საზოგადოება

რას ითვალისწინებს თბილისის მერიის ახალი გარემოსდაცვითი დოკუმენტი

7 აგვისტო, 2015 • • 1256
რას ითვალისწინებს თბილისის მერიის ახალი გარემოსდაცვითი დოკუმენტი

თბილისის მერია პრობლემების გამოყოფისას, ძირითად ყურადღებას ჰაერისა და წყლის დაბინძურების მაღალ დონეზე, ხმაურზე, ურბანული დაგეგმარებისა და გამწვანების სწორი პოლიტიკის წარმართვაზე ამახვილებს.

 

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დედაქალაქში არ არის საკმარისი წერტილები ჰაერის ხარისხის კვლევისათვის და არ ხდება ქალაქის დაბინძურებული ატმოსფეროს შემცველობის კონტროლი. დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია (დაახლოებით 90%). ამიტომ თბილისი მერია გეგმავს ქალაქში მანქანების რაოდენობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოტრანსპორტით ჩანაცვლებასა და იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ლიმიტის დაწესებას; უნდა განვითარდეს ასევე, ახალი საფეხმავლო გზებისა და ველობილიკების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 

თბილისის გარემოს კიდევ ერთი დამაბინძურებელი ხმაურია. ხმაურზე ბოლო მონაცემები 2005 წელსაა აღებული. როგორც ჰაერის შემთხვევაში, ხმაურის მონაცემებიც მხოლოდ რამდენიმე წერტილიდანაა აღებული და არ ასახავს მთელი თბილისის მდგომარეობას.

 

ასევე,  არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია თბილისში სამრეწველო და სამშენებლო ობიექტების მიერ გამოწვეული ხმაურის შესახებ; ამიტომ თბილისის მერია გეგმავს, რომ შექმნას ქალაქის ხმაურის რუკა და გაამკაცროს ხმაურის შემარბილებელი ნორმების კონტროლის მექანიზმები.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თბილისის ტბების და წყალსატევების მიკრობიოლოგიური დაბინძურება, გამოწვეულია არასათანადო სანიტარიული პირობებით, გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების უკანონო ჩაშვებით და რეკრეაციული ზონების არასათანადო მოვლით; პრობლემას არასრულფასოვანი კონტროლის მექანიზმებიც ამწვავებს. კანონმდებლობა კი არ ითვალისწნებს საზოგადოების ინფორმირებას სარეკრეაციო წყლების ხარისხის შესახებ. მერია გეგმავს რომ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხის მიმართ.

 

თბილსის მთავრობა ქალაქში მწვანე ნარგავების ფართომასშტაბიანი აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებას აპირებს. ასვე იგეგმება, თბილისის ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარების გეგმის შემუშავება;

 

თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმაში ვკითხულობთ, რომ ”ბოლო ათწლეულების მანძილზე  მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო დედაქალაქის გამწვანებული ტერიტორიები სამშენებლო ზონებად იქცა.  თბილისის ურბანული განვითარება ხშირად მწვანე ზონების ფართობის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე ხდება”, ამიტომ მერია მიზნად ისახავს, ურბანული განვითარების დაგეგმვის დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდეს ქალაქის გაფართოებული საზღვრების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მყარი ნარჩენების მართვა, ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული კატასტროფების პრევენცია და კლიმატის ცვლილების კონტროლი ასევე, მოხვდა მერიის სამომავალო სამოქმედო გეგმაში.

 

თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დოკუმენტი უკვე გადაეგზვნა საკრებულოს განსახილველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი