საზოგადოება

რა შეიცვლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალ სასწავლო წელს

18 აგვისტო, 2014 • • 1863
რა შეიცვლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალ სასწავლო წელს

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც სკოლის მასწავლებლებსა და სასწავლო პროცესით დაინტერესებულებს განათლების სამინისტრომ ცვლილებები გააცნო, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ ცვლილებებზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

მინისტრის თქმით, გაკეთდა შედარებითი ანალიზი ბრიტანეთის, ფინეთისა და ესტონეთის სასწავლო გეგმებთან და ამის შემდეგ დაისახა მიზნები, რა ცვლილებები უნდა ჩატარებულიყო. მინისტრის თქმით, 2013 წლიდან დაიწყო მონიტორინგი იმისა, თუ როგორ ინერგება ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებში.

მინისტრის თქმით, სასწავლო წელი საინტერესო და დინამიკური იქნება. 2014-2015 სასწავლო წელი გახანგრძლივდა, ძირითადად, ზამთრის არდადეგების ხაჯრზე და საბოლოოდ სამი დღით გადაიწევს სასწავლო წლის დასრულება. მინისტრის თქმით, სასწავლო წელი 36-კვირიანი იქნება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველ კლასში წინა პლანზე წამოიწევს წაკითხულის გააზრება. მინისტრის თქმით, არაერთმა საერთაშორისო კვლევამ ცხადჰყო, რომ საქართველოს განათლების სისტემას ანალიტიკური აზროვნების კუთხით ჩავარდნა აქვს.

 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კონფერენცია. 18.08.2014
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კონფერენცია. 18.08.2014

სასწავლო გეგმის მიხედვით, დამატებითი საათები დაეთმობა კარიერის დაგეგმვას, რომლის ფარგლებში მოსწავლეები კომპანიებს, საწარმოებსა და უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრებიან.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ გზით სწავლის პროცესი მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და ინტერაქტიული გახდება:

“ეს ცვლილებები აუცილებელია, რომ შესაბამისობაში მოვიდეს თითოეული საათი  ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების განხორციელებასთან.”

თამარ სანიკიძე ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კონფერენციაზე. 18.08.2014
თამარ სანიკიძე ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კონფერენციაზე. 18.08.2014

სასწავლო გეგმის მიხედვით, აბიტურის საათის ფორმატი შეიცვლება და მას სკოლები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ. სანიკიძის თქმით, აბიტურის საათი “უფრო მეტად იქნება მორგებული სკოლის საჭიროებეს.”

მინისტრის თქმით, 2015 წლიდან ამუშავდება პროგრამა, რომელიც აკადემიურ ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას გაზრდის. სანიკიძის თქმით, ანალოგიური პროგრამა შეიქმნება ინკლუზიური განათლების მიმართულებით: სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლებს მიაწოდებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა თავისი შვილის აღზდაში სკოლასთან ერთად.

საქართველოს პარლამენტის განათლები საკითხთა კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე “უპრეცედენტოს” უწოდებს სასწავლო გეგმას. მას მიაჩნია, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ექნება ყველას, მათ შორის საქართგველოს რეგიონებში მცხოვრებლებს.

პარლამენტარი ამბობს, რომ ამ სასწავლო გეგმას ყველა პოლიტიკურმა ძალამ მხარი უნდა დაუჭიროს:

“დიდია მოლოდინი, როგორ უნდა ამაღლდეს თავად პედაგოგების, სასწავლო პროცესის ხარისხი, მე ვფიქრობ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ასეთი დახვეწილი სასწავლო გეგმა და განათლების სტრატეგია არ ჰქონია.”

ირმა სამხარაძე, 72-ე საჯარო სკოლის მასწვალებელი ამბობს, რომ იგი ჯერ არ გაცნობია სასწავლო გეგმის დეტალებს, თუმცა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც გაიგო, მისთვის მისაღებია.

 

მასწავლებელი დადებითად აფასებს სასწავლო პროცესში თანამედროვ სტანდარტების დანერგვას, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს გახდის.

ირმა სამხარაძე მიიჩნევს, რომ საათობრივი ბადე, თუ რომელ საგანს რამდენი საათი უნდა დაეთმოს სასწავლო წლის განმავლობაში, მასწავლებლების გადამზადების საკითხი, დასახვეწია.

მას მიაჩნია, რომ სერტიფიცირებისთვის  მხოლოდ გამოცდა არ უნდა იყოს საკმარისი და მიესალმება იმას, რომ შეიქმნება მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც ზოგადად მის აქტიურობას შეაფასებს და მხოლოდ ტესტირებაზე არ იქნება ყურადღება გამახვილებული.

“გამოცდების გარდა ჩვენ გვთავაზობენ გარკვეულ ეტაპებს, და სკოლებში გვექნება პორტფოლიოები, იმის შემოწმება მოხდება და იმის მიხედვით შეაფასებენ”.

მასწავლებლების შეფასების ახალ სისტემას იწონებს ასევე 51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია ჭანკვეტაძე.

ლია ჭანკვეტაძეს მოსწონს, რომ მასწავლებლები დაიყოფიან 4 კატეგორიად, რომლებიც შესაბამისად მიიღებენ ანაზღაურებას. მისი აზრით, ახალი სისტემა მასწავლებლებს განვითარების მეტ შესაძლებლობას უხსნის.

“თუ მასწავლებელს უნდა მატერიალური უზრუნველყოფა გაიზარდოს, დააგროვებს კრედიტებს, იმუშავებს საკუთარ თავზე და გადავა ახალ კატეგორიაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი