აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. ქალთა მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია და მათი უფლებები უწინდებურად ირღვევა.
“ფემინისტბის დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრის, ბაია პატარაია განცხადებით, ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. მისი თქმით, პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ იძლევა საშუალებას სრულად გამოვლინდეს მათი პოტენციალი.
“კვოტებიც ისეთივე საჭიროა, როგორც დამცავი ღვედი მანქანაში. დღეს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არაჩვეულებრივი და პროფესიონალი ქალი არსებობს, ისინი გადაწყვეტილებას არ იღებენ. მათი ხმა არ ისმის. ქალები დღეს უმრავლესობა ვართ: მოსახლეობაშიც და ამომრჩევლებშიც, მაგრამ როდესაც პარტიები ადგენენ სიებს, ისინი არ აყენებენ ქალების კანდიდატურას. სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ ამომრჩევლები არ აძლევენ ხმას. სინამდვილეში, ამომრჩევლები საქართველოში ისევე აძლევენ ხმას ქალებს, როგორც კაცებს. ეს ყველა კვლევით დასტურდება. მაშინ რატომ არ გვყავს ქალები პარლამენტში? იმიტომ, რომ ქალები არ არიან დაყენებული მაჟორიტარ კანდიდატებად, იმიტომ, რომ ქალები არ არიან პარტიულ სიებში, იმიტომ, რომ ქალები თუ არიან პარტიულ სიებში – არიან ბოლოში,” – განაცხადა ბაია პატარაიამ.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კვოტების დაწესებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ქალთა მოძრაობის მოთხოვნას საპარლამენტო მანდატებზე ქალებისათვის სპეციალური კვოტების დაწესების თაობაზე მხარს ზოგიერთი საპარლამენტო ძალაც უჭერს. პარლამენტში არჩეული ქალების რაოდენობის თვალსაზრისით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.
“რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ დავიწყებთ ამაზე საუბარს, არც ერთი პარლამენტის წევრი, არც ერთი ადამიანი არ იქნება მზად [ქალთა უფლებებზე] დავიწყოთ საუბარი. არათუ დავიწყოთ საუბარი, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება და ხელი შევუწყოთ მეტ ქალს პარლამენტში. ამიტომაც მნიშვნელოვანია რვა მარტის აქცია და ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ქალის გაძლიერებას და მონაწილებას შეუწყობს ხელს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ კორძაიამ.
მოგვიანებით რვა მარტის აქციის მონაწილეებმა ყოფილი პარლამენტის ტერიტორიიდან გუდიაშვილის სკვერში გადაინაცვლეს, სადაც სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალების მიერ დამზადებული საკვები პროდუქტის, თექისა და სხვა მასალებისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გუდიაშვილის ბაღში უამინდობის გამო აქციაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ქალთა მიერ დამზადებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მაინც მოეწყო.
რვა მარტის აქცია ”ქალთა მოძრაობის” ორგანიზებით დაიგეგმა და მასში დაახლოებით 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობაში პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ქალთა მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, 8 მარტის აქცია-მსვლელობა მიზნად ისახავდა ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ის პირველად 1909 წელს აღნიშნეს, როცა ქალთა უფლებების დასაცავად აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მარში მოეწყო.
2015 წელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა წლად გამოცხადა. 2014 წლის 11 თვეში, პროკურატურის მონაცემებით, 19 ოჯახში ქალი ძალადობის ნიადაგზე მოკლეს.