ნეტგაზეთი | “დაინახე ჩემში ადამიანი” “დაინახე ჩემში ადამიანი” – Netgazeti
RU | GE  

“დაინახე ჩემში ადამიანი”

დღეს, კინოთეატრ ამირანში ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტის „ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

დღეს, კინოთეატრ ამირანში ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტის „ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. 
ნაჩვენები იქნება ნინო ზურიაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაინახე ჩემში ადამიანი“ (სტუდია „მონიტორი“ 2008). ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მომხმარებლებს, პროფესიულ საზოგადოებასა ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ფილმი ცდილობს მოიცვას საზოგადოების დამოკიდებულების საკითხი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ, ყურადღებას ამახვილებს რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვნებაზე. 
„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ კინოთეატრში მისულ მაყურებელს ასევე სთავაზობს თვითნასწავლი მხატვრის, გელა ჯინჭარაძის პერსონალურ გამოფენას. მხატვარი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის ყოფილი მომხმარებელია. გამოფენა 7 თებერვლამდე გასტანს. „გელასთვის დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ამ ნახატების დათვალიერება, მითუმეტეს მისი შეძენაც. მის ნამუშევრებს ის ადამიანებიც გაეცნობიან, რომლებიც არ არიან პროფესიონალთა საზოგადოებიდან, არც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების ოჯახის წევრები არიან, არ იმყოფებიან უშუალო კონტაქტში ამ სფეროსთან და კინოთეატრ „ამირანში“ ვთქვათ „ავატარის“ სანახავად მოვიდნენ. მათ საშუალება ექნებათ მიხვდნენ, რომ თუკი გელას მსგავსი ადამიანები ღირსეულ და ადექვატურ გარემოში იცხოვრებენ, გადაურჩებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში ყოფნას“  – ამბობს ნინო აღდგომელაშვილი, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტის მენეჯერი. ფონდი ხშირად აფინანსებს მსგავს გამოფენებს და ხელს უწყობს სოციალურ სფეროში, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ბენეფიციარების ნახატების გამოფენას და გაყიდვას.
პროექტმა „ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა“ გასული წლიდან მოყოლებული მოიცვა სხვა სახის აქციებიც. ასეთი იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების, პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერებისთვის ჩატარებული ტრენინგი; რადიოკვირეულები, რომლის დროსაც 5 რადიომაუწყებელი ავრცელებდა რგოლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე; ასევე ე.წ. ავტობუსის აქციები. თბილისსა და ქუთაისში მოძრავი რამდენიმე ავტობუსით, რომლებსაც ჰქონდათ გაკრული პოსტერი სლოგანით „მზე სწორედ მოეფინების“, თვეში ერთხელ მგზავრობა უფასო იყო. აქციის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის ყოფილი მომხმარებლების მიერ მგზავრებს საინფორმაციო ლიფლეტებიც ურიგდებოდათ. 
გასული წლის დასაწყისში ორგანიზაციამ გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით „10 საუკეთესო მედია-პროდუქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე“. კონკურსის მიზანი ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული თემების არადისკრიმინაციული კუთხით ანუ ეთიკურად გაშუქების მაგალითების წარმოჩენა იყო. 72 განაცხადიდან დღეს 4 ნომინაციაში 10 გამარჯვებული გამოვლინდება.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა