ზამთარში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში, ხოლო შობა-ახალი წლის დღეებში კიდევ უფრო მეტად იზრდება, ძირითადად, (თუმცა არა ექსკლუზიურად) გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების გამო — ასეთია ნორვეგიული კვლევის დასკვნა, რომელიც 35 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება.
შედეგები ეყრდნობა ტრონდელაგის ჯანდაცვის (HUNT) კვლევის მონაცემებს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამედიცინო გამოკვლევა, რაც ოდესმე ჩატარებულა და რომლის ფარგლებშიც შექმნილია ასობით ათასი ადამიანის, 1984 წლიდან შეგროვებული კითხვარის, კლინიკური მაჩვენებლებისა და ლაბორატორიული ნიმუშების უნიკალური მონაცემთა ბაზა.
საშობაო პერიოდში ჭარბი გარდაცვალების ფენომენის შესასწავლად ნორვეგიელი მეცნიერებმა 79 626 ადამიანის სამედიცინო პროფილი შეისწავლეს, რომელთაგან 40 431 ცოცხალია, ხოლო 39 195 გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი, საშობაო არდადეგების ჩათვლით, ასოცირებულია სიკვდილის გაზრდილ რისკთან წელიწადის სხვა დროსთან შედარებით, ძალიან ცოტა პოპულაციური კვლევით არის ეს ფენომენი შესწავლილი. კვლევით დადგინდა, რომ სეზონური სიკვდილიანობის გარდა, რომელიც ხასიათდება ჭარბი სიკვდილით ზამთარში, ცენტრალურ ნორვეგიაში წელიწადის ყველაზე „მომაკვდინებელი დრო” საშობაო არდადეგებს (22 დეკემბრიდან 11 იანვრამდე) ემთხვევა.
როგორც კვლევაში ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სიკვდილიანობის სტანდარტულ მაჩვენებლად ითვლება რისკ ჯგუფში მყოფი 1000 ადამიანის გარდაცვალება წელიწადში, ეს რიცხვი მთელი წლის განმავლობაში თანაბრად იშვიათად ნაწილდება. როგორც წესი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო (CVD) უფრო მეტი ადამიანი კვდება ზამთარში ზაფხულთან შედარებით. გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის სეზონური ცვალებადობა, ავტორების აზრით, არ აიხსნება უბრალოდ გარემოს პროვოკაციული ზემოქმედებით, როგორიცაა ცივი ტემპერატურა, დღის სინათლის შემცირება, ინფექციები ან გაზრდილი დაბინძურება, არამედ როგორც ჩანს, ასახავს უფრო რთულ ურთიერთკავშირს გარემოსა და ინდივიდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მის ქცევებს შორის.
„შობის დღესასწაულზე ადამიანები მთელს მსოფლიოში ეწევიან პოტენციურად სტრესულ სოციალურ ინტერაქციას და მაპროვოცირებელ ქცევას, რომელსაც ჩვეულებრივ არ გამოავლენენ. მათთვის, ვინც უკვე იმყოფება გარდაცვალების სეზონური შაბლონური რისკის ქვეშ (მაგ., სადაც შობა ემთხვევა ზამთარს), ეს ფაქტორები შეიძლება, დამატებითი მოკლევადიანი გართულებების მიზეზი გახდეს”, — ვკითხულობთ კვლევაში.
35-წლიანი კვლევის პერიოდში მამაკაცებსა და ქალებში სიკვდილის სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (CVD) (8 355 გარდაცვალება (43.6%) მამაკაცებში და 7969 (43.0%) — ქალებში), კიბო (5051 (26.4%) კაცი და 4150 (22.4%) ქალი) და რესპირატორული დაავადებები (1599 (8.3%) და 1606 (8.7%) სიკვდილი). გარდაცვალების სხვა მიზეზები მოიცავდა ენდოკრინულ აშლილობებს, ფსიქიკურ აშლილობებს და გარე ფაქტორებს, მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევებს და ძალადობას. ყველა სხვა მიზეზით სიკვდილთან შედარებით, მნიშვნელოვანი სეზონური რყევები დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ სისტემებთან დაკავშირებულ სიკვდილის შემთხვევებში.
საერთო ჯამში, 35-წლიან პერიოდში ზამთარში 1 707-ით მეტი სიკვდილი დაფიქსირდა (10 790), ვიდრე ზაფხულში (9 083). განსხვავება გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებით სიკვდილიანობას შორის ზამთარში ზაფხულთან შედარებით 59% შეადგინა (1010 შემთხვევა). კორექტირებული მონაცემებით, ყოველ ზამთარს საშუალოდ 44 მეტი სიკვდილი ფიქსირდებოდა ზაფხულის 3 თვესთან შედარებით. ზამთარში დაღუპულთა ჭარბი სიკვდილიანობის მთავარი ხელშემწყობი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (21.95%), რესპირატორული დაავადებები (13.95%) და სხვა სხვადასხვაგვარი პირობები (14.95%). მაშინ, როცა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ბევრად სტაბილური სეზონური მაჩვენებლით ხასიათდებოდა (ზამთარსა და ზაფხულს შორის სხვაობა მხოლოდ 10 გარდაცვალება).
სეზონის მიუხედავად, აკუმულაციური 3-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მუდმივად მერყევობდა 90-დან 110 შემთხვევამდე, გარდა სიკვდილიანობის აშკარა ზრდისა, რომელიც დაიწყო 22 დეკემბერს. კვლევის თანახმად, შობის შემდგომი 3-დღიანი პერიოდი (25-27 დეკემბერს) იყო წლის ყველაზე მომაკვდინებელი (439 გარდაცვალება ყველა მიზეზით). ეს არ იყო შემთხვევითი ფენომენი და დიდწილად გულ-სისხლძარღვთა სისტემას უკავშირდებოდა. კორექტირებული მონაცემებით, მთელი 35-წლიანი კვლევის პერიოდის განმავლობაში, ამ კონკრეტულ 3-დღიან პერიოდში საშუალოდ 138 სიკვდილიდან 105 სიკვდილი დღეში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდებოდა. ეს ამაღლებული სიკვდილიანობა შენარჩუნდა იანვრის დასაწყისამდე. 22 დეკემბრიდან 21 დღის განმავლობაში, დაფიქსირდა 2 679 გარდაცვალება მაშინ, როცა წინა 21 დღის განმავლობაში 2 351 სიკვდილი აღრიცხეს. სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი 21-დღიანი მაჩვენებელი მაისში ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, არსებობს ჰიპოთეზა, რომ შობის დღესასწაული ზოგიერთი ინდივიდისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს. 1973-2001 წლებში შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის საერთო მონაცემების შესწავლამ გამოავლინა „დღესასწაულის ეფექტი“ შობის დროს, 5%-იან ჭარბი სიკვდილიანობით. შვედეთის ნაციონალური კორონარული განყოფილების რეესტრმა გამოავლინა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (AMI) შემთხვევების 15%-იანი ზრდა საშობაო არდადეგების დროს. კვლევა მიუთითებს, რომ არსებობს საპირისპირო მტკიცებულებაც სამხრეთ ნახევარსფეროდან, თუმცა ევროპის მსგავს რეგიონებში შობა-ახალი წლის არდადეგებზე სიკვდილიანობის გაზრდილი რისკია.
რაც შეეხება გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზებს, კვლევაში ნათქვამია, რომ ამის მრავალი ფაქტორი არსებობს. არსებობს მტკიცებულება არტერიული წნევის, გულისცემის, სხეულის წონის, მთლიანი ქოლესტერინის დონის და საერთო კარდიოვასკულური დაავადების რისკის მატების შესახებ ზამთარში. ფიზიკურ აქტივობაში სეზონური ცვალებადობა შესაძლოა, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობისთვის. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც კვლევა ამახვილებს ყურადღებას, ის არის, რომ როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ცენტრალურ ნორვეგიაშიც საშობაო არდადეგების პერიოდში ცხოვრება ხასიათდება სადღესასწაულო ღონისძიებებით, სახლიდან/ცენტრალური სერვისებიდან შორს მოგზაურობით და ჯანმრთელობის სერვისების შემცირებით. ეს ჩვეულებრივ იწყება დეკემბრის დასაწყისში და პიკს აღწევს 23-დან 31 დეკემბრის კვირაში. დამატებითი რისკია მაღალცხიმიანი საკვები, რომელსაც ჩვეულებრივ მოიხმარენ საშობაო პერიოდში, შედეგად ენდოთელიუმის ფუნქცია არსებითად მცირდება. ასევე, არ შეიძლება იგნორირებული იყოს გაზრდილი ემოციური სტრესის პოტენციური ნეგატიური გავლენა.
კვლევის თანახმად, ამჟამინდელი COVID-19 პანდემიას, როგორც უშუალოდ ინფექციის შემდგომი კარდიო-ფილტვის უკმარისობის მეშვეობით, ასევე ირიბად ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე მისი ნეგატიური ზეგავლენის და ფიზიკური აქტივობის შემცირების გამო, აქვს შემდგომი პოტენციალი, გააძლიეროს საშობაო სიკვდილიანობა.