საზოგადოება

„სინოვაკის“ ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ არასაკმარისია – კვლევა

16 დეკემბერი, 2021 • 7866
„სინოვაკის“ ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ არასაკმარისია – კვლევა

„სინოვაკის“ ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრეპარატია მსოფლიოში, კორონავირუსის ომიკრონი შტამის წინააღმდეგ არასაკმარისი ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ჰონგ-კონგელ მკვლევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის მიხედვით, რომელიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტმა ჩაატარა, კორონავირუსის ახალმა შტამმა ჩინური წარმოების ვაქცინები კიდევ უფრო არაეფექტური გახადა კორონავირუსის წინააღმდეგ. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნიკოლას ტომასის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ მოსახლეობის ხელახლა მობილიზება უნდა შეძლოს ვაქცინაციის მორიგი რაუნდისთვის.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 25 ადამიანის ნიმუშები, რომლებსაც „სინოვაკის“ ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. გამოცემის ცნობით, ინაქტივირებულ ვაქცინებს, განსხვავებით RNM ვაქცინებისა (Pfizer/BioNTech, Moderna), ახალი შტამის ნეიტრალიზებისთვის საჭირო ანტისხეულების გამომუშავება არ შეუძლია.

მათ ნიმუშებში კი, ვინც BioNTech/Pfizer-ის ვაქცინით იყო აცრილი, ომიკრონის მანეიტრალიზებელი ანტისხეულები აღმოჩნდა, თუმცა ექსპერტების თქმით, მისი ეფექტიანობაც ახალი ვარიანტის წინააღმდეგ არ არის მაღალი (20-24%-ია), ამიტომ მეცნიერები მოქალაქეებს ომიკრონისაგან თავის დასაცავად მე-3 დოზით აცრისაკენ მოუწოდებენ.

აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვირუსის ნეიტრალიზებისთვის საჭირო ანტისხეულების ოდენობა გულისხმობს იმგვარ დაცვას, რომ პაციენტს სიმპტომური ინფექცია არ განუვითარდეს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ორივე დოზით არიან აცრილნი, დაავადების მძიმე ფორმით განვითარებისგან გარკვეულწილად დაცულები იქნებიან, რადგანაც აღნიშნული უფრო მეტად T და B უჯრედებზეა დამოკიდებული, ვიდრე ანტისხეულებზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას Pfizer-მა ომიკრონის შტამთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა, ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ომიკრონ შტამსაც უმკლავდება.

Financial Times აღნიშნავს, რომ არაერთი ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ვაქცინების მხოლოდ ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ არასაკმარისია. ოქსფორდისა და ინსბრუკის უნივერსიტეტების კვლევით, ბევრი ვაქცინის ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ არაეფექტურია. მათ შორის, საკმარისი ანტისხეულები ომიკრონის წინააღმდეგ ვერც AstraZeneca-ს ორი დოზის შემდეგ გამომუშავდება.

ჰონგ კონგის მთავრობის მრჩეველი პანდემიის საკითხებში, დეივიდ ჰუი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ომიკრონთან დაკავშირებული კიდევ ერთი კვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, რამდენად ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს „სინოვაკის“ სამჯერადი ინექცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი