საზოგადოება

„მე ვიხდი“ – ჟესტების ენა პატრიარქალურ საზოგადოებაში

9 სექტემბერი, 2014 •
„მე ვიხდი“ –  ჟესტების ენა პატრიარქალურ საზოგადოებაში

 

ის, რომ ქალის ფინანსური უზრუნველყოფა კაცის ვალდებულებაა, წლების განმავლობაში დამკვიდრებული შეხედულებაა. სწორედ ფულის ქონა განსაზღვრავს პირის სტატუსს და მდგომარეობას  არა მარტო ოჯახში, ზოგადად, საზოგადოებაში. საქართველოში მიაჩნიათ, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ ფულზე არ უნდა წუწუნებდეს. შესაბამისად, დამპატიჟებლის ანუ გადამხდელის როლშიც კაცი ანუ ფინანსურად წარმატებული პირი გვევლინება.

 

 

„თუ კაცს არ აქვს ყავის ფული, ასეთი სარჩენი მამაკაცი არც ერთ ქალს არ უნდა“ – ასე ფიქრობენ ის ქალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხარჯების გასტუმრება მხოლოდ კაცის ვალდებულებაა. დამოუკიდებელი ქალები კი მიიჩნევენ, რომ თანასწორუფლებიან გარემოში არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, თუ „ვინ გადაიხდის დანახარჯს“.

 

 

„თუ მე მაქვს ფული, რატომ არ უნდა გადავიხადო? თუ მეგობარია ბიჭი და ერთად მივდივართ სადმე, წინასწარ ვიცით, ვის რა ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს და დანახარჯსაც ერთად ვიღებთ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია“ – გვეუბნება 16 წლის ნანუკა.

 

 

22 წლის ქეთი ამბობს, რომ ღიზიანდება, როცა კაფეში ანგარიში თანმხლებ მამაკაცთან მოაქვთ ხოლმე. „ეს ხდება მაშინაც კი, როცა ქვითრისკენ ხელს მე ვიწვდი. ეს ნიშნავს, რომ  ადამიანების  აზროვნებაში დანახარჯის გადამხდელად ისევ კაცი მოიაზრება და არა ქალი. მე პირადად ამ ფაქტს შეურაცხყოფად ვიღებ, რადგან ვიღაც ფიქრობს, რომ მე არ მაქვს შემოსავალი, არ შემიძლია ჩემი საჭიროებების უზრუნველყოფა და აუცილებლად ვიღაცაზე ვარ დამოკიდებული“.   

 

 

თუმცა, ოჯახური თანაცხოვრების პირობებში ვალდებულებების არათანაბარი გადანაწილება ურთიერთობებში ხშირად ქმნის კრიზისს.  „სარჩენი ცოლი“, საბოლოოდ ყველა კაცს ბეზრდება. ბეზრდებათ „სარჩენი ქმრებიც“. 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში შემომტანის როლი საგრძნობლად შეიცვალა და ქალი გახდა დომინანტი ოჯახის რჩენაში, რამაც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში ქალთა აქტიურობა გაზარდა. საქართველოში დღემდე მიაჩნიათ, რომ თუ კაცი არ მუშაობს და არ აქვს პირადი შემოსავალი, ის დაჩაგრულია. თუმცა ქალს იმავე მდგომარეობაში ჩაგრულად არავინ მიიჩნევს.

 

 

გენდერის სპეციალისტი ეთუნა ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ  მამაკაცის მხრიდან ქალის დაპატიჟების ჟესტი ტრადიციის ნაწილია, რომელიც ხშირად სწორედ კაცს აქცევს ამ სტერეოტიპების  მსხვერპლად.  

 

 

„უხერხულობა იქმნება   ისეთი შემთხვევების დროს, როცა ადამიანების ჯგუფი მიდის ერთად, თუმცა დანახარჯს რატომღაც თავზე იღებს მამაკაცი. მსგავსი რამ არც ისე კარგად აისახება კაცების ფინანსურ მდგომარეობაზე, თუკი ეს ხარჯი მათ არ აქვთ გათვლილი. ეს არის ერთგვარი კულტურული წნეხი კაცზე, რომ თუ ის არ გადაიხდის, მასზე შეიძლება იქ მყოფმა ქალებმა იფიქრონ, რომ ის წუწურაქია. მე ძალიან ბევრი ბიჭისგან გამიგია, რომ როცა სამუშაო არ ჰქონდათ, გოგოებს ისინი ნაკლებად მოსწონდათ, რადგან ვერსად პატიჟებდნენ. გოგონებიც იყენებენ ბიჭებს, რადგან  ბევრია ისეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ყოველთვის ის უნდა დაპატიჟონ, გაუკეთონ საჩუქარი და ა.შ. მათი აზრით, ისინი ამ ფორმით გარკვეულ  სტატუსს ინარჩუნებენ“. 

 

 

პარალელურად, როგორც ეთუნა ნოღაიდელი ამბობს, ფულის ქონა, ეს არის  მამაკაცის ღირსების საკითხი და არც ქალთან საკუთარი უპირატესობის გამოხატვის ფორმა.

 

 

„კაცი ცდილობს გადაიხადოს, ვთქვათ, ყავის ფული და ამ ფორმით სცეს ქალს პატივი, რომელსაც ხშირად აქვს მოსყიდვის ფორმა. თუმცა, მეორე მხრივ, ქალის მხრიდანაც შეიძლება ამას ჰქონდეს მამაკაცის გამოყენების ფორმა. მე პირადად ამ საკითხს ასე ვუყურებ, თუ ადამიანი არ მიცნობს კარგად, მაგრამ მპატიჟებს სადმე, ნამდვილად მექნება იმის მოლოდინი, რომ დანახარჯს ის გადაიხდის. თუ მე დავპატიჟებ, მაშინ ბუნებრივია, არ მექნება ამის მოლოდინი და ძალიან გამიკვირდება და თავს უხერხულად ვიგრძნობ, თუ ჭიდაობა დაიწყება გადახდაზე“. 

 

 

ეთუნა ნოღაიდელის აზრით, სწორედ ამ დროს ჩნდება ქალის დაქვემდებარების მომენტიც. „მაგალითისთვის ავიღოთ  კლუბები, სადაც ქალის შესვლა უფასოა, კაცის კი – ფასიანი. ეს ერთი შეხედვით აღიქმება, როგორც კაცების დისკრიმინაცია, მაგრამ თუ ჩავეძიებით რატომ ხდება ასე, საფუძველში სწორედ სექსისტურ დამოკიდებულებას აღმოვაჩენთ. ამ შემთხვევაშიც ქალს, როგორც მოხმარების ობიექტს, ისე განიხილავენ – ანუ ქალს „უფასოდ“ იმიტომ უხსნიან გზას, რომ შემდეგ ამ „პროდუქტის“ მომხმარებელი – მამაკაცი მიიზიდონ. ამ პოლიტიკის მიხედვით,  კვლავაც მხოლოდ მამაკაცი განიხილება მსყიდველუნარიან სუბიექტად, ხოლო ქალი – უუნარო ობიექტად“.  

 

 

საქართველოში, დაპატიჟება ხშირად მიდის ვალდებულების განცდამდე: „თუ კაცი იმიტომ პატიჟებს ქალს ან ადგილს უთმობს ტრანსპორტში, რომ შემდეგ განსაზღვრული ადგილი მიუჩინოს, ასეთი „დაფასება და პატივისცემა“, ვფიქრობ, ისევ მამაკაცის ძალაუფლების დემონსტრირებამდე მიდის, რაც ემანსიპირებულ ქალს ბუნებრივია არ სჭირდება. სწორედ ამიტომ ურჩევნია საზოგადოების ე.წ. ტრადიციულ ნაწილს ქალი დარჩეს „თავის ადგილზე“, ანუ კაცზე იყოს დაქვემდებარებული. ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალის მოსყიდვა ძნელია, თუმცა ხშირად საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმას, რომ გულწრფელი ურთიერთობებისთვის სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანი“. 

 

 

სტერეოტიპული შეხედულებების გამო ხშირად ფინანსურად დამოუკიდებელი ქალების ცხოვრებაშიც კი იშვიათად იცვლება სურათი. ისეთ ოჯახში, სადაც ქალია ძირითადი შემომტანი, კაცისგან განსხვავებით მისი შრომა არ მსუბუქდება. „ბევრ ქალს ეს ნორმად მიაჩნია, რადგან თვითონაც ფიქრობს, რომ `სახლის დალაგება, საჭმლის კეთება რა კაცის საქმეა“. ქალი თვითონ არის პასიურ როლში, რადგან ისიც ამ კულტურაში გაიზარდა, ასე აღზარდეს და ეს არის მისთვის ნორმა.  ტრადიციულ ოჯახში ქალებს არ აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ქმარი ხარჯავს ცოლის შემოტანილ ფულს. სტერეოტიპით იზრდებიან შვილებიც, რადგან, როცა დედა ამზადებს სადილს ან ვთქვათ ტკბილეულს, დასახმარებლად აუცილებლად გოგო შვილს ეძახის და არასდროს ბიჭს. მე პირადად, ასე არ ვიქცევი“.

 

 

 

გენდერის სპეციალისტის აზრით, ცვლილებების როლი ასეთ შემთხვევაში ქალებზე მოდის, რადგან არც ერთ ქვეყანაში ცვლილება არ მოუხდენია იმ ჯგუფს, რომელსაც ჰქონდა უპირატესობა. „მდიდრებს არ მიუციათ მუშებისთვის უფლებები, არც შავკანიანებისთვის უჩუქებია არავის თავისუფლება, ისინი თვითონ ითხოვდნენ და იბრძოდნენ ამისთვის. თუ ჩაგრული თვითონ არ მოითხოვს, მჩაგვრელი არასდროს  მისცემს მას თავისუფლებას.

 

 

დღეს კაცი არის კომფორტულ ზონაში. შესაბამისად, ის არ შეცვლის თავის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტერეოტიპების მსხვერპლნი ისინიც ხშირად ხდებიან. თუნდაც მაშინ, როცა ტრადიცია განუსაზღვრავს მას, რომ „შვილის აღზრდა კაცის საქმე არ არის“. კაცს სტერეოტიპი ართმევს შვილთან ურთიერთობით გამოწვეულ უდიდეს სიამოვნებას, რომელსაც ის ვერ აცნობიერებს“.

 

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით, „კაცური საქმეების“ ჩამონათვალში დღემდე რჩება: „გადასახადების გახდა, საკვების ყიდვა და საოჯახო ნივთების შეკეთება“. სხვა დანარჩენი, – იქნება ეს შვილის აღზრდა, დალაგება-დასუფთავება, საჭმლის მომზადება თუ სხვა რამ, ქალის ვალდებულებების ნუსხაშია შეტანილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი