საზოგადოება

სერტიფიცირებული მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის მიღმა

21 ნოემბერი, 2014 • • 2783
სერტიფიცირებული მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის მიღმა

ნეტგაზეთის კითხვას, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებულ მასწავლებელთა ჯგუფში Teachers of Georgia, თუ რატომ დარჩნენ საგაკვეთილო პროცესის მიღმა სერტიფიცირებული მასწავლებლები, ათეულობით პედაგოგი გამოეხმაურა. ყველა მათგანი აცხადებს, რომ სახელმწიფომ პირობა, რომ სკოლებში 2015 წლისთვის მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები იმუშავებდნენ, არ შეასრულა.

 

“უმუშევარი სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ. 2 სერტიფიკატი მაქვს, დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის და მაღალი კლასების, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წითელი დიპლომი და 11 წელი მუშაობის სტაჟი. ამაოდ ვეძებ სამსახურს. იმავე მდგომარეობაშია ჩემი კოლეგა, რომელიც სკოლაში მუშაობდა, კლასების შემცირების შემდეგ, როგორც სკოლაში ბოლო წლებში მისული, გაათავისუფლეს, სერტიფიკატი აიღო, მაგრამ სკოლაში ვეღარ შევიდა. გვპირდებოდნენ, რომ ჯერ 2014-დან, შემდეგ 2015 წლიდან სკოლაში მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები იქნებოდნენ,”- ამბობს ლალი ჯანიაშვილი.

 

“გარდა სერტიფიკატისა, 35 წლის სამუშაო სტაჟი მაქვს, ეს ის საკითხია, რომლის  გადაწყვეტა ან არ შეუძლია, ან არ უნდა განათლების სამინისტროს. ეს, თავის მხრივ, არის უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც არ ან ვერ ასრულებს თავის პირობას – არ აძლევს სამსახურს იმ პედაგოგებს, რომლებმაც პინათლად შეასრულეს სახელმწიფო დაკვეთა – ჩააბარეს  სასერტიფიკაციო გამოცდები. ალბათ, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ მოიპოვება. სახელმწიფოს ნებისმიერი პირობა უნდა შესრულდეს. მე ვარ სერტიფიცირებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სამსახურს ვერ ვპოულობ. გავაგზავნე ჩემი მონაცემები გამოცხადებულ ვაკანსიებზე ბევრ სკოლაში, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. ეს ვაკანსიებიც ბლეფია. მივმართე განათლების სამინისტროს დახმარებისთვის. ამ უწყებამ თხოვნაზე უარით მიპასუხა,” – აცხადებს მანანა ცანავა.

 

“სკოლაში მუშაობა ვაკანსიების არარსებობის გამო ვერ დავიწყე. სამგზის სერტიფიცირებული ვარ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური/კომპიუტერი და 1-6 კლასის ქართულის მასწავლებლობის უფლება მაქვს მოპოვებული. საჯარო სკოლაში ვაკანსია არ აღმოჩნდა”, – ამბობს ლელა ღონღაძე.

 

“2012 წელს ჩავაბარე. მანამდე 23-ე საჯარო სკოლაში ვიყავი მაძიებლად. სერტიფიცირების გავლის შემდეგ იმავე სკოლაში შევიტანე საბუთები, დირექტორმა, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული მასწავლებლის აყვანა მირჩევნია, მაგრამ ძველებს ვერ გავუშვებო და მის მერე აღარც დაურეკავს. მეგონა, დაბრკოლება არ მექნებოდა და უპირატესობას მომანიჭებდნენ, როგორც სერტიფიცირებულს,” – ამბობს ცისანა შერგილაშვილი.

 

“მაძიებელი ვიყავი 2012 წელს, როდესაც უნარებში გამოცდა ჩავაბარე. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ვცხოვრობ და ამავე სკოლაში მინდოდა მუშაობის დაწყება, თუმცა საათი არ მომცეს და არასერტიფიცირებული პედაგოგი შეუშვეს დაწყებითებში. არც ერთი არაა იქ სერტიფიცირებული. სამართალი ვერ ვიპოვე, ასე უნდათ და მორჩა,”- ამბობს თამილა მღებრიშვილი-გოგიაშვილი.

 

ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო კვიტაიშვილი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ოფიციალური სტატისტიკა, შესაძლოა, რეალობას არ ასახავდეს.

 

“ეს ოფიციალური სტატისტიკა მაინც გადასახედია. მეც სერტიფიცირებული ვარ, ინტერესის გამო გავიარე სერტიფიცირება, ჩემს თავს დავუდასტურე, რომ მასწავლებლის კომპეტენციას ვპასუხობ, მაგრამ სხვაგან ვმუშაობ. არიან სხვა ადამიანებიც ასე, რომლებიც სხვა პოზიციებზე მუშაობენ და პარალელურად სერტიფიცირებული არიან,”- აცხადებს ნინო კვიტაიშვილი.

თუმცა კვლევა სახელწოდებით “მასწავლებელთა სერტიფიცირება საქართველოში”, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წელს ჩაატარა, ამბობს, რომ 1700 სერტიფიცირებული პედაგოგიდან, 1400-ს საგაკვეთილო საათები არ აქვს. 

 

ნინო კვიტაიშვილის, განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებითვე, საქართველოს რეგიონებში არის საჯარო სკოლები, სადაც კადრების ნაკლებობაა.

 

“არის სკოლები რეგიონებში, საიდანაც გვწერენ, რომ ამა თუ იმ საგნის პედაგოგი უნდათ. ბევრი გაემგზავრა კიდევ. რა თქმა უნდა, ადგილები სკოლებში ძირითადად შევსებულია. ამ პედაგოგებმა ვაკანსიების გვერდს უნდა მიადევნონ თვალი. პირდაპირ სკოლებს არ უნდა მიაკითხონ. ეს შეცდომაა.”

 

მაია მიმინოშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნულ საკითხზე “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ  სახელმწიფო ვერ ჩაერევა სერტიფიცირებულ პედაგოგთა სკოლებში დასაქმების საკითხში.

 

“სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? – ხომ ვერ აიძულებს დირექტორს, სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღოს? სკოლის გადასაწყვეტია, ხელშეკრულებას დაუდებს თუ არა ამა თუ იმ მასწავლებელს. სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია, რომელ მასწავლებელს აირჩევს. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სერტიფიცირებულ მასწავლებელს, მაგრამ შეიძლება კონკრეტულმა დირექტორმა გადაწყვიტოს და დარწმუნებული იყოს, რომ მასწავლებელი, რომელსაც სერტიფიცირების პროცესში არ მიუღია მონაწილეობა, ათი თავით ჯობია სერტიფიცირებულ პედაგოგს.”

 

გამოკითხული მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილების შევსება საპენსიო ასაკის მასწავლებლების ჩანაცვლებით იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას განათლების სამინისტროში არ ეთანხმებიან.

 

“მე თავად ვიყავი სკოლის დირექტორი და შემიძლია გითხრათ, რომ საპენსიო ასაკი პედაგოგების მოღვაწეობაზე არ მოქმდებს. არ არსებობს საერთო მიდგომა, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებელმა უნდა დატოვოს სკოლა და პედაგოგიური საქმიანობა არ უნდა გააგრძელოს,”- აცხადებს ნინო კვიტაიშვლი.

 

რაც შეეხება სამინისტროს ერთიან პოლიტიკას სერტიფიცირებულ პედაგოგთა მიმართებაში, ასეთი არ არსებობს.

 

განათლების საკითხთა მკლევარი, სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებზე მეტად პრობლემატური სხვა საკითხია:

 

“პრობლემა არის არა ის, რომ სერტიფიცირებული პედაგოგები არიან სკოლის გარეთ, არამედ ის, რომ მასწავლებლების ის რაოდენობაა სკოლებში, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციების ზღვარს ვერ ძლევს, გამოცდებში ჩაიჭრა ორჯერ და ა.შ.”- ამბობს ჯანაშია.

 

67 339 მასწავლებლიდან, რომლებიც დღესდღეობით საჯარო სკოლაში მუშაობს, სერტიფიცირების გამოცდებში მიღებული სერტიფიკატი მხოლოდ 14 226 აქვს [არასერტიფიცირებულია 53 113 პედაგოგი].

 

“ეს გვაჩვენებს ორ რამეს, იმას, რომ ხალხს სკოლაში მუშაობა უნდა და მეორე, არ არის ყოველთვის საჭირო რაოდენობის ადგილი. ხშირად ამბობენ, რომ სკოლაში მუშაობა არ უნდათ და ამიტომ მკაცრი კრიტერიუმები არ უნდა წაუყენო იმ მასწავლებელს, ვინც სკოლაში მუშაობს. ეს ინდიკატორია იმისა, რომ ეს იდეა საწინააღმდეგოდ მუშაობს. შესაძლოა, ამას სახელმწიფო პოლიტიკა უშლიდეს ხელს. ეს პოლიტიკა სკოლის დირექტორს ხელს უშლის, რომ ადვილად გაათავისუფლოს მასწავლებელი და გაჩნდეს ვაკანსია. თუ არ გაჩნდა ვაკანსიები, ახალი ხალხი ვერ მოვა სისტემაში. ნებისმიერი რამე არის სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი. მართალია, დამქირავებელი სკოლაა, მაგრამ სხვადასხვა მექანიზმს ქმნის სახელწმიფო. მასწავლებლის მიღებისა და გათავისუფლების მეტი ლიბერალიზაცია ამას ხელს შეუწყობდა,”- აცხადებს ჯანაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი