ახალი ამბები

სამეგრელოში ერთი ყოფილი ძალოვანი დააკავეს, მეორის სახლი გაჩხრიკეს — ენმ

21 ოქტომბერი, 2021 • 2018
სამეგრელოში ერთი ყოფილი ძალოვანი დააკავეს, მეორის სახლი გაჩხრიკეს — ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ცნობით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა, რასაც პარტიაში მათი აქტივისტების დაშინების უკანონო მცდელობად აფასებენ. შსს-ში აცხადებენ, რომ სტანდარტულ საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა.

„მთავარი არხის“ თანახმად, ხობში ჩატარებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

ამავე არხის თანახმად, დაკავებულია „ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა“, რომელსაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს“.

ამასთან, ყოფილი მაიორი რუსლან შამახია ამბობს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ის „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს:

„შეცვივდნენ, არივ-დარიეს სახლი, სეიფი გააღეს და მქონდა გაფორმებული თოფები, რომლებიც, როგორც მეუბნება მეუღლე, წაიღეს“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს მათი აქტივისტების დაშინების მცდელობაა. „როგორ შეიძლება ადამიანს ხელყუმბარა ჩაუდო, მიხვიდე მეორე აქტივისტთან და გინდა, რომ დაიჭირო“, – ამბობს ანზორ მელია, ზუგდიდის მერობის კანდიდატი.

კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან უარყო, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და განაცხადა:

„სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი