ნეტგაზეთი | საქართველოს წილი მეცნიერებაში საქართველოს წილი მეცნიერებაში – Netgazeti
RU | GE  

საქართველოს წილი მეცნიერებაში

რა ვითარებაა საქართველოში სამეცნიერო კვლევების კუთხით? როგორია ამ მხრივ საქართველოს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით? როგორ უნდა მოხდეს მეცნიერების ხელშეწყობა საქართველოში? – ამ და სხვა საკითხებზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანაავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის წარმომადგენელი თამარ ბრეგვაძე ნეტგაზეთთან საუბრობს:

მსოფლიოს მეცნიერების განვითარებისთვის რა პროდუქტს ქმნის დღეს საქართველო, რას ამბობს კვლევა, რომელიც ჩაატარეთ?

 

ჩვენ დღემდე არ გვქონდა სურათი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოში მეცნიერება, რა პროდუქტს ვქმნით, სად გვაქვს გარღვევები. ბევრია საუბარი იმაზე, როგორ ვმართოთ სისტემა, მაგრამ არაფერი ვიცით შედეგებზე.

 

შედეგების დათვლა და ანალიზი მეცნიერებაში საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში ასახული სამეცნიერო პროდუქტით ხდება. მათში სამეცნიერო პროდუქტის მოხვედრა მსოფლიო მეცნიერთა საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება. აქამდე არ იყო აღრიცხული, საქართველოდან რამდენი პუბლიკაცია ქვეყნდებოდა ამ ჟურნალებში. რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის და რა რეკომენდაციები უნდა შემუშავებულიყო ზოგადი პოლიტიკისთვის, აღნიშნულ კვლევაში სწორედ მე ვაკეთდებდი ამ პუბლიკაციების ანალიზს.

 

ის, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად მეცნიერების სფეროში, როგორ ვითარდება, ორი ფაქტორით ისაზღვრება – ამ ჟურნალებში ასახული სტატიების რაოდენობით, და მეორე – ხარისხით.

 

კვლევაში დროის რა მონაკვეთზე და სტატიების რა რაოდენობაზე ვსაუბრობთ?

 

კვლევაში 2005 წლის შემდეგ და ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გამოქვეყნებულ სტატიებზე ვსაუბრობთ. ამ ანგარიშში იკვეთება, რომ არ არის ისეთი მძიმე მდგომრეობა, როგორც წარმოგვედგინა კვლევის დაწყებამდე, თუმცა, თუ შევადარებთ, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, უარესი მდგომარეობაა. სამეცნიერო სტატიების ნაკლები რაოდენობა გვაქვს მეზობელ სომხეთთან შედარებითაც.

 

საქართველოდან წელიწადში დაახლოებით 800 სამეცნიერო სტატია იბეჭდება საქართველოს ავტორების სახელით.




 

რომელია ის ძირითადი სფეროები საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი კვლევა თუ სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა?

 

ეს არის ფიზიკა, მათემატიკა და მედიცინა. ფიზიკა და მათემატიკა ბევრ პოსტსაბჭთა ქვეყანაში ძლიერი მხარეა, ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ პოსტაბჭოთა ინერცია ისევ მოქმედებს, მაგრამ მედიცინა კონკრეტულად ჩვენთვის აღმოჩნდა დამახასიათებელი.

 

მედიცინის რომელი დარგებიდან არის ყველაზე ბევრი სტატია?

 

იმის გამო, რომ საქართველოდან მოხვედრილი სტატიების საერთო მოცულობა არ არის ძალიან დიდი [საერთო ჯამში, 800 სტატია წლიურად], უფრო ღრმად ვერ ვაკეთებთ ანალიზს და სანდო დასკვნას ვერ ვდებთ ამ მხრივ.  

 

რა მდგომარეობაა მეორე კრიტერიუმის – ქართველი მკლევარების/მეცნიერების ციტირების მხრივ?

 

საერთო ჯამში, რაოდენობაზე მეტად სტატიების ხარისხის მხრივ უკეთესი მდგომარებაა, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ციტირების კარგი მაჩვენებლები გვაქვს. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ თავად ქართველი მეცნიერები თავიანთ ნაშრომებში ერთმანეთის ციტირებას ნაკლებად ახდენენ [ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცინიერო საზოგადოებისთვის]. ციტირება – ეს არის ხარისხის შეფასების ირიბი ინდიკატორი.

 

 

 

 

 

ასევე, ძალიან მნიშნელოვანია მეცნიერებაში საინჟინრო მიმართულება – პატენტების თემა. ამ მხრივ არ არის კარგი მდგომარეობა. ინოვაციების თვალსაზრისით სტაგნაცია გავქვს. ამ ანგარიშში იკვეთება, რომ რაც მეტია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, იზრდება ეს მაჩვენებელიც.

 

გარდა ამისა, საქართველოს მთელ სამეცნიერო პროდუქტს რომ შევხედოთ, სტატიების  დაახლოებით 80% ერთობლივია, ანუ რომელიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იწერება. ეს არის დადებითიც და პირიქით. დადებითი იმიტომ, რომ სამეცნიერო ქსელები ფართოვდება, მაგრამ ამავე დროს ჩანს, რომ ინერციით მივდივართ და ამ ნაშრომების შექმნის ინიციატივა სხვა ქვეყნებიდან მოდის.

 

მთელ ამ პროცესში როგორია მეცნიერებათა აკადემიის როლი, თუ არის შესული მეცნიერებათა აკადემიის წევრთა ნამუშევრები ამ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში?

 

კვლევის დროს გვქონდა მათთანაც შეხვედრა. მათი ნამუშევრებიც შესულია საერთაშორისო ჟურნალებში.

 

მე როგორც მესმის, მეცნიერებათა აკადემიას უნდა თავად იყოს მეცნიერების ექსკლუზიური შემფასებელი ქვეყანაში. მთელი იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ შემფასების განმსაზღვრელი იყოს ბევრი და არა ერთი. გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასების სისტემაში კი ბევრი აქტორი უნდა იყოს ჩართული.

 

შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები თუ მოხვდა საერთაშორისო ჟურნალებში?

 

ამ ფონდის მიერ გაცემული გრანტებიდან პროექტების დაახლოებით 30% არის ამ სტატიებში.

 

თუ გაიხსენებთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით პროექტებს საქართველოდან, რომელიც მოკლევის პერიოდში შეხვდათ?

 

ასე არ გვქონდა განხილული.

 

რა არის ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას ქვეყანაში?

 

გაიზრდოს დაფინანსება. საშუალო მაჩვენებელს 3%-მდე თუ არ გავზრდით, 1%-მდე მაინც უნდა გავზარდოთ. გარდა ამისა, უნდა მოხდეს შეფასების სისტემის ჩამოყალიბება, გასაძლიერებელია დოქტორანტურის საფეხური, სადაც უნდა მიმდინარეობდეს კვლევა. დღეს ძალიან ბევრი დოქტორანტი გვყავს პროფესორებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარისხი იკარგება. ისინი ჩართული არიან სწავლებაში და არა კვლევაში. გასაუმჯობესებელია სადოქტორო პროგრამები. და კიდევ ერთი რეკომენდაციაა ინტერნაციონალიზაცია – კვლევის შეფასების მთავარი ინსტრუმენტი ურთიერთშეფასებაა, რომელშიც ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოება.

 

თქვენ თქვით, მეცნიერების ხელშეწყობისთვის დაფინანსება უნდა გაიზარდოს, მსოფლიოში რა მოდელები არსებობს დაფინანსების?  

 

საქართველოში მშპ-ს 0.17% იხარჯება მეცნიერების ხელშეწყობაზე. ესტონეთში- 0.7% და 2020 წლამდე ამ ქვეყანას აქვს ორიენტირი 3%. საქართველოში უნდა მოხდეს დაფინანსების მოდელების დივერსიფიკაცია.

 

დაფინანსების რამდენიმე სხვადასხვა ინტსტრუმენტი არსებობს – რესურსებზე მიბმა [მაგალითად, რამდენი თანამშრომელი გყავს და რა შედეგები გაქვს], საგრანტო დაფინანსება, რომელიც კონკრეტულ პროექტებს არის მიბმული და კონტრაქტების მიხედვით დაფინანსება. საუბარია იმაზე, რომ ამ მოდელების კომბინაცია უნდა არსებობდეს და არა მხოლოდ ერთი ხაზი. მაგალითად, შოთა რუსთაველის ფონდი მოკლევადიან გრანტებს გასცემს ყველა მიმართულებით და პრიორიტეტების გარეშე. საბოლოოდ, საკმარისი თანხა არც ერთი პროექტისთვის არ რჩება. ასევე, მნიშვნელოვანია დაფინანსება იყოს გრძელვადიანი, რომ არ გამოიწვიოს პროდუქტის დაქუცმაცება, რაც საბოლოოდ ხელს უშლის მეცნიერებაში გრძელვადიან შედეგებს.

 

სად არის დღეს საქართველოს მეცნიერება, რა ადგილი უკავია მას მსოფლიოს რეიტინგებში?

 

ყველაფერი დაფინანსებასთან მიმართებაშია. იმ შედეგს ვაჩვენებთ, რაც არის დაფინანსება. არის ქვეყნები, სადაც ცოტას ხარჯავენ და მაღალი შედეგები აქვთ სწორედ მართვის მოდელების ხარჯზე. ჩვენ გასაუმჯობესებელი გვაქვს მართვის მოდელები და დაფინანსებაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი