საზოგადოება

ბათუმის ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2021 • 813
ბათუმის ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა

ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო. პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და ეს ახსნეს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირით. ხოლო გარეთ მიმდინარე აქციაზე დააკავეს პროტესტის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის მიღებას აპროტესტებდნენ.

ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლად არჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, ძველმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაჩქარებულად განიხილეს და დღევანდელ სხდომაზე ამტკიცებენ. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილების ვადა ახალი საკრებულოს შეკრებისთანავე უწყდება. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების მეორე ტურის შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამეს. შესაბამისად, ახალი საკრებულოები არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების თარიღზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს, თუმცა ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის ნაჩქარევად დამტკიცების მცდელობისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, ცესკოს ახალი საკრებულოების პირველი სხდომები ამ დრომდე არ მოუწვევია.

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი