ან ისეთი ინფორმაცია, რომლითაც იქნება შესაძლებელი კრედიტის იდენტიფიცირება.
- ამასთან, მესამე პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს კომუნიკაციის უპირობოდ შეწყვეტა. და ასეთ დროს ბანკს აღარ აქვს უფლება, დაუკავშირდეს მას.
- მესამე პირებთან [ნათესავებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან] დაკავშირება მხოლოდ პირის ადგილმდებარეობის ან დაკავშირების მიზნით შეიძლება მოხდეს, თუმცა ასეთ დროს საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არ უნდა გასცეს ინფორმაცია კრედიტთან დაკავშირებით, ან ისეთი ინფორმაცია, რომლითაც იქნება შესაძლებელი კრედიტის იდენტიფიცირება.
კობა გვენეტაძის თანახმად, ეთიკის კოდექსით გაწერილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, „გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან სანქციები“.
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას დააზუსტა, რომ კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის თითოეული ფაქტზე წესდება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით:
„ჯარიმების წესები ცალ-ცალკე არსებობს კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. სწორედ ამ წესებში გაიწერება [ჯარიმების ოდენობა კოდექსის დარღვევის შემთხვევაში] და კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, პირველი მარტიდან ეს ჯარიმებიც ამოქმედდება“, – გვითხრა მან.