კომენტარი

“წამაქეზებელი და ძალიან საშიში განცხადებაა” – ფსიქოლოგი პრემიერზე

29 ოქტომბერი, 2021 • 2372
“წამაქეზებელი და ძალიან საშიში განცხადებაა” – ფსიქოლოგი პრემიერზე

“ეს არის [სუიციდის] წამქეზებელი განცხადება, სწორედ ამიტომ – ძალიან საშიში”, – ასე აფასებს ფსიქოლოგი მაია ცირამუა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით.

საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე. ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეფასებისას თქვა, რომ ყველას აქვს სუიციდის უფლება და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არაა.

ამ განცხადებას აკრიტიკებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში მაია ცირამუა და დასძენს, რომ მოქალაქის სიცოცხლის დაცვა სწორედაც რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ნამდვილად სახელმწიფოს ვალდებულებაა და მას უნდა ჰქონდეს სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, თვითონ ეს განცხადება – როგორადაც ის ფორმულირებული იყო, ძალიან რისკის შემცველია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს სუიციდური განწყობები, ჰქონია მცდელობები და ა.შ. რადგან ძალიან არაჰუმანურ დამოკიდებულებას გამოხატავს, როგორც, ზოგადად, საკითხისადმი და ამ საჭიროებების მქონე ადამიანებისადმი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ცირამუა.

მისივე შეფასებით, ასეთი განცხადებები განსაკუთრებით დამაზიანებელია უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ნდობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 2013 წლიდან მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც პატიმრებს საჭიროების შემთხვევაში უნდა დაეხმაროს.

„წარმოიდგინეთ პატიმარი, რომელსაც აქვს ასეთ მდგომარეობა – მას ასეთი ტიპის განცხადება უკარგავს ნდობას სისტემის მიმართ. ორაზროვანია. ერთი მხრივ, არსებობს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, რომელიც მზადაა მათ დაეხმაროს ასეთი კრიზისულ სიტუაციაში. და მეორე მხრივ, არსებობს პირველი პირი ქვეყანაში, რომელიც ამბობს, კარტ- ბლანშს აძლევს. ასეთი ორაზროვნება, დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებით პატიმრებში, ზრდის რისკებს“, – განმარტავს ფსიქოლოგი.

საქართველო, სადაც სუიციდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, კვლავ პრევენციის სტრატეგიის  გარეშეა. ეს გეგმა ქვეყანას 2015-16 წლებში უნდა შეემუშავებინა. 

მაია ცირამუას ჩვენ ვკითხეთ, პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ხომ არ მიანიშნებს იმაზეც, რომ სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის სუიციდის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტირება არ იქნება პრიორიტეტი.

„რა თქმა უნდა, ამას მიანიშნებს. ეს არის პოლიტიკური განცხადება, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს, როგორ უყურებს სახელმწიფო ასეთი ტიპის პრობლემებს. ქვეყანაში, სადაც რამდენიმე წლის წინ მოზარდმა სუიციდით დაასრულა ზუსტად სისტემაში არსებული პრობლემის გამო… ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის განცხადება საერთოდ ყველაფერს ხაზს უსვამს და მინიმიზირებას ახდენს ზოგადად ამ პრობლემის. ძალიან სამწუხარო განცხადებაა, არც კი ვიცი, რა ვთქვა..

მე ძალიან შფოთვით ვუყურებ ამ სიტუაციას, ისე ვრცელდება ყოველ წუთში ეს ტექსტი, რომელსაც მე არ გავიმეორებ, რაც ღარიბაშვილმა თქვა და ისეთი ტირაჟირება ხდება ამ ტექსტის… მე მოვუწოდებდი  მედიასაშუალებებს, რომ ამისგან თავი შეიკავონ. შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რა ხარვეზისა და რისკის შემცველია პრემიერის ეს განცხადება, მაგრამ უშუალოდ ამ ტექსტისა და ნარატივის ასე ტირაჟირება ნამდვილად არის რისკის შემცველი“, – აცხადებს ის.

 “ყოველი მეორე სტატუსი სოციალურ ქსელში ამაზეა – ეს ძალიან სარისკოა. და მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლოდ გვეპყრობიან, ჩვენ, მოქალაქეებმა რაღაც პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება გამოვიჩინოთ ამ საკითხისადმი და დავზოგოთ ის ხალხი, ვისაც ასეთი რისკები აქვს.

წამაქეზებელია [სუიციდის], როდესაც რისკზე ვსაუბრობთ, ეს არის წაქეზება. ეს არის წამქეზებელი განცხადება, სწორედ ამიტომ – ძალიან საშიში. ეს ნამდვილად უნდა ესმოდეს პრემიერ-მინისტრს,“.


სუიციდი არ არის გამოსავალი!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი: ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 29-ე დღეა, რაც შიმშილობს. ის უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებასა და კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.

ამის პარალელურად, ღარიბაშვილმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ არ სჯერა სააკაშვილის შიმშილობის. მათ შორის, თქვა, რომ ის „არის სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე,“.

28 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ღარიბაშვილს ჰკითხეს, მისი აზრით, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა:

“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად პენიტენციური სამსახურის მიერ.

ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს”, — დასძინა მან.

აღნიშნულის შემდეგ გადაცემის მეორე წამყვანმა ღარიბაშვილს უთხრა:“როცა ადამიანი თავს იზიანებს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს”.

საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს დაეხმარებიან და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება — ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი