“ყველას შეუძლია მოვიდეს და ნახოს, რომ ყველას შეგვიძლია რაღაცის კეთება, დასაქმება და საკუთარი ფულის შოვნა,” – ამბობს სახელოსნოს იდეის ერთ-ერთი ავტორი ლია ტაბატაძე.
სოციალური საწარმო “ბაბალე” არასამთავრობო ორგანიზაცია “რეალური ცვლილებებისთვის“ ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის დამფუძნებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები არიან. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული ინკლუზიური განათლების მიღების ხელშეწყობასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროს გაჩენას.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე აცხადებს, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებს სალონი სხვადასხვა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითრებაში დაეხმარება. სალონის სახელიც სიმბოლურად შეარჩიეს. „ბაბალე“ ქართული წინაქრისტიანული მზის სიმბოლოდან მომდინარეობს და ოჯახებისა და ბავშვების მფარველად ითვლება.
გაყიდული პროდუქციიდან შემოსული მოგება მთლიანად რეინვესტირდება საწარმოში და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვაში.
“ეს იქნება საჩვენებელი სახელოსნო, ამჟამად გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ორგანიზაციებთან, სკოლებთან და სახელოსნოებთან. დროთა განმავლობაში დიდი კორპორატიული შეკვეთების მიღებასაც შევძლებთ. აქ 2-3 მოზარდი თავისი გრაფიკით ყოველდღე შეძლებს სიარულს და სახელობო უნარების დაუფლებას,” – ამბობს ლია ტაბატაძე.
პროდუქციას სახელოსნოში მხოლოდ ერთი ადამიანი არ ქმნის. ნივთისათვის თითო დეტალის დამატებაში სხვადასხვა სტაჟიორი იღებს მონაწილეობას.
ორგანიზაცია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობს და ამჟამად პროფესიული უნარების განვითარების მეთოდოლოგიის დასახვეწაზე მუშაობს. ამ დოკუმენტში გაწერილი იქნება, როგორ უნდა განივითაროს მოზარდმა წინა პროფესიული უნარები.
“ხშირად ხდება, რომ განსაკუთრებით შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები ამთავრებენ სკოლას, აგრძელებენ სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში და აღმოაჩენენ, რომ ეს არ არის მათი საქმე. ამიტომ გვინდა, რომ ეს მეთოდიკა ძირითადად გავთვალოთ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ბავშვებისათვის,” – ამბობს ლია ტაბატაძე.
ამჟამად სახელონოში 4 მოზარდი მუშაობს. სალონის გახსნამდე ბავშვები სხვა სახელოსნოში სწავლოდნენ ხელნაკეთი ნივთები დამზადებას. ახლა უკვე მათ სახელოსნო ნამუშევრებში გასამრჯელოს გადაუხდის.
პროექტს ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრმა გაუწია.
ამ ეტაპზე სახელოსნოში ერთი პედაგოგი ასწავლის, რომელიც ამავდროულად პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. იანვრიდან სალონი მოსწავლეების მიღებას აპირებს და დასაქმებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზრდება.