საზოგადოება

რა წერია EaP-ის 15 დეკემბრის სამიტის დეკლარაციის პროექტში

7 დეკემბერი, 2021 • 1420
რა წერია EaP-ის 15 დეკემბრის სამიტის დეკლარაციის პროექტში

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 15 დეკემბერს  ბრიუსელში გაიმართება, ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. “ნეტგაზეთი” გაეცნო დეკლარაციის პროექტს, რომლის ძირითადი ტექსტი 19 პუნქტისგან შედგება და გთავაზობთ დოკუმენტის შინაარსს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების შევიდეს სამიტის ბოლომდე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრინციპული ცვლილებები განხორციელდეს.


სამიტის დეკლარაციის პროექტი ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმართ. ტექსტში აქცენტირებული არ არის ასოცირებული ტრიოს ფორმატი, თუმცა, მრავალფეროვნების და დიფერენციაციის პრინციპებიდან გამომდინარე, ევროკავშირი დადებითად ეხმაურება სამი ასოცირებული პარტნიორის (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების მისწრაფებას. ასევე, აცხადებს, რომ ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები გამოიკვლევენ სექტორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მათ შორის (და არა ლიმიტირებულად) მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის და დაკავშირებადობის მიმართულებით. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს მრავალფეროვნების პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც კარს ღიად ტოვებს ყველა დაინტერესებული პარტნიორისთვის.

ბრიუსელის სამიტის ტექსტი, ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნების ევროპული მისწრაფებებთან დაკავშირებით იმეორებს წინა დოკუმენტების ფორმულირებას და კვლავ არ ითვალისწინებს მათთვის ე.წ. ევროპული პერსპექტივას (წევრობის დაპირება) მინიჭებას.

„ვაცნობიერებთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებში არის განსაზღვრული. შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას“, — ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

„ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, უმცირესობების უფლებების ჩათვლით, მრავალფეროვანი საზოგადოებების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი სრული პატივისცემა ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედი და ყველა პრიორიტეტულ სფეროში თანამშრომლობის საძირკველია. ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას მისი პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკედებლობის და სუვერენიტეტის მიმართ“, — ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

დოკუმენტში ხაზგასმულია ამბიციური რეფორმების გატარების მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების მიერ და ეს დასახელებულია ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებელ წინაპირობად.

“ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე განსაზღვრულია შესაბამისი შეთანხმებებით და ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორობის ამბიციებისა და საჭიროებების მიხედვით, ასევე, რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით დღის წესრიგის ფორმირებას. ევროკავშირის პირობითობა და სტიმულზე დაფუძნებული მიდგომა (მეტი — მეტისთვის, ნაკლები — ნაკლებისთვის) გაგრძელდება, რათა მეტი სარგებელი მიიღონ პარტნიორებმა, რომლებიც უფრო მეტად ახორციელებენ რეფორმებს… ვადასტურებთ ნებისმიერი პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ამბიციის დონე და მიზანი, რომელსაც ესწრაფვიან ევროკავშირთან ურთიერთობებში. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კონსტრუქციული პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მოწოდებულია მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის სამეზობლოში. აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩება ინკლუზიური და მოქნილი, რაც დაეხმარება საერთო რეგიონული და გლობალური პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას. ამ მხრივ ხაზს ვუსვამთ ჩვენს განსაკუთრებულ მიზანს, ხელი შევუწყოთ რეგიონული თანამშრომლობას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში”, — ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

დოკუმენტში ხაზგასმულია რეფორმების მონიტორინგის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სექტორული რეფორმა, ეკონომიკურ დანაშაულთან, კორუფციასთან და გაყალბებასთან ბრძოლა, ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრირება მთავრობის ყველა საფეხურზე, ორგანიზებულ დანაშაულთან დაპირისპირება და უსაფრთხოების გაძლიერება საკვანძოა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციისთვის.

“ევროკავშირი მხარს დაუჭერს პირობითობას და სტიმულზე დამყარებულ მიდგომას. ეს გავლენას იქონიებს სტრუქტურულ რეფორმებზე, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული მიმართულებებით”, — ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

დეკლარაციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება ძალადობის ფაქტებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევების გამო რეგიონის ბევრ ნაწილში და მხარს უჭერს განახლებულ ძალისხმევას გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.

ბრიუსელში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს ბელარუსი, რომელმაც ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების საპასუხოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა. დეკლარაციის პროექტში გამოთქმულია: ა) მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო და ბ) მზაობა თანამშრომლობის გაგრძელებისა, როგორც კი შეიქმნება მშვიდობიანი დემოკრატიული ტრანზიციის პირობები. ამასთან, ევროკავშირი აგრძელებს ბელარუსის მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რისთვისაც 3 მილიარდ ევროს გამოყოფს.

დოკუმენტი ხაზს უსვამს სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციასთან, მათ შორის, ანტივაქსერულ პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობას. ასევე, მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებების გაძლიერებას.

ევროკავშირი მზადაა, განავითაროს აღმოსავლეთ პარტნიორობა ახალი დღის წესრიგით 2020 წლის შემდეგ და მიმდინარე წლის ივლისში დამტკიცებული პერსონალის ერთობლივი სამუშაო დოკუმენტის: აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები მიხედვით. დოკუმენტი ორ პრინციპს ეყრდნობა: ინვესტიციები – რომელსაც მხარს დაუჭერს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტების, შერეული რესურსების და გარანტიების სახით. EU-ს გათვლით, ამ გეგმას აქვს 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალი. გეგმა შეიცავს საფლაგმანო ინიციატივების ნაკრებს თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის და მმართველობის პრინციპს, რომელიც უნდა იყოს მდგრადი ინვესტიციების საფუძველი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტი 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 15 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართება.

ამ თემაზე გირჩევთ

რას (არ) ველით ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი