საზოგადოება

ყაზახეთის რუსული გაკვეთილი

11 იანვარი, 2022 •
ყაზახეთის რუსული გაკვეთილი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, რუსეთის მიერ დომინირებული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“, იგივე „კუხო“ (ОДКБ) ყაზახეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანას 13 იანვარს დაიწყებს.

ყაზახეთში „კუხო“-ს ძალები ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შევიდნენ.

რას ნიშნავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების, მათ შორის რუსული ჯარის ყაზახეთში შესვლა, რა გავლენა ექნება ამას ყაზახეთის შიდა მოვლენებზე, რა სარგებლის მიღება შეძლო ამ მოვლენებით კრემლმა, ან რა შესაძლო გზავნილებს ატარებს ეს ქმედება დანარჩენი მსოფლიოსთვის?

ნეტგაზეთი ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად ქართველ მკვლევრებს ესაუბრა, რომელთა განცხადებით, რუსეთი ამ ქმედებით აჩვენებს, რომ „კუხო“ ქმედითი ორგანიზაციაა, ხოლო პოსტსაბჭოთა რეგიონში ისევ თავადაა მთავარი მოქმედი ძალა.

ОДКБ-ის სამშვიდობო მისია

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყაზახეთში სამშვიდობოების გაგზავნისას, ორგანიზაციამ იხელმძღვანელა წესდების მე-4 მუხლით, რაც „წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საჭირო დახმარება, მათ შორის სამხედრო კუთხითაც“.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ დომინირებულმა ორგანიზაციამ,  საკუთარი მანდატის ფარგლებში, ერთ-ერთი წევრის მიმართვის საფუძველზე სამხედრო ინტერვენციას მიმართა, თუმცა ამჯერად, გარდა ყაზახეთის მთავრობის განცხადებისა, სხვა ტიპის მტკიცებულება არ არსებობს, რომ ქვეყანაზე საგარეო თავდასხმა მოხდა.

ორგანიზაციის თანახმად, უცხოელი სამხედროები არ ჩაერთვებიან ანტიტერორისტულ ოპერაციაში ან დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში. ისინი ყაზახეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეზღუდული დროით არიან მივლენილი.

ОДКБ-ს ქვედანაყოფები ყაზახეთში მიდიან. ფოტო: n. EPA-EFE/RUSSIAN DEFENCE MINISTRY PRESS SERVICE

ყაზახეთში შესვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია პოსტსაბჭოთა 15 რესპუბლიკიდან უკვე 10-ში საკუთარი სამხედრო ძალებითაა წარმოდგენილი.

რუსეთს სამშვიდობო ძალები ჰყავს მოლდოვაში, აზერბაიჯანში და ახლა უკვე ყაზახეთშიც, ასევე აქვს სამხედრო ბაზები სომხეთში, ტაჯიკეთში, ბელარუსსა და ყირგიზეთში. რუსეთი აკონტროლებს უკანონო სამხედრო ბაზებს საქართველოსა და უკრაინაში.

რუსეთმა გაიძლიერა პოზიციები რეგიონსა და საერთაშორისო დონეზე

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები ყაზახეთში ქვეყნის პრეზიდენტმა მიიწვია, ამით რუსეთმა გაიმყარა პოზიციები.

„ფორმალურად, „კუხოს“ მოწვევა იყო ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ფორმალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, განსაკუთრებული რამ არ მომხდარა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის მიერ სამხედრო ინტერვენცია პირველად განხორციელდა.

რეალურ ცხოვრებაში საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის პოზიციები გაძლიერდა ყაზახეთში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რომელიც განთავსდა ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში.

გამოცდილება არ აჩვენებს იმას, რომ რომელიმე დამოუკიდებელ ქვეყანაში შესული რუსული ჯარი, იქიდან მარტივად და სწრაფად გამოდიოდეს. მოლოდინი მაქვს, რომ, სამწუხაროდ, ყაზახეთს ეს გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაუჯდება

რუსული ჯარის ყოფნა-არყოფნა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საგანგებო ვითარებაზე, რომელიც შესაძლოა, გახანგრძლივდეს, და ასევე არაერთ ტექნიკურ თუ სხვა ტიპის მიზეზზე, რომ გახანგრძლივდეს რუსული ძალების დარჩენა“, – აცხადებს იგი.

თინა ხიდაშელი

შეკითხვაზე, თუ რა გზავნილს ატარებს რუსეთის ყაზახეთში შესვლა დანარჩენი მსოფლიოსთვის, ხიდაშელი აცხადებს, რომ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, ეს რუსეთს შედარებით უფრო თამამად აგრძნობინებს თავს.

„თავისთავად, ეს ღონისძიება, რომელიც განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, ისტორიის ამ მომენტისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ დააშანტაჟონ დასავლეთი. მაშინ, როდესაც ყაზახეთში შეიარაღებული ძალების გადასროლა ხდებოდა, დასავლეთს პირობებს უყენებდა რეგიონის ხელახალი გადანაწილებისთვის, რუსეთის გამოჩენა, როგორც მხსნელის, მაშველის, ამხელა ქვეყანაში, როგორიც ყაზახეთია, ბუნებრივია, რომ რუსული დღის წესრიგისთვის იყო უკიდურესად პოზიტიური მოვლენა.

რუსეთმა მოახერხა, რომ გამოჩენილიყო, როგორც მხსნელი. როცა საქართველოსა და უკრაინაში იბრალებდა, რომ თითქოს ვიღაცის მოთხოვნითა და დახმარებისთვის შედიოდა, იქნება ეს საკუთარი მოქალაქეების დაცვა თუ ერების თვითგამორკვევა, ყაზახეთში მას რეალურად გაუგზავნეს მოსაწვევი დასახმარებლად. მას ახლა ცოტა უფრო თამამად შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე იგრძნოს თავი“, — აცხადებს იგი.

თინა ხიდაშელის განცხადებით, მას უფრო დიდი ოპტიმიზმი აქვს, რომ ყაზახეთი რუსული გავლენის სფეროში იმგვარი ფორმით არ მოხვდება, როგორც ეს საპროტესტო აქციების შემდეგ, ბელორუსის შემთხვევაში მოხდა.

„ძალიან მდიდარი ქვეყანაა ყაზახეთი და მისი მხრიდან ლავირებისა და საკუთარი თავის გადარჩენისთვის შესაძლებლობები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ბელარუსს. ყაზახეთი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვიდრე ბელარუსი, ის მრავალგზის უფრო მეტად სჭირდება რუსეთს, ვიდრე ბელარუსი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი კოზირია ყაზახეთისთვის“, — უთხრა ხიდაშელმა ნეტგაზეთს.

რუსეთი ეხმარება მოკავშირეებს 

„რუსეთმა (ყაზახეთში შესვლით) აჩვენა, რომ „კუხო“ ქმედითი ორგანიზაციაა და შეუძლია მოსკოვის მოკავშირე რეჟიმებს ეფექტურად დაეხმაროს. ასევე აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც კრემლი ინარჩუნებს ცენტრალურ როლს, მიუხედავად იმისა, რომ შუა აზიაში ჩინეთის როლი გაზრდილია“, — მიიჩნევს რონდელის ფონდის რუსეთის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რაზე მიანიშნებს ის, რომ „კუხომ“ არ იმოქმედა, მაგალითად, მისი ერთ-ერთი წევრის, სომხეთის დასახმარებლად 2020 წელს აზერბაიჯანთან ომისას, ხოლო იმოქმედა ყაზახეთის შიდა კრიზისის საპასუხოდ, ბილანიშვილი ეთანხმება აზრს, რომ ეს ორგანიზაცია უშუალოდ რუსეთის ინტერესებსაა მორგებული და შესაბამისად მოქმედებს.

„სომხეთის შემთხვევაში, რუსეთს მხარი უნდა დაეჭირა ხავერდოვანი რევოლუციით მოსული ხელისუფლებისთვის, ყაზახეთში კი პირიქით იყო — მთლად ხავერდოვანი არა, მაგრამ იყო გარკვეული ტიპის გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამისად, ერთი საკითხი ისაა, რომ ხავერდოვანი რევოლუციები მიუღებელია მოსკოვისთვის, მეორე კი, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ჩარევისას რისკი იყო იმისა, რომ რუსეთი უნდა დაპირისპირებოდა აზერბაიჯანს, ირიბად ან პირდაპირ კი, თურქეთსაც.

ორივე, სომხეთისა და ყაზახეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილება რუსეთის მიერ პოლიტიკურად იყო მიღებული“, — აცხადებს ბილანიშვილი.

მისივე შეფასებით, რუსეთი ეხმარება ავტორიტარულ რეჟიმებს. გიორგი ბილანიშვილის თქმით, შეიძლება კრემლი ბოლომდე ბედნიერი არ იყოს, უნდოდეს უფრო ლოიალური ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ამ რეჟიმის გადარჩენა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან არ უნდა გაიმარჯვოს საპროტესტო ტალღამ, რადგან შიშობს, იგივე მოვლენები რუსეთშიც შეიძლება განმეორდეს“.

გიორგი ბილანიშვილი

ყაზახეთის შიდა მოვლენებზე საუბრისას ბილანიშვილი  აცხადებს, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მოქმედებებით აძლიერებს ამჟამინდელი პრეზიდენტის, თოყაევის პოზიციებს, ის მაინც სიფრთხილით ეკიდება ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის კრიტიკას, რადგან თოყაევის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„რუსულ ტოქშოუებსა და მიმოხილვას თუ მოვუსმენთ, ნაზარბაეივისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ კრიტიკა ნაკლებად ან საერთოდ არ გვხვდება. რუსეთი ფრთხილია, რადგან ალბათ არ თვლის, რომ თოყაევი ლუკაშენკოს მსგავსად ძლიერია. ბელარუსისგან განსხვავებით, ყაზახეთში მმართველი ელიტა გაიხლიჩა. რა თქმა უნდა, თოყაევი იმტკიცებს პოზიციებს რუსეთის მხარდაჭერით, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა“, — განაცხადა ბილანიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გავლენები ყაზახეთზე გაიზრდება, ამის ინდიკატორი რუსული სამხედრო ბაზები და ბუნებრივ რესურსებზე რუსული კომპანიების მიერ კონტროლის მოპოვება იქნება.

„ყაზახეთი არის ყველა ინტეგრაციული პროექტის მონაწილე და ინიციატორი რუსეთთან ერთად. თუ რომელიმე ქვეყანა რჩებოდა რუსეთის მოკავშირედ, ეს ბელარუსი და ყაზახეთი იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვარაუდი, რომ უფრო პრორუსული პოლიტიკა შეიძლება გაატაროს, ამის შესაძლო ინდიკატორი შეიძლება იყოს ორი რამ: ერთი ის, რომ თუ რუსები მიიღებენ სამხედრო ბაზის ქონის უფლებას, მეორე კი ის, თუ რუსეთი გახდება ყაზახეთის რესურსების განმკარგველი დასავლელი ინვესტორების ნაცვლად

თუ ეს ორი ინდიკატორი ამუშავდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი იმტკიცებს პოზიციებს ყაზახეთში“, — განაცხადა ბილანიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.


მასალების გადაბეჭდვის წესი