საზოგადოება

რას (არ) ველით ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან?

7 დეკემბერი, 2021 • 1841
რას (არ) ველით ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან?

4-წლიანი პაუზის შემდეგ, 15 დეკემბერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტი გაიმართება. რას უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტისგან? ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საქართველოს არ უნდა ელოდოს სამიტზე ე.წ. ევროპული პერსპექტივის, ანუ გაწევრიანების დაპირების მიღებას ან ასოცირებული ტრიოს, როგორც ინტეგრაციის ცალკე ფორმატის მხარდაჭერას.

“ევროპული პერსპექტივა”

ამ დრომდე ევროპული პერსპექტივის კონტექსტში საქართველოსთვის ყველაზე კარგი ჩანაწერი გაკეთებულია ევროპარლამენტის 2014 წლის რეზოლუციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შემთხვევაში.

თუმცა მსგავს ჩანაწერს არ ვხვდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციებში. EaP-ის ბოლო, 2017 წლის სამიტის დეკლარაცია აცნობიერებს მხოლოდ “ასოცირების შეთანხმებებში განსაზღვრულ პარტნიორთა ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს”.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია, დიდი ალბათობით, გაიმეორებს წინა დოკუმენტების ფორმულირებას ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ჩანაწერს, რომ “ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას და სამიტის მონაწილეები მიესალმებიან მათი განხორციელების საქმეში ევროკავშირის მხარდაჭერას”.

“ყველაზე დიდი მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან ყოველთვის არის, რომ სამ ასოცირებულ სახელმწიფოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ ეს ასე მოხდება”, — ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

მისი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის დაინტერესება სამი ქვეყნის — საქართველო, უკრაინა, მოლდოვა — თანამშრომლობის გაღრმავებით; ასევე, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს.

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა აკობია ყურადღებას ამახვილებს იმ მოცემულობაზე, რომელიც წინ უძღვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საკვანძო ქვეყნები მხარს არ უჭერენ გაფართოების ნაჩქარევ ნაბიჯებს, ხოლო თავად საქართველო “ცუდად ასრულებს” დავალებებს, მარტო რიტორიკა დაწინაურებისთვის საკმარისი არ არის.

“ბოლო თვეებში გამოვედით მიშელის დოკუმენტიდან, უარი ვთქვით ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე ძალიან თვალსაჩინო მოტივით — ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იყო მზად, მართლმსაჯულების რეფორმა იმ ჩარჩოებში გაეტარებინა, რა ჩარჩოებშიც ევროკავშირი ითხოვდა. წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ 2024 წელს ვაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ვითხოვთ იმ მკაცრ პირობითობას, რომელიც გაწევრიანებისთვის 4 000-ზე მეტი დირექტივის შესრულებას მოითხოვს, და მეორე მხრივ, იმ 450 დირექტივის შესრულებაშიც მოვიკოჭლებთ, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიც ვერ წარდგნენ ძლიერად სამიტისთვის — სახეზეა ბელარუსის კრიზისი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი… ევროკავშირის ინსტიტუციური მექანიზმი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, რომ ამ სამიტზე გარღვევა იყოს ასოცირებული ტრიოსთვის ევროპული პერსპექტივის დაფიქსირების ან ტრიოს ფორმატის ცალკე აქცენტირების თვალსაზრისით”, — მიიჩნევს ეკა აკობია.

მეტი პირობითობა

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ განსხვავებით წინა დეკლარაციებისგან, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება პირობითობაზე.

“ამ სამიტზე არ იქნება ცალკეულ ქვეყნებთან დაკავშირებული კონკრეტული ჩანაწერები, საუბარი იქნება ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. გამონაკლისი შეიძლება იყოს ბელარუსი. [ბელარუსი არ დაესწრება ბრიუსელის სამიტს. 2021 წლის 28 ივნისს, EU-ს სანქციების საპასუხოდ, ბელარუსმა განაცხადა, რომ აჩერებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობას – ავტ.] ასევე, არასწორი იქნება, თუ ვინმე შეეცდება პროპაგანდას, რომ საქართველოზე ცუდი არაფერი უთქვამთ იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად არის. განსხვავებით წინა დეკლარაციებისგან, ამ დეკლარაციაში ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო იქნება აქცენტირებული და გაზრდილი პირობითობა — ანუ რეფორმების განხორციელება და წინაპირობები იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მიიღონ მომდევნო ფინანსური დახმარება”, — ამბობს კაპანაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

კონკრეტულ პირობები და თემები, რომლებიც, კაპანაძის ვარაუდით, განიხილება, იქნება კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეფექტური საჯარო მმართველობა.

“ეს თემები არის რეგიონში პრობლემატური და მათ შორის ჩვენ გამოც, არ გამიკვირდება, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლო იყოს ერთ-ერთი პირველი ჩამონათვალში, როგორც წინაპირობა ევროკავშირისგან ბენეფიტების [სარგებლის] მიღებისა”, — ამბობს იგი.

ნაკლები ენთუზიაზმი ტრიოსადმი

მიმდინარე წლის მაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა), რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით შეთანხმდნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – “ასოცირებული ტრიოს” — დაფუძნების თაობაზე.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნები იმედოვნებენ, რომ “მეტი — მეტისთვის” მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სტიმულზე დამყარებულ მიდგომას “მეტი — მეტისთვის”, რაც გულისხმობს მხარდაჭერის გადანაწილებას დამსახურებების მიხედვით — მეტ მხარდაჭერას იმ ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მეტს აკეთებენ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით რეფორმების განხორციელების კუთხით. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხარს არ უჭერენ დიფერენციაციის ისეთ დონეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით ერთგვარი დიფერენციაციის და ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნების ტრიოს ფორმატის იდეაზე საუბარი პირველად 3 წლის წინ დაიწყო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებების მიერ ამ სამ ქვეყანაში. ამ ყველაფრის აზრი არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი მოწინავე ქვეყანა არ გახდეს მძევალი მეორე სამი ქვეყნის (ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი), რომელსაც არ აქვს ინტერესი ან არ შეუძლია ევროკავშირთან მეტად განავითაროს ურთიერთობა. ტრიოს იდეას მხარს უჭერდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებში. აღმასრულებელ შტოს რაც შეეხება, ივლისში სამი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებული იქნა პეტრას ციხის დეკლარაცია. იდეას გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა ევროპარლამენტის დონეზე, განსაკუთრებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მხრიდან. მაგრამ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს რაც შეეხება, დიდი მხარდაჭერა არ აქვს ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის გამო —ამბობს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.

ჩხიკვაძის თქმით, ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ქვეყნები მიესალმებიან, მაგრამ დასავლურევროპული ქვეყნები დიდად აღფრთოვანებულნი არ არიან ტრიოს ინიციატივით.

“მათი აზრია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. ასოცირებულ ტრიოს უყურებენ, როგორც სამი ქვეყნის ერთგვარ მცდელობას, აღმოსავლეთ პარტნიორობა დაინგრეს — ამის ეშინიათ ყველაზე მეტად. ამიტომ გვჭირდება ისინი დავარწმუნოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი დარჩება ისე, როგორც არის, მაგრამ ტრიოს უნდა მიეცეს ევროკავშირთან დაახლოების უფრო მეტი შესაძლებლობა”, — ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ამავდროულად, ჩხიკვაძე ყურადღებას ამახვილებს თავად ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის არცთუ საუკეთესო თანამშრომლობაზე — სავაჭრო ბრუნვა მწირია, მოლდოვას არ აქვს საელჩო საქართველოში, ხოლო საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს “მიხეილ სააკაშვილის აჩრდილი” გასდევს.

ასოცირებული ტრიოს სავაჭრო ურთიერთობები. წყარო: ვანო ჩხიკვაძე, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

“ეგ არის ჩვენი სურვილი, რომ ტრიო ცალკე იყოს გამოყოფილი, ოღონდ რამდენად მოხდება, არ ვიცი. ამ ეტაპზე ევროკავშირი მკვეთრ დიფერენცირებას არ ახდენს. ზოგადად ახდენს დიფერენცირებას პროგრესის მიხედვით და ამას, ალბათ, ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაშიც გააკეთებს, მაგრამ ტრიოს გამოყოფა ცალკე, როგორც ინტეგრაციის ახალი ფორმატის, დიდი ალბათობით, არ მოხდება”, — ამბობს სერგი კაპანაძე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის, სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა Eap-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა.

15 დეკემბრის მინისტერიალზე ქართველმა ჟურნალისტებმა ბორელს ჰკითხეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით ასოცირებული ტრიოს ჩამოყალიბებისა და სამი ქვეყნის მიზნის შესახებ, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

“ჩვენ ყველა მათგანთან ერთად ვაპირებთ დისკუსიას”, — უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ფინანსური დახმარება

ანალიტიკოსების აზრით, ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აქცენტი გაკეთდება დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე, ეკონომიკის წახალისებაზე, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლზე და სხვა.

“ევროკავშირის მრავალმილიარდიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმიდან საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს, კომუნიკაციებს, მცირე ბიზნესის განვითარებას, ციფრული და მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ენერგეტიკას, გარემოსდაცვითი კომპონენტის გათვალისწინებით. მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას”, — მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.

სერგი კაპანაძეს მოლოდინი აქვს, რომ სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტის და ფინანსური დახმარების შესახებ გახმიანდება, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, მუნიციპალიტეტების დახმარება, გზების მშენებლობა, 70 000 ადამიანის მობილობა აკადემიურ სფეროში, ჰაერის სისუფთავის მიღწევა 300 ქალაქში და სხვა; ასევე, ცალკე პრიორიტეტად გამოიყოფა შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციების გაძლიერება.

ვანო ჩხიკვაძე, სერგი კაპანაძე, პაატა გაფრინდაშვილი, ლევან მახაშვილი, ეკა აკობია. დისკუსია EaP-ის პერსპექტივაზე, “ქორთიარდ მერიოტი”, 06/12/2021

ექსპერტების მოლოდინები ეფუძნება ევროკომისიის წინადადებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების შესახებ 2020 წლის შემდეგ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი დღის წესრიგი ასახულია პერსონალის ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში: აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები, რომლებიც 2021 წლის ივლისში დამტკიცდა. დოკუმენტი ითვალისწინებს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გრანტების, შერეული რესურსების და გარანტიების სახით. აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის თანახმად, ამ გეგმას აქვს 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალი.

დღის წესრიგის ფარგლებში მომავალი პრიორიტეტული საქმიანობის სახით განისაზღვრა ათი ძირითადი მიზანი 2025 წლისთვის:

  1. ინვესტირება კონკურენტულ და ინოვაციურ ეკონომიკაში – 500,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა;
  2. ინვესტირება კანონის უზენაესობაში – ყველა მაღალი რანგის ოფიციალური პირი აქვეყნებს დეკლარაციას საკუთარი ეკონომიკური აქტივების შესახებ და ხდება მათი დადასტურება;
  3. შენდება ან რეაბილიტაცია უტარდება 3 000 კმ პრიორიტეტულ გზებს და რკინიგზებს;
  4.  70 000-მდე ინდივიდუალური მობილობის შესაძლებლობა სტუდენტების, პერსონალის, მეცნიერების, ახალგაზრდების და ახალგაზრდობის საქმეზე მომუშავე ადამიანებისთვის;
  5. გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა ჰიბრიდული საფრთხეების ამოცნობის და მათი დაძლევის მიზნით; პარტნიორების პოტენციალის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის გასაძლიერებლად და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  6. ინვესტირება მდგრად ენერგეტიკაში – 250 000 შინამეურნეობა ენერგიის მოხმარებას მინიმუმ 20%-ით ამცირებს;
  7. ინვესტირება გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხებში – დამატებით 3 მლნ ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი უსაფრთხო წყლის სერვისები; წარმოებს ჰაერის ხარისხის კონტროლი და მისი გაჯანსაღება 300 ქალაქში;
  8. ინვესტირება ჯანმრთელობის სიცოცხლისუნარიანობაში – ვაქცინირებულია 850 000 ჯანდაცვის მუშაკი, სარგებლობს უკეთესი აღჭურვილობით და გაუმჯობესებული მკურნალობის და შრომის პირობებით;
  9. სამოქალაქო საზოგადოების 2,500 ადგილობრივი ორგანიზაციის, 120 დამოუკიდებელი მედიასაშუალების და 2,000 ჟურნალისტის მხარდაჭერა;
  10. ინვესტირება ციფრულ ტრანსფორმაციაში – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა შინამეურნეობების 80%-ისთვის.

მოსალოდნელია, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები აისახება ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებებში.

ხელისუფლების მოლოდინი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა”.

“ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ისევე, როგორც წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში”, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის საპარლამენტო ასამბლეის გზავნილი შეიმუშავა და დაამტკიცა ევრონესტის ბიურომ საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების — მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით. ევრონესტის ბიუროს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და დაინტერესებული პარტნიორების სტრატეგიული მიზანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ.

საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირის ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებას, რაც ამ ქვეყნებს დაეხმარება განსახორციელებელი რეფორმებისთვის მოტივაციის გაზრდაში.

EaP-ის სამიტი

2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტი გაიმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ (2009, 2011, 2013, 2015, 2017) იმართებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივა, როგორც ევროკავშირის 6 მეზობელ ქვეყანასთან — აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან — თანამშრომლობის ახალი ფორმატი თავდაპირველად შვედეთმა და პოლონეთმა შეიმუშავეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ კომუნიკაცია ევროკომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, ხოლო ევროპულმა საბჭომ 2009 წლის 19 მარტს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი