საზოგადოება

„უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა“ — ღარიბაშვილმა ნათქვამი გაასწორა

29 ოქტომბერი, 2021 • 6771
„უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა“ — ღარიბაშვილმა ნათქვამი გაასწორა

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში გაასწორა თავისივე ფრაზა, რომელიც მან გუშინ, 28 ოქტომბერს, ამავე ტელეარხის ეთერში თქვა.

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, — აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს.

მისი ეს ფრაზა უარყოფითად შეაფასეს როგორც უფლებადამცველებმა, ასევე, ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს იმ პოტენციურ ზიანზე, რაც შეიძლება თანამდებობის პირის მხრიდან მსგავს გამონათქვამს შეიძლება მოჰყვეს.

დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი ნათქვამი ასე გაასწორა:

„ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, დაკავებულის უფლებაა შიმშილობის უფლება და მე ვთქვი, რომ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის გადაყვანას სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში. თავად სააკაშვილი კი უარს ამბობს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მას იქ საფრთხე ემუქრება.

ვრცლად ღარიბაშვილის გამონათქვამზე წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი