საზოგადოება

კობახიძე ევროპარლამენტარზე: საქართველო ვერ ითანამშრომლებს კრიმინალების მფარველებთან

13 ნოემბერი, 2021 • 3812
კობახიძე ევროპარლამენტარზე: საქართველო ვერ ითანამშრომლებს კრიმინალების მფარველებთან

ირაკლი კობახიძე წერილს აქვეყნებს და კრიმინალების მფარველს უწოდებს ევროპარლამენტარს, რომელმაც მისი ინფორმაციით მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია. 

“ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა – ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ – მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?”, – წერს კობახიძე თავის ვრცელ წერილში. 

“ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია.

 მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. 

ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა.

ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.

ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. 

თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ”, – წერს კობახიძე. 

“ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი – ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.

მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ”, – წერს კობახიძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი