ახალი ამბები

ენმ: ზუგდიდში ჩვენს მხარდამჭერებს პირადობები გამოართვეს

1 ოქტომბერი, 2021 • 1050
ენმ: ზუგდიდში ჩვენს მხარდამჭერებს პირადობები გამოართვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერ ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პირადობის მოწმობები მოტყუებით გამოართვეს, რასაც მმართველ გუნდში უარყოფენ.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბმა გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის სოფელ რიყეში ერთ პირს ათობით პირადობის მოწმობა უჭირავს.

ენმ-ის თანახმად, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და მოქალაქეები, ვისი პირადობებიც მას ჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები არიან.

კადრებში, რომელსაც ენმ-ის შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესი“ აქვეყნებს, ჩანს მოქალაქე, რომელსაც ხელში მოქალაქეთა პირადობები უჭირავს. ენმ-ის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლის, ანი წითლიძის თქმით, აღნიშნული მოქალაქის სახელია მაყვალა ანთია.

კადრებში ასევე ჩანს, როგორ ეუბნება პარლამენტარი ანი წითლიძე ანთიას, რომ მისი ქმედება – მოქალაქეებისთვის პირადობის გამორთმევა – სისხლის სამართლის დანაშაულია.

კადრებში ასევე ჩანს ანთიას ნათქვამი, რომ მისთვის მოქალაქეებისთვის პირადობის გამორთმევა არავის დაუვალებია და თავისი ინიციატივით გააკეთა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ არ შეიძლებოდა, დაბრუნება დააპირა და სწორედ აღნიშნულ მომენტში აპირებდა მათ დაბრუნებას.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ პრესცენტრს კომენტარის მისაღებად.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ზუგდიდის შტაბში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ. მათი მტკიცებით, „პროვოკაციის“ ავტორი თავად “ნაციონალური მოძრაობაა”.

როგორც „ლაივპრესი“ წერს, შტაბის პრესსამსახურის განმარტებით, ენმ-ის მიერ ნახსენები ადამიანები არ არიან “ქართული ოცნების” წევრები, მეტიც, არ არიან ჩართული არც საშტაბო და არც სხვა რაიმე სახის საარჩევნო საქმიანობაში.

„პროვოკაციის ავტორი თავად „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც ბელადისგან აქვს დავალება მიღებული, რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და პროვოკაცია შექმნან ყველგან. თუმცა არ გამოსდით, რადგან მათი ხერხები ამომრჩევლისთვის ცნობილია“, – წერია განცხადებაში.

ანა წითლიძემ მოუწოდა პროკურატურას, დაკითხვაზე დაიბარონ როგორც მაყვალა ანთია, ასევე მერაბ კაკალია, რომელიც იმ მანქანას მართავდა, რომლითაც ანთია გადაადგილდებოდა.

ანი წითლიძემ ოპოზიციურ ამომრჩეველს მოუწოდა, ნურავის მისცემენ პირადობის მოწმობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი