საზოგადოება

სტიქაროსანი სასულიერო პირებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

27 აპრილი, 2015 • 3516
სტიქაროსანი სასულიერო პირებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

 

„წარბებს იღებ?“, „შენ მამათმავალი ხარ“, „ჩემი ნება რომ იყოს, ეკლესიაში არ შემოგიშვებდი“, – დავითი ამბობს, რომ ამ სიტყვებით მას დეკანოზი ანდრია თურმანიძე, ეკლესიის ეზოსა თუ ტაძარში, მრევლის, მგალობლებისა და სასულიერო პირების თანდასწრებით მიმართავდა. დავითის თქმით, მას მეუფე დიმიტრიმ სტიქარის ჩაცმა აუკრძალა, თუმცა ის სტიქარს ატარებს თბილისში, სამების ტაძარში მსახურებისას, სადაც მას ახლა მოძღვარი ჰყავს.

 

დავითი ამბობს, რომ ბათუმში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში სასულიერო პირები მასზე მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. „თუ დაამტკიცებენ იმას, რასაც მაბრალებენ, მე მოვიხდი ბოდიშს, თუ არა, თვითონ მოიხადონ ბოდიში. მე დამჭირდა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრის კონსულტაცია, დღემდე ვსვამ ანტიდეპრესანტებს, იმიტომ, რომ ვერ ვუმკლავდები ცილისწამებას“, – ამბობს დავითი „ბათუმელებთან“.

 

მისი თქმით, სასულიერო პირებმა მრევლში ხმა გაავრცელეს, რომ თითქოს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა დაინახა, როგორ ჰქონდა დავითს სანაპიროზე სექსი მამაკაცთან: „მამა ანდრიამ დამაბრალა მამაკაცებთან ურთიერთობა. ამტკიცებს, რომ მე ვარ ჰომოსექსუალი. ჩამომაშორა მღვდლებს. 17 მაისს მრევლის ნაწილი დამახვედრა ეკლესიის ეზოში, ტაშის დაკვრით. თითქოს მე ლგბტ თემის წარმომადგენელი ვიყავი, თითქოს მეც ვიყავი თბილისში გამართული აქციის მონაწილე. ამ ფორმით დამიპირისპირა მრევლი“.

 

მსგავსი ჩარევების აღსაკვეთად დავითმა გადაწყვიტა მიტროპოლიტ დიმიტრისთვის მიემართა. ამისთვის კი მან სოციალური ქსელი არჩია: „სტატუსი გამოვაქვეყნე, მივმართე მეუფე დიმიტრის, სახალხო დამცველს, ვითხოვე დახმარება. დამიბარა მეუფემ, შეხვედრას ვესწრებოდით მე, მამა იაკობი და მამა ანდრია. ამ შეხვედრას ჩემი მოძღვარი არ ესწრებოდა, მას არ შეატყობინეს. მეუფემ დამიბარა თითქოს პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ საუბრიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო, არ გაეგოთ ჟურნალისტებს ის, რაც ხდებოდა ტაძარში. მამა იაკობმა აუკრძალა სტიქაროსნებსა და მგალობლებს ჩემთან ურთიერთობა, მე მასთან, როგორც ტაძრის წინამძღვართან, შემექმნა პრობლემები. ამ შეხვედრაზე მე გამომიყვანეს ადამიანად, რომელიც იგონებს ამბებს ეკლესიის წინააღმდეგ“.

 

დავითი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში ასევე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით – „სტიქაროსანი თუ სატანა“, სადაც ზაფხულში ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმსა და სტიქარში გადაღებული მისი ფოტოები იყო გამოქვეყნებული. დავითი ყვება, რომ მრევლი მას სწერდა სიძულვილის ენის შემცველ შეტყობინებებს: „შენ ხარ გარყვნილი“ და ემუქრებოდნენ: „გიპოვით უდაბნოშიც“.

 

დავითის თქმით, ამის შემდეგ მის სიცოცხლეს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას საფრთხე შეექმნა: „ამიტომ მივმართე სახალხო დამცველს, ისინი სწავლობენ ჩემს საქმეს. დამკითხეს კიდეც. შეხვედრის შემდეგ მეუფე არ იყო წინააღმდეგი მეტარებინა სტიქარი, მაგრამ ვიღაცამ დამაბეზღა მეუფესთან, თითქოს მე მას ვუჩივლე, თითქოს მე ვებრძოდი ეკლესიას. მეუფემ ტელეფონზე მომწერა შეტყობინება: „თავი შეიკავე სტიქარის ჩაცმისგან“. რატომ აუკრძალეთ დავითს სტიქარის ჩაცმა? – „ბათუმელების“ ამ კითხვას მიტროპოლიტმა დიმიტრიმ არ უპასუხა. „მიმართეთ პრესსამსახურს“ – გვითხრა მან და ტელეფონი გათიშა. ტელეფონის ნომერზე, რომელიც მეუფე დიმიტრიმ „ბათუმელებს“ ჩაანიშნინა, არავინ უპასუხა.

 

დავითი ამბობს, რომ ქალაქში, სადაც დაიბადა და 15 წელი სტიქარი ატარა, სასულიერო პირები ლახავენ მის უფლებებს: „მღვდელი ცილს მწამებს, თითქოს მე სექსი მქონდა მამაკაცთან სანაპიროზე. მეორე – რომც ვიყო ლგბტ თემის წევრი, მას უფლება არ აქვს ჩემი ტაძრიდან გამოგდების“.

 

დავითის ბრალდებაზე (თითქოს ტაძრის წინამძღვარმა მასთან ურთიერთობა მგალობლებსა და სტიქაროსნებს აუკრძალა) კომენტარს არ აკეთებს ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იაკობი. „ბათუმელების“ ჟურნალისტს მან ტელეფონი გაუთიშა. „ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ, დავითს ვიცნობ ქუჩიდან, შორიდან“, – თქვა დეკანოზმა.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჯერ დავითის საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი ამ ეტაპზე მედიაციას ცდილობენ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვათა ინტერესებს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიისა თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიისა თუ რწმენის, აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წესჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“.

 

ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციით, ამ შეთანხმებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საეკლესიო (კანონიკური) სამართლით არ არის დადგენილი წესები თუ კრიტერიუმები, რა დროს შეიძლება სტიქაროსნისთვის მსახურებაზე უარის თქმა ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ მას სტიქარის ჩაცმისა და მოვალეობების შესრულება დაევალოს. პრაქტიკაში ამ საკითხებს ეკლესიის წინამძღვარი თავად წყვეტს.

 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლი კრძალავს ისეთ მოპყრობას, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებებს უზღუდავს (მოცემულ შემთხვევაში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების) რაიმე ნიშნის გამო, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. იურისტების შეფასებით, დავითის შემთხვევაში საქმე ეხება სასულიერო პირების მხრიდან ეკლესიის მსახურის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს, რადგან მას არ მიეცა კონკრეტულ ეკლესიაში მსახურების შესაძლებლობა სტიქაროსნის სტატუსით.

 

დავითი ამბობს, რომ მისთვის ეკლესიური ცხოვრება და სტიქაროსნად მსახურება [ბათუმში] ტაძარში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის სწორედ ამ უფლების მიღებას ითხოვს.

 

დეკანოზი ანდრია თურმანიძე
დეკანოზი ანდრია თურმანიძე

„ბათუმელების“ კითხვებს დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ უპასუხა.  ინტერვიუ იბეჭდება სტილის დაცვით.

 

დავითი ამბობს, რომ თქვენ მას ჰკითხეთ „იღებდა თუ არა წარბებს“ და მას უწოდეთ „მამათმავალი“, ამის შემდეგ კი დაუპირისპირეთ მრევლი და სხვა სასულიერო პირები. თქვენ ის დისკრიმინაციაში გადანაშაულებთ.

ეკლესიაში მსახური მრევლი – სტიქაროსანი იქნება ეს თუ აღმსარებელი, ვალდებულია მისმა მოძღვარმა იცოდეს მისი პირადი ცხოვრება. ეკლესიაში უცოდველი არავინაა, მაგრამ ეკლესია იმდენად წმინდაა, რომ უნდა ვაღიარებდეთ საკუთარ ცოდვებს. როცა მას შევამჩნიე, ვკითხე ნამდვილად იღებდა თუ არა წარბებს, რადგან ემჩნეოდა მას ეს. მან დამიდასტურა, რომ იღებდა წარბებს, რაზეც გაკვირვება და აღშფოთება ვერ დავმალე და ვუთხარი, რომ ეს არ იყო ლამაზი. მან მითხრა, რომ წარბებსაც იღებს და ფეხებსაც იპარსავს, რაც უფრო მეტად აღმაშფოთებელი იყო ჩემთვის. ვუთხარი, რომ გაერკვია თავისი მდგომარეობა მის მოძღვართან, მე მისთვის არ მიწოდებია მამათმავალი. როცა ბათუმში აქციები ტარდებოდა მამათმავლობის წინააღმდეგ, ამ ადამიანმა აქციაში მონაწილეობა არ მიიღო. იმიტომ, რომ მან თქვა იქ რაიმე ინციდენტი რომ მოხდეს, გული ამიჩუყდება, გამიჭირდება და შესაძლოა, ცუდად გავხდეო.

 

ფეისბუქის პირად გვერდზე არასასიამოვნო სურათები ედო. სტიქაროსანი იყო და მას უნდა სცოდნოდა, რომ სტიქაროსნის ვალდებულებაა სამაგალითო ცხოვრებით ცხოვრება და ეს არაა სამაგალითო ცხოვრება. ის მივიდა მოძღვართან, მამა ლუკასთან, როგორც ვიცი, მისმა მოძღვარმა უთხრა საყვედური და გახადა სტიქარი, ამის გამო ის დაშორდა მამა ლუკას.

 

სტიქარი იმიტომ გახადა, რომ წარბებს იღებდა?

მამაკაცისთვის, მით უფრო სტიქაროსნისთვის მიუღებელია წარბების ამოღება და ფეხების გაპარსვა. და ის, რომ შიშველი სხეულის დემონსტრირებას ახდენს სოციალურ ქსელში საზოგადოების წინაშე. მამა ლუკამ უთხრა, რომ ეს არ იყო სწორი და უნდა შეინანოო.

 

ის ამბობს, რომ არის მოდელი, ეს ფოტოებიც სამოდელო სააგენტოშია გადაღებული.

 მარიამ მაგდალინელი იყო სხვა ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი, რომელმაც შეინანა მისი არასწორი საქციელი და გახდა წმინდანი. ადამიანი როცა სტიქაროსანია, უნდა აირჩიოს ან ერთი გზა, ან მეორე. ჩვენს ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ, მაგალითად, მოდელები, და სხვა ცხოვრებით მცხოვრებლები, მაგრამ დატოვეს ის ძველი ცხოვრება და შეუდგნენ ღვთის გზას.

 

ანუ მოდელობა და სტიქაროსნობა შეუთავსებელია?

რა თქმა უნდა, მე, როგორც სასულიერო პირი, ვალდებული ვიყავი ინფორმაცია მის შესახებ მიმეწოდებინა მღვდელმთავრისთვის, რომ ეს სტიქაროსანი არ ცხოვრობდა შესაბამისი ცხოვრებით. მე პირადად ვიყავი წინააღმდეგი, რომ ის იყოს სტიქაროსანი და ვარ კიდეც, სანამ ეს ადამიანი არ გააგრძელებს ქრისტიანული მრწამსით ცხოვრებას. პროფესია უნდა იყოს ღვთისთვის სათნო ცხოვრებით აღვსებული და ადამიანის სულის დამღუპველი არ უნდა იყოს. თუ ეკლესია არის ვიღაცის პიარკამპანიის წამოწყების ნაწილი, რომ ერში გამოჩნდეს, რომ ის ეკლესიურია, მაშინ ძალიან ცოდვაა ის. მე ვფიქრობ, სტიქაროსანი ვალდებულია გამოირჩეოდეს აღმსარებლობითი ცხოვრებით, მისი ღვაწლით. სტიქაროსანს ევალება თავშეკავებით ცხოვრება. მრევლზე გამორჩეულია, როცა საკურთხეველში შედიხარ და ღმერთს ემსახურები. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს შეუთავსებლობა ერულ ცხოვრებასთან ეს. ჩვენ ხელს არავის ვკრავთ, მას ჰყავს მოძღვარი, უფრო შეცდომილი გზიდან მოსული ადამიანები ცხოვრობენ დღეს ეკლესიურად და არიან მაზიარებლები. მე ამ ადამიანს ვუთხარი, რომ მისი საქციელი ჰგავდა მამათმავლურ საქციელს. თუნდაც 17 მაისს რაც მოხდა თბილისში, ის აქ სასულიერო პირებს უკითხავდა ლექციებს იმის შესახებ, რომ თურმე ეკლესია არის ბნელი. თუ ეკლესია ბნელია, მას სიბნელეში რა ესაქმება.

 

17 მაისს დავითს ეკლესიის ეზოში თქვენ და თქვენი მრევლი ტაშის დაკვრით მართლა შეხვდით?

არა, ეს ცილისწამებაა და უამრავ რამეს მაბრალებს. პირიქით არ მოხდეს მეშინია, მე არ შემხვდნენ ტაშის კვრით, როცა ის ამბობს მამაომ დამჩაგრაო. ბევრი მეგობარი ჰყავს მრევლში. მე მას არც გამარჯობას ვეუბნები, არც ნახვამდის, თვითონაც რომ მხვდება, ქუჩის მეორე მხარეს გადადის. 17 მაისს მე ვიყავი უკრაინაში სამკურნალოდ.

 

ის ამბობს, რომ არ არის ჰომოსექსუალი და თქვენ მას ბრალს სდებთ…

მე მას არ ვდებ ბრალს, მე ვამბობ, რომ მისი საქციელი არ ჰგავს ჯანსაღი აზროვნებით მცხოვრები ადამიანის საქციელს.

 

ჯანსაღი რას ნიშნავს?

შესაფასებელია ადამიანი, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ისეთ სურათებს, რომლებიც ქართული ტრადიციებისა და ეკლესიური ცხოვრებისთვის არის მიუღებელი. თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ გამოკითხვა ქალაქის მასშტაბით და გაიგებთ საზოგადოების აზრს, თუ რა აზრისაა მამაკაცზე, რომელიც იპარსავს ფეხებს, იღებს წარბებს, სდებს საჯაროდ ფოტოებს ხალათში, შიშვლად. მას მისი ცხოვრება აქვს, მაგრამ თუ უნდა ამ ცხოვრებით ცხოვრება, იცხოვროს, მას აქვს არჩევანი. მე ვერ ვაიძულებ ვერავის იმარხულოს, აღსარება თქვას, მაგრამ თუ შენ მოხვედი ჩემთან და მეუბნები აღმზარდე, მე მავალდებულებ, გასწავლო როგორ უნდა იცხოვრო.

 

ადამიანი ამბობს, რომ ის ეკლესიიდან გააძევეთ, სტიქარს ვეღარ ატარებს.

არავის არ გაუძევებია ის ეკლესიიდან. მე სტიქარს მრევლს ვერ ჩავაცმევ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. სტიქარს აცმევს მღვდელმთავარი, ეს მისი კომპეტენციაა. მე, როგორც მღვდელს, მაქვს უფლება გავუწიო რეკომენდაცია.

 

როცა ადამიანი არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, მას აქვს თუ არა უფლება…

რას ნიშნავს სექსუალური უმცირესობა? თუ ამ ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას, პირდაპირ წერია, რომ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. თუ მან მოინანია, მოვიდა ეკლესიაში, მას არავინ უკრძალავს ეკლესიაში სიარულს. ლოცვით უნდა გამოისყიდოს სასჯელი. მაგრამ თან ადამიანი ცხოვრობდეს ამ ცოდვაში და თან უნდოდეს ღმერთი? უნდა აირჩიოს ან ერთი, ან მეორე. რუის-ურბნისის კრება ამბობს, არათუ ამ ცოდვის მიმდევარნი, არამედ ამ ცოდვის გამხუმრებელნიც და შემწყნარებლებიც ეკლესიიდან მოწყვეტილნი იყვნენ. რუის-ურბნისის კრება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრება, რომელმაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას მისცა დიდი შედეგი.

 

ეკლესიიდან ადამიანის განდევნა, რომელიც ქუჩაში აღმოჩნდა, ეს უფრო დიდი ცოდვა არ არის?

არავინ უშლის ეკლესიაში სიარულს მას, ის დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მე მისთვის ხელი არ მომიკიდია და არ გამიგდია ტაძრიდან. ის თვითონ ფიქრობს, რომ გაძევებულია.

 

ის სტიქარს იცვამს თბილისში, მაგრამ ამის უფლება არ აქვს ბათუმში. რატომ?

სტიქარი არ აცვია მრევლის უმრავლესობას, ათიათასობით ადამიანი დადის ტაძარში. ეს არ აკნინებს მათ სულიერ მდგომარეობას.

 

მას ეცვა 15 წელი სტიქარი და ამბობს, რომ ახლა აეკრძალა.

ეს იმიტომ, რომ შეუთავსებელია მისი საქმიანობა სტიქაროსნობასთან. სტიქაროსანი უნდა იყოს გამორჩეული, უმცროსი უნდა ემორჩილებოდეს უფროსს. მღვდელი ემორჩილება მღვდელმთავარს, მღვდელმთავარი – პატრიარქს, მრევლი ემორჩილება მღვდელს. წესია ასეთი და ამ წესს ვერავინ შეცვლის, რადგან ეკლესია არაა დემოკრატიული ინსტიტუტი, ესაა ღვთის სახლი, სადაც არის მორჩილება, ჩვენ ვემორჩილებით ღვთის მცნებებს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ცხოვრებით, ეს ცუდი მაგალითია სხვა სტიქაროსნებისთვის. მისი საქციელი არ არის მისაღები.

 

საქციელი, ანუ წარბის ამოღება და სანაპიროზე გადაღებული ფოტო?

დიახ. ამ ადამიანის ფეისბუქგვერდზე შედით, შეადარეთ სხვა სტიქაროსნის გვერდებს და ნახეთ სხვაობა.

 

დავითი ამბობს, რომ პროფესიით მოდელია. ანუ მოდელი, ჟურნალისტი, ექიმი ეკლესიისთვის მიუღებელია?

 

რა შუაშია ეს. თუ ჟურნალისტია ადამიანი და ტყუილებს წერს, არ აქვს უფლება იყოს სტიქაროსანი. ექიმი, რომელიც აბორტებს აკეთებს, ფულის გარეშე პაციენტს არ იღებს, კლავს ჩვილს, მას არ აქვს ზიარების უფლება. მღვდელი, რომელიც მის უფლებას არ ახორციელებს, მას არ აქვს უფლება მღდელმოქმედების.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი