საზოგადოება

“ოცნების” 80%-იანი შედეგები კოვიდუბნებზე — ამომრჩევლის ნება თუ სპეკულაცია

2 ნოემბერი, 2021 • 1283
“ოცნების” 80%-იანი შედეგები კოვიდუბნებზე — ამომრჩევლის ნება თუ სპეკულაცია

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ტენდენცია კოვიდუბნებზე დაფიქსირებული შედეგებია.

“ქართულმა ოცნებამ” თითქმის ყველა ასეთ უბანზე მოუგო ოპოზიციონერ მოწინააღმდეგეს. არის შემთხვევები, როცა მმართველმა პარტიამ კოვიდუბანზე 80%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა მაშინ, როცა შესაბამის ქალაქში მისმა კანდიდატმა სულ რამდენიმე პროცენტით გაუსწრო კონკურენტს.

რით შეიძლება ამის ახსნა? იმ ფონზე, როცა არჩევნებიდან სულ 2 დღეა გასული, კითხვას ზუსტად და ცალსახად ვერ ვუპასუხებთ. არსებობს მხოლოდ ვერსიები, მათ შორის, შესაძლო სპეკულაციებზე.

რა მოხდა? — ზუგდიდის, ქუთაისისა და სხვათა მაგალითზე

30 ოქტომბრის მეორე ტურებისათვის “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ” თბილისსა და რეგიონებში, ჯამში, 1830 საარჩევნო უბანი გახსნა. მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო სამკურნალო დაწესებულებაში ან იზოლაციაში იმყოფება, 29 სპეციალური უბანი აამოქმედეს.

ე.წ. კოვიდუბნებზე ამომრჩევლები არ ცხადდებოდნენ. უბნის წევრებს, შესაბამისი დამცავი ეკიპირებით, თავად მიჰქონდათ სპეციალურ სიაში შეყვანილ ადამიანებთან ბიულეტენი და საარჩევნო ყუთი. სიაში მოხვედრის მსურველებს “ცესკოსთვის” 23-25 ოქტომბრის პერიოდში უნდა მიემართათ.

ახლა, როცა არჩევნები დასრულდა, ოპოზიცია კი შესაძლო გაყალბებებზე საუბრობს, ყურადღების ცენტრშია კოვიდუბნებიც, რომელთა შედეგებიც, კერძოდ, კანდიდატების პროცენტებს შორის არსებული დიდი სხვაობები, არაერთს უჩენს ეჭვს.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

ხშირად ხდება, როცა კონკრეტული კანდიდატი კონკრეტულ უბანზე იმაზე გაცილებით უკეთეს შედეგს დებს, ვიდრე თავად ან მისი პარტია მთელ საარჩევნო ოლქში. ეს არაერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას, მათ შორის, კანდიდატის პოპულარობით ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილში.

თუმცა კოვიდუბნის სპეციფიკა განსხვავებულია. აქ თავს იყრიან ადამიანები საარჩევნო ოლქის სხვადასხვა ნაწილიდან, რომელთაც ვერ შეძლეს საარჩევნო უბანზე მისვლა ავადობის, ინფიცირებულთან კონტაქტისა და სხვა მიზეზების გამო.

ამ ფონზე არაერთი გააკვირვა კოვიდუბნების დიდ ნაწილში გამოვლენილმა შედეგებმა. 20 ოლქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, “ქართულმა ოცნებამ” 19 კოვიდუბანზე მოიგო, ზოგან კი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იმაზე გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენა, ვიდრე მთელ საარჩევნო ოლქში.

ასე მოხდა, მაგალითად, ზუგდიდში. წინასწარი შედეგებით, ამ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ხმათა 51.631% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ანზორ მელიამ კი — 48.369%. წოწერიამ, ჯამში, მხოლოდ 1 744 ხმით (3.262%) აჯობა კონკურენტს. თუმცა კოვიდუბანზე ეს სურათი რადიკალურად განსხვავებულია: “ოცნების” კანდიდატს 85.982%-იანი მხარდაჭერა აქვს, ანზორ მელიას კი ხმათა 14.058% ერგო. უბანზე 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ხმა სულ 381-მა ადამიანმა მისცა.

მამუკა წოწერია და ანზორ მელია

მსგავსი ვითარებაა ქუთაისშიც. “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს ჯამურად 2 222 ხმით გაუსწრო(3.312%), ქალაქის კოვიდუბანზე კი შედეგი ასეთია:

  • ხახალეიშვილი — 83.962% (356 ხმა)
  • დეკანოიძე — 16.038%(68 ხმა)

მსგავსი ვითარებაა სხვა არაერთ ოლქში. მიუხედავად იმისა, რომ იქ მმართველი პარტიის კანდიდატებმა ოპოზიციონერ კონკურენტებს უფრო დიდი უპირატესობით მოუგეს, რამდენიმე შემთხვევა მაინც იქცევს ყურადღებას.

მაგალითად, ცაგერის კოვიდუბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატს (მისი შედეგი მთელი ოლქის მასშტაბით 62.873%-ია) 28 ადამიანმა მისცა ხმა, მის კონკურენტს გახარიას გუნდიდან კი — 1-მა ამომრჩეველმა. ბაღდათის კოვიდუბანზე “ოცნების” წარმომადგენელს 60 ხმა აქვს, მის კონკურენტს ენმ-დან კი — 8.

ასეთი ტენდენცია ყველგან არ შეინიშნება. მაგალითად, ბათუმის კოვიდუბანზე “ოცნებისა” და ენმ-ის კანდიდატების ხმებს შორის განსხვავება შედარებით მცირე, 6.4%-ია.

ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ არაერთ კოვიდუბანზე — განსაკუთრებით კი იქ, სადაც მმართველი პარტიის შედეგები სახარბიელო არ იყო — არჩევნები გაყალბდა.

“უბრალოდ არარეალურია”

ერთ-ერთი, ვინც ფიქრობს, რომ კოვიდუბნებზე დაფიქსირებული ეს პროცენტები სხვადასხვა სპეკულაციის შედეგია, “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი, ანი წითლიძეა.

ამ ქალაქის სხვა უბნებში „ქართული ოცნების“ უპირატესობა ძირითადად 5-10%-ში მერყეობს. კოვიდუბნის მსგავსი სხვაობა სხვა არცერთ უბანში არ ფიქსირდება. ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირებულია მხოლოდ პირველ უბანზე, სადაც წოწერიას 62% აქვს.

“უბრალოდ არარეალურია” — აღნიშნავს წითლიძე მონაცემების შეფასებისას და დასძენს, რომ კოვიდუბანზე გაცილებით ადვილი შესაძლებელია არჩევნების გაყალბება.

“კოვიდუბანზე მაგის გაკეთება არის ბევრად მარტივი, ვიდრე სხვაგან, ნებისმიერ უბანზე. მანდ ვერ უშვებ დამკვირვებლებს, ვერ უშვებ ამ რაოდენობით კომისიის წევრებს…

მანდ უნდა გვყოლოდა მხოლოდ 1 წარმომადგენელი. დანარჩენი ყველაფერი მაგათ [“ქართული ოცნების] ხელშია. ჩვენგან იყო 1 ადამიანი. მათგან იყო ბევრად მეტი. წარმოუდგენელია, ერთს [გაეკონტროლებინა] სიტუაცია”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ანი წითლიძე

ზუგდიდის კოვიდუბნის წევრთა რაოდენობა 13-ს შეადგენდა. მათ შორის იყო 8 წარმომადგენელი “ცესკოდან”, ერთი — “ქართული ოცნებიდან”, ერთი — “ნაციონალური მოძრაობიდან”, დანარჩენი 3 კი, შესაბამისად, “ევროპული საქართველოდან”, “ლელოდან” და პარტიიდან “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

წითლიძეს არ სჯერა, რომ “ცესკოს” კვოტით უბნებზე მივლენილი ადამიანები დამოუკიდებელნი არიან. მისი სიტყვებით, მათ მმართველ პარტიასთან აქვთ აფილაცია. შესაბამისად, ანი წითლიძე ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას კოვიდუბნებზე ჰქონდა უმრავლესობაც და იმის თავისუფლება, ეკეთებინა, რაც სურდა.

“ჩვენ ვგრძნობდით, რომ კოვიდუბანზე პრობლემა გვქონდა, რადგან ჩვენი წვდომა ამ უბანთან იყო ძალიან შეზღუდული. კოვიდუბანი, ხომ ხვდებით, როგორია. ყველას ეშინია იქ შესვლის, მიუხედავად იმისა, რომ ეკიპირებით არიან [უბნის წევრები]. მაინც რისკია. ძალიან შეზღუდული წვდომა გვქონდა, ვერაფერს ვშვრებოდით”, — დასძენს ის.

წითლიძე ფიქრობს, რომ იმ პირობებში, როცა მმართველი პარტიისა და ენმ-ის კანდიდატების ხმათა რაოდენობას შორის განსხვავება მცირე იყო, კოვიდუბნიდან წამოსულ რამდენიმე ასეულ ხმასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგზე.

“1 700 ხმაა ჩვენს[“ოცნებასა” და “ენმ”-ს] შორის სხვაობა. აქედან 1,300+ გაბათილებული ბიულეტენია. კარუსელებს, დაშინებას და ჩამორთმეულ პირადობებს რომ თავი დავანებოთ, მარტო 300-ზე მეტხმიანი სხვაობა არის კოვიდის უბანზე.

კოვიდის უბანი და გაბათილებული ბიულეტენები რომ დაამატოთ, მარტო ეგ ფარავს [კანდიდატებს შორის] სხვაობას.

ძალიან ახლოს ვიყავით. ერთ უბანს შეიძლებოდა გადაეწყვიტა რაღაცები. სხვაობა 3000, 4000 ან 5 000 ხმა ხომ არ არის, რომ ვერ დაფარონ ერთი უბნით. აქ საუბარი იყო 100, 200, 300 ხმაზე, რომელიც გადამწყვეტი იყო”, — აღნიშნავს ის.

მირანდა მესხი 

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს, კითხვით, რით აიხსნება კოვიდუბანსა და სხვა უბნებს შორის კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობებში ასიმეტრია. მირანდა მესხი აცხადებს:

„უბნიდან შემოვიდა შემაჯამებელი ოქმი, ერთი-ერთში ზის მონაცემი, დისბალანსი არ არის… რაცაა შედეგი და უბანზე რაც დათვალეს, ეგაა“.

როგორც მესხი განმარტავს, 109-ე, სპეციალური უბანი ლოკალიზებული იყო რუხის საჯარო სკოლაში, იქიდან კი, ჯამში, „6 გადასატანი ყუთი მოძრაობდა კოვიდ ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან“.

ამასთან, მესხის თქმითვე, ყოველ ყუთს მიჰყვებოდა ორი კომისიის წევრი როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე, „ქართული ოცნებიდან“.

“ფარულობა დარღვეულია” — ოპოზიციის ხედვა ქუთაისიდან

ქუთაისის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე ითხოვს როგორც კოვიდუბნის, ისე “თითქმის ყველა უბნის” შედეგების ბათილად ცნობას ქუთაისში.

დეკანოიძის თქმით, კონკრეტულად კოვიდუბანზე ბალანსის პრობლემაა — არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ოქმში “441”-ია მითითებული, ხმათა (მათ შორის, ბათილი ბიულეტენების) ჯამური ოდენობა კი 439-ს შეადგენს.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომელშიც დეკანოიძე პრობლემას ხედავს. მას ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა გზით შეძლო ზემოქმედება როგორც კოვიდუბნის, ისე პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი უბნის შედეგებზე.

ერთ-ერთ პრობლემად ის ფარულობის დარღვევას ასახელებს, რაც, როგორც ამბობს, ამომრჩეველს დისკომფორტსა და შიშის განცდას უქმნის:

“იქ ადამიანი საავადმყოფოში რომ წევს და იზოლაციაშია, კარანტინშია ან სასტუმროში, არანაირი ფარულობა არ არსებობს.  შედის [კომისიის წევრი] ეკიპირებით, ჩვენი დამკვირვებელიც და მათი [“ქართული ოცნების] დამკვირვებელიც და ასე აძლევს ხმას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამხელა შანტაჟის ფონზე ძალიან რთულია, ფარულობის გარეშე შენ შენი არჩევანი გააკეთო”.

ხატია დეკანოიძე 

დეკანოიძის თანახმად, პარტიაში მისდიოდათ ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებიც კოვიდისგან გამოჯანმრთელდნენ, დროულად “არ გამოწერეს საავადმყოფოდან და კარანტინიდან არ გამოუშვეს”.

მას ასევე აქვს ეჭვი, რომ კოვიდის სპეციალურ სიაში შეყვანილ ადამიანებზე სხვადასხვა ფორმით მოახდინეს ზემოქმედება.

“გამორიცხულია, ამხელა სხვაობა არსადაა. ზოგის ნათესავი მუშაობს სადღაც, ზოგის შვილი და ა.შ. [ასეთივე ვითარებაა] სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ჩვენს მხარდამჭერებთან არ მიდიან. მიდიან ძირითადად ნეიტრალურ პირებთან, ან სახელმწიფო სამსახურებთან კავშირში მყოფ ადამიანებთან. ასევე მათთან, ვისაც სოციალური დახმარება აქვს და ა.შ.”, — დასძენს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის აქცია თბილისში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ. 31.10.21 ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

“ნეტგაზეთი” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკავშირდა კოვიდუბნებზე არსებული ვითარების შესაფასებლად. აღნიშნულ უბნებზე არჩევნებს არცერთი მათგანი აკვირდებოდა. ორგანიზაციებმა ეს ფაქტი ძირითადად კოვიდთან დაკავშირებული რისკების ფაქტორით ახსნეს.


“ცესკოს” წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო გამარჯვება. დანარჩენ 19 ქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.

ამჟამად კონკრეტული უბნების გადათვლის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციის შეხედულება უკვე ცნობილია. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას სიტყვებით, “არჩევნები გაუქმებულია”, ვინაიდან ის გაყალბდა.

ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე გამართეს აქცია თბილისში და სხვა საპროტესტო შეკრებებიც დააანონსეს, რომლებიც მომდევნო დღეებში საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება.  ამასთან, პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მანდატები დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი