სვეტიცხოველი მსახურების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეივსო, თუმცა საპატრიარქოს დაცვა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სპეციალური საშვის მქონე პირებს ტაძარში მაინც უშვებდნენ. ამ ფაქტმა, მრევლის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
პატრიარქის გამოჩენამდე დაცვის თანამშრომლებმა მომლოცველებს ცოცხალი კორიდორის გაკეთებისაკენ მოუწოდეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მათ თხოვნას არ ემორჩილებოდნენ და ტაძარში შეღწევას ცდილობდნენ. კორიდორის გაკეთებაში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს სასულიერო პირებიც ეხმარებოდნენ, რომლებმაც გზის შემოსასაზღვრად მებაირაღეების ცოცხალი ჯაჭვი დააყენეს.
ტაძრის ეზოში პატრიარქი ილია მეორე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთად მოვიდნენ.
მათ მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი სვეტიცხოველის მთავარ შესასვლელთან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა. პრეზიდენტმა მართლმადიდებელ მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან კიდევ უფრო ბედნიერი და ლამაზი გახდება ცხოვრება. პრეზიდენტის მილოცვას მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
მომლოცველები, რომლებმაც სვეტიცხოველში შესვლა ვერ მოახერხეს, პატრიარქის ეპისტოლეს ეზოში განლაგებული ხმის გამაძლიერებლებით ისმენდნენ და წვიმას თავს კარვებში აფარებდნენ. ეს კარვები პატრიარქის მიერ დაწესებული მადლიერების დღის აღსანიშნავად გაშალეს. ილია II-ის ინიციატივით, დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი და ყოჩი. საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს ცერემონია, დღეს 18:00 საათზე ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. ამ ინიციატივას თეოლოგები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი აკრიტიკებენ.
პატრიარქის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამია, რომ შესაძლოა, სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტისთვის მომგებიანია, მაგრამ ის ძალიან უარყოფით მოვლენაა. ილია II ეპისტოლეში ამბობს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა თქვას სიტყვა ამ მიმართულებით, რათა ქვეყნის მომავალი დაიცვას. პატრიარქი ყურადღებას განსაკუთრებით ონლაინ-კაზონოზე ამახვილებს.
პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში ასევე საუბრობს ქართული სუფრის ტრადიციებზე. მისი თქმით, არასწორი ცხოვრების წესმა ტრადიციული ურთიერთობები დაარღვია, კერძოდ, სუფრა დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, ფარისევლურ ქება-დიდებად.
მსახურება სვეტიცხოვლის ტაძარში გვიან ღამემდე გაგრძელდა.






