საზოგადოება

აშშ-მა თავისი საელჩოს თანამშრომლებს უბრძანა, დატოვონ უკრაინა

12 თებერვალი, 2022 • 2253
აშშ-მა თავისი საელჩოს თანამშრომლებს უბრძანა, დატოვონ უკრაინა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა დიდ ნაწილს უბრძანა, დატოვოს უკრაინა. გადაწყვეტილებას ვაშინგტონი რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხით ხსნის. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში დიპლომატიური მისიის “ოპტიმიზაციას” გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული ბრძანება ეხებათ კიევის საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომელთა ადგილზე ყოფნაც განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

დეპარტამენტის თანახმად, საკონსულო მომსახურება 13 თებერვლიდან შეჩერდება, თუმცა აშშ “შეინარჩუნებს მცირე საკონსულო წარმომადგენლობას” დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში “გადაუდებელი შემთხვევების მოსაგვარებლად”.

თავის მხრივ, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა, “ტვიტერზე” დაწერა, რომ კიევში რჩება და განაგრძობს მუშაობას თავის გუნდთან ერთად.

პარალელურად, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-მ 12 თებერვალს, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ.

სააგენტოს წყაროს თქმით, ეს მიუთითებს, რომ “დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე”, “მოსკოვმა გადაწყვიტა, იმავე გზით წავიდეს”.

რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით კი, მოსკოვმა უკრაინაში თავისი დიპლომატიური პერსონალის რაოდენობის “ოპტიმიზაცია” გადაწყვიტა.

უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიევის ან მესამე ქვეყნების “პროვოკაციების” საფრთხის გამო მიიღეს.


11 თებერვალს აშშ-მ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მოახლოვდა დრო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნებისმიერ წამს არის მოსალოდნელი.

ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა უახლოეს 48 საათში უნდა დატოვონ, რადგან საფრთხე გარდაუვალია.

ასეთივე მოწოდებები გაახმიანეს დიდმა ბრიტანეთმა, სამხრეთ კორეამ, ისრაელმა, იაპონიამ, ლატვიამ, ბელგიამ, კანადამ და ნიდერლანდებმა.

უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე  სამხედრო განათავსა, გარდა ამისა, რამდენიმე დღეში იწყება მასშტაბური სამხედრო წვრთნები.

რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას, თუმცა მან გასულ თვეს დასავლეთისგან მკაფიო წითელი ხაზების გავლება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, დასავლეთმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე და აღმოსავლეთით გაფართოებაზე.

აღნიშნულ ულტიმატუმზე რუსეთმა აშშ-სა და ნატოსგან თანხმობა ვერ მიიღო.

გარეკანის ფოტო: Ukrinform/REX/Shutterstock

უკრაინაში რუსეთის შეჭრა ოლიმპიადის დასრულებამდეა მოსალოდნელი — ბლინკენი

მასალების გადაბეჭდვის წესი