საზოგადოება

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება

27 იანვარი, 2015 •
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება

“ვერ მიგვაქვს მოსახლეობამდე ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა არ არის მოტივირებული ჩაიტაროს გამოკვლევები, ამიტომ ჩვენი მიზანია მოვიცვათ ყველა ქალი”,- ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც დღეს, 27 იანვარს თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის, ეროვნული სკრინინგ-ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილ პრესკონფერენცია გამართა.

 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სკრინინგ-პროგრამაში ქალთა 8%-ზე ცოტა მეტია ჩართული [თბილისი-15%]. ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორი, რემა ღვამიჩავა მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ პროგრამის ხარვეზადაც შეიძლება ჩაითვალოს. 

 

“აქამდე ეს პროგრამა ოპორტუნისტულ ჩართვას ითვალისწინებდა. ვინც გაიგებდა და მოვიდოდა, ისინი ერთვებოდენ. ასეთი მიდგომა დაბალი მოცვის მაჩვენებელი აღმოჩნდა. ახალი მიდგომა პროგრამაში ქალების პერსონალიზებულად ჩართვას ითვალისწინებს. თითოეული ქალი საკუთარ სახელზე მიიღებს წერილს ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, – მივიდეს სკრინინგზე”,- ამბობს ღვამიჩავა.

 

თუ აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ ადრესატის სახელი და გვარი პროგრამის ბაზაში არ დაფიქსირდება, კიდევ რამდენჯერმე შეახსენებენ, რომ გამოკვლევის ჩასატარებლად მივიდეს. საბოლოო ფაზა მასთან პირადი ვიზიტი და ინფორმაციის პირადად მიწოდება იქნება.

 

ქალის სკრინინგის ჩართვაში მნიშვნელოვანი რგოლი პირველადი ჯანდაცვა გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის, ოჯახის ექიმს უშუალო ვალდებულება დაეკისრება პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ქალს, სკრინინგის პროგრამამდე მიიყვანოს და შემდგომი მეთვალყურეობა განახორციელოს. 

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება სახელმწიფომ UNFPA -ის ტექნიკური დახმარებით გურჯაანის რაიონის მიზნობრივ მოსახლეობაში დაიწყო. 

 

2015 წელს  საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტის შემუშავება და ეტაპობივად დანერგვა თბილისშიც დაიგეგმა.

 

“ეს საშუალებას მოგვცემს, კიბოსწინარე დაავადებები გამოვლინდეს და კიბო ადრეულ სტადიაზე განიკურნოს. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის კიბოს პრევენცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა, ვინაიდან მკურნალობა დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული”,- ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველო ოფისის ხელმძღვანელი.

 

სახელმწიფოსთვის გრძელვადიან ხარჯთეფექტურობაზე საუბრობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვოსა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გელა ჩივიაშვილი.

 

“პრევენციაში გადახდილი თანხა ბრუნდება იმით, რომ საზოგადოება ჯანმრთელია და არც ასტრონომიული თანხები იხარჯება მის მკურნალობაზე”,- აცხადებს ჩივიაშვილი.

 

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი [თბილისში – 18] სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. უფასო მომსახურებით, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაც სარგებლობს.

საშვილოსნოს ყელის კიბო ძუძუს კიბოს შემდეგ ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალთა შორის.

 

მსოფლიოში 2012 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 528 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 266 000 ქალი გარდაიცვალა. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს 80%–ზე მეტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. 

საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა მსგავსად, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაშიც მაღალი სიკვდილიანობის და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლების ძირითადი მიზეზი დაავადებათა დაგვიანებულ ეტაპზე გამოვლენაა. 2013 წლის ეროვნული მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 58% გამოვლინდა მესამე და მეოთხე სტადიაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი