ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, კიევში ავსტრალიის საელჩოს ევაკუაციის ბრძანება გასცა. ქვეყნის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს დასავლეთის ქვეყნების მზარდი შიშები უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით.
“სიტუაცია უარესდება და ძალიან სახიფათო ეტაპს აღწევს. მინდა, ავსტრალიის სახელით ძალიან მკაფიო მესიჯი გავაგზავნო… რომ რუსეთის ავტოკრატიული, ცალმხრივი ქმედებები, რომლებიც ემუქრება უკრაინას, ყოვლად მიუღებელია”, — ციტირებს მორისონს The Guardian.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარის პაინის თქმით, საელჩოს თანამშრომლები დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, დროებით გახსნილ ოფისში გადავლენ.
11 თებერვალს აშშ-მა განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.
არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნებმა და იაპონიამ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისაკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-მა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ქვეყანა ყოველდღე მზად უნდა იყოს, თუმცა ისაუბრა გადაჭარბებული ოდენობის ინფორმაციაზე ომთან დაკავშირებით და დასძინა, რომ პანიკა უკრაინის მტრების “საუკეთესო მეგობარია”.
უკრაინის საკითხზე 12 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი “მძიმე საფასურზე” გააფრთხილა, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაეკისრება.
მოგვიანებით, პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი მოსკოვშიც შეაფასეს. პუტინის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა, საუბარს “გაწონასწორებული და საქმიანი” უწოდა.
უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები.
რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.
აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.