უკრაინაზე თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში, აშშ მინსკს „სწრაფი და გადამწყვეტი“ ზომების მიღებით ემუქრება.
სახელმწიფო დეპარტამენტში არ გამორიცხეს ნატო-ს ჯარების ზრდასაც ბელარუსის მოსაზღვრედ.
„რუსეთის მიერ ბელარუსში ჯარების თავმოყრა ღრმა შეშფოთების მიზეზია. ეს ზრდა [რუსეთის ჯარების] საფრთხეს უქმნის და გარკვეულწილად ძირს უთხრის ბელარუსის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბელარუსი რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის ფაქტორია. ამის მაგალითია ლუკაშენკოს რეჟიმის ორკესტრირებული მიგრანტთა კრიზისი და უდანაშაულო მიგრანტების იარაღად გამოყენება. რუსეთის ფედერაცია გავაფრთხილეთ იმ სასტიკი საფასურის შესახებ, რომელიც დაეკისრება, თუ წინ წაიწევს. ავუხსენით ბელარუსსაც, რომ თუ საშუალებას მისცემს რუსეთს, მისი ტერიტორია გამოიყენოს უკრაინაზე თავდასხმისთვის, სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი გაეცემა შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ბელარუსიდან მოხდება, ან თუ რუსული ჯარები მუდმივად განლაგდებიან ბელარუსის ტერიტორიაზე, ნატო-ს შეუძლია გადახედოს საკუთარი ძალების მდგომარეობას ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებში.
რუსეთს 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული უკრაინასთან საზღვარზე.
ამავდროულად, რუსეთის სამხედრო ნაწილების განუსაზღვრელი რაოდენობის გადასროლა მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის მოსაზღვრე ბელარუსში. ბელარუსში სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის თავმოყრის ოფიციალური მიზეზია სამხედრო წვრთნები „Союзная решимость — 2022“, რომელიც 10-20 თებერვალს უნდა გაიმართოს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარები, საჰაერო-კოსმოსური და საჰაერო-სადესანტო ძალები. წვრთნები ჩატარდება დასავლეთ (პოლონეთთან და ლიეტუვასთნ) და სამხრეთ (უკრაინასთან) საზღვრებთან ახლოს.
მატარებლები, რომლებსაც გადაჰქონდა BM-27 220 მმ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები და სხვა მასალები, შენიშნეს მინსკში, გომელში და რეჩიცაში. ეს უკანასკნელი უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრშია.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ შესაქმნელია დაჯგუფება, რომელიც უკრაინასთან საზღვარს დაფარავს.
„უკრაინასთან ურთიერთობები, სამწუხაროდ, მარტივი არ არის. ჩვენ სწრაფად უნდა შევქმნათ შესაბამისი დაჯგუფება უკრაინასთან 1500-კილომეტრიანი საზღვრის დასაფარად. მე იძულებული ვარ, ეს გავაკეთო იმიტომ, რომ უკრაინის საზღვარზე უკეთესი მდგომარეობა არ გვაქვს, ვიდრე პოლონეთის საზღვარზე“, — განაცხადა ლუკაშენკომ და ამ კონტექსტში დაასახელა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე კონტრაბანდული იარაღის გადატანის მცდელობები.
ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსეთთან ერთობლივი წვრთნებით ბელარუსი ვითარების გამწვავებას არ ცდილობს, არამედ მზაობის და შესაძლო საფრთხეებზე რეაგირებისა შემოწმებისკენ ისწრაფვის.
„რუსული ძალების განლაგება ბელარუსში ქმნის ახალ პოტენციურ ფრონტის ხაზს, რაც შეშფოთების საფუძველია უკრაინის არმიის დამგეგმავებისთვის. ამ ტერიტორიის გაძლიერება უკრაინისთვის ნიშნავს ჯარების შეთხელებას სხვაგან, კერძოდ, დონბასის მოპირდაპირედ. უკრაინას არ აქვს საკმარისი რესურსი, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევთ“, — თქვა კონრად მუზიკამ, პოლონეთში დაფუძნებული Rochan-ის საკონსულტაციო კომპანიის დირექტორმა.
ბელარუსიდან რუსული ჯარები ბევრად უფრო ახლოს იქნებიან უკრაინის დედაქალაქ კიევთან. აშშ-ში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, თუ რუსეთი ბელარუსში განათავსებს შორი მოქმედების მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს, ისინი შეძლებენ კიევის მახლობლად სამიზნეებზე დარტყმას უკრაინაში შესვლის გარეშეც.