საზოგადოება

„ოტენის აფთიაქი“ 120 წლის შემდეგ დაცარიელდა — რა ელის შენობას

2 თებერვალი, 2022 • 4995
„ოტენის აფთიაქი“ 120 წლის შემდეგ დაცარიელდა — რა ელის შენობას

თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული  აფთიაქი, სადაც ბოლოს ფარმაცევტული კომპანია „GPC-ის“ აფთიაქი მუშაობდა, ახლა დაკეტილია. ბოლო მოქირავნე მახლობლად გახსნილ დიდ სავაჭრო ცენტრში გადავიდა.

თბილისის ისტორიის მკვლევართა და სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილი შიშობს, რომ ისტორიულმა აფთიაქმა, შესაძლოა, ფუნქციური დატვირთვა დაკარგოს, თუ მასში რომელიმე სხვა პროფილის დაწესებულება გაიხსნება.

ფართის მეპატრონის, დავით ჯაფარიძის განცხადებით, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა განთავსდება ძველი აფთიაქის ადგილას მომავალში.

„არ ვარ ჩამოყალიბებული, თუ რა იქნება შემდგომში, ასევე, არ ვარ ჩამოყალიბებული, გავაქირავებ თუ არა“, – განუცხადა ოტენის აფთიაქის მეპატრონემ ნეტგაზეთს.

ვინ იყო ფერდინანდ ოტენი

წარმოშობით გერმანელი ფერდინანტ ოტენის სახელს თბილისში ერთ-ერთი პირველი აფთიაქის დაარსება უკავშირდება. იგი საქართველოში რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლის ომის შემდეგ, ყარსიდან ჩამოვიდა, სადაც რუსეთის არმიაში მსახურობდა.

ფერდინანდ ოტენი იყო ფარმაციის მაგისტრი, მოგვიანებით თბილისის ლუთერანული ეკლესიის საბჭოს წევრი, კავკასიის ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე.

ფერდინანდ ოტენის შვილიშვილის, მარია ოტენის თანახმად,  თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ფერდინანდი ქიმიკოსად მუშაობდა კიდევ ერთი თბილისელი გერმანელის, ჰეინრიხ სტუვეს ლაბორატორიაში, რომელიც მოგვიანებით მისი სიმამრი გახდა და რომელთან ერთადაც დაიწყო ფარმაცევტული საქმიანობა.

„თავდაპირველად იჯარით აიღო თბილისის ლაზარეთთან არსებული აფთიაქი, შემდეგ შეისყიდა ცნობილი ექიმის, შაჰ-პარანიანცის აფთიაქი“, – აცხადებს მარია ოტენი ირმა მაყაშვილის საავტორო პროექტში, სახელად „სიცოცხლე“.

ოტენმა იმ შენობის ასაგებად, რომელიც ახლანდელი ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს, 1902 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი. პირველ სართულზე აფთიაქი მოაწყო, ხოლო მისი მრავალშვილიანი ოჯახი მე-3 სართულზე ცხოვრობდა.

„პირველი სართული ეკავა აფთიაქს. ასევე იყო ლაბორატორიები. წამლების უმრავლესობა იქვე მზადდებოდა. იყო ორდონიანი სარდაფი, სადღაც პირველ დონეზე ინახებოდა ყინული. სხვენზე ინახებოდა სხვადასხვა მცენარე აფთიაქის მიზნებისთვის. აფთიაქში მუშაობდა მისი უფროსი ქალიშვილი. თავის დროზე ეს აფთიაქი იყო ქალაქში ძალიან ცნობილი“, – აცხადებს მარია ოტენი.

ფერდინანდ ოტენი ცოლთან, 12 შვილთან და სიძესთან ერთად/ფოტო Facebook-ის ჯგუფში „თბილისური ფოლორცი“ გაავრცელა მარია ოტენმა

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, ოტენის აფთიაქი ჩამოერთვა მის მფლობელს და გადაეცა სახელმწიფოს, ხოლო 1928 წელს ოტენების ოჯახს ჩამოართვეს საცხოვრებელი სახლის დიდი ნაწილიც და უშუალოდ ფერდინანდსა და მის ცოლს მხოლოდ მოსამსახურეების მცირე ოთახი და სამზარეულო დაუტოვეს.

ფერდინანდ ოტენი 1930 წელს გარდაიცვალა. მოგვიანებით, მისი ოჯახის წევრების ნაწილი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მსოფლიო ომის დროს, როგორც გერმანული წარმომავლობის მოქალაქეები, ოჯახის დარჩენილი წევრები შუა აზიასა და რუსეთის აღმოსავლეთში გადაასახლეს. რეპრესირებული ოტენების ოჯახის რეაბილიტაცია 1950-იან წლებში მოხდა.

რატომ უნდა შეინარჩუნოს შენობამ ფუნქცია

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი ისტორია და „ქალაქის იდენტიფიკაციის წერტილებს წარმოადგენენ, მათი თავდაპირველი ფუნქციით შენარჩუნდნენ“.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქი ამ მხრივ ძალიან ღარიბდება და სულ უფრო ცოტა ასეთი ადგილი რჩება.

თავის დროზე იყო ლაღიძის წყლები, იგივე აფთიაქი თავისუფლების მოედანზე, კინოთეატრი რუსთაველი და სხვა. ბევრი ასეთი ადგილი დავკარგეთ უახლოეს წარსულში.

(ოტენის აფთიაქის) არქიტექტურული მხარე, რა თქმა უნდა, ღირებულია, მაგრამ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ შენობის ფუნქცია, რომელიც მას თავიდანვე ჰქონდა.

მას დაარსებიდან დღემდე არ შეუცვლია ფუნქცია და აქ დღემდე განთავსებული იყო აფთიაქი. ყველამ იცის ეს ისტორიული აფთიაქი, თავისი ისტორიული ავეჯით, ის იყო მოხატულიც, თუმცა დღეს აღარაა შენარჩუნებული. არავინ მოელოდა, რომ აქ, შესაძლოა, აფთიაქი აღარ იყოს“, – განაცხადა თამარ ამაშუკელმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ობიექტებს ენიჭებათ არა მხოლოდ არქიტექტურული ღირებულების გამო, არამედ, მათ შორის, ისტორიული ფუნქციური მნიშვნელობის გამოც.

„კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ შენობები. ჩვენ კანონშიც გვიწერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ძეგლს მისი არქიტექტორული, მემორიალური ან ფუნქციური მახასიათებლების გამო.

ოტენის აფთიაქის შემთხვევაში, შენობა მნიშვნელოვანია როგორც არქიტექტურულად, ასევე ფუნქციურად“, – აცხადებს თამარ ამაშუკელი.

აფთიაქის ამჟამინდელი ინტერიერი/ფოტო თამარ ამაშუკელის Facebook-ის ანგარიშიდან

მისი განცხადებით, იმისათვის, რომ შენობებმა არ დაკარგონ თავიანთი ისტორიული ფუნქციები, სახელმწიფომ მეპატრონეებთან ამგვარი ხელშეკრულებები უნდა გააფორმოს.

„მაშინ, როდესაც ეს ობიექტები კერძო საკუთრებაში გადადის ან უკვე არის, სახელმწიფომ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს მეპატრონესთან, სადაც ჩაწერილი იქნება ის ღირებული მახასიათებლები, რომლის ხელყოფაც არ შეუძლია მეპატრონეს, მათ შორის შეიძლება იყოს შენობის ფუნქციაც.

ამ შემთხვევაშიც და სხვა დროსაც, აუცილებელი იყო, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილიყო, რომ მეპატრონეს არ ჰქონდა ფუნქციის შეცვლის უფლება და მას უნდა შეენარჩუნებინა ის.

იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფუნქცია შენარჩუნდეს, რომელიც შესაძლოა, ეკონომიკურად სრულიად არ იყოს რენტაბელური მეპატრონისთვის, სახელმწიფომ გარკვეული სუბსიდირება უნდა უზრუნველყოს და მხარში დაუდგეს ამ მეპატრონეებს, რომ მათ შეინარჩუნონ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მათთვის, შესაძლოა, ეკონომიკურად არამომგებიანი ფუნქციები“, – მიაჩნია ამაშუკელს.

მისივე განცხადებით, ოტენის აფთიაქის ფუნქციის შენარჩუნებაში უნდა ჩაერთონ საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიებიც.

„სახელმწიფოს შეუძლია ბევრი რამის გაკეთება, მათ შორის შენობის გამოსყიდვა და სხვა, მაგრამ საქართველოში ძალიან წარმატებული ბიზნესია სააფთიაქო საქმე. ამ ბიზნესს რომ ჰქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობა ქალაქის მიმართ, მათ ნამდვილად შეუძლიათ გარკვეული ქველმოქმედების გაკეთება, რათა შეინარჩუნონ ეს აფთიაქი ისე, რომ ამ ტერიტორიაზე დარჩეს ეს აფთიაქი. ეს შეიძლება იყოს საქველმოქმედო და არა აუცილებლად მომგებიანი.

არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობა დავაკისროთ მეპატრონეს, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან შენობა ძალიან დაზიანებულია“, – აცხადებს იგი.

შენობას, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ოტენების ოჯახი ცხოვრობდა და მუშაობდა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნეტგაზეთს თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, რომ ლეონიძის 8 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია 2022 წელს არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი