საზოგადოება

13 არასამთავრობო ფობიის წინააღმდეგ გაერთიანდა

7 მაისი, 2014 • • 1805
13 არასამთავრობო ფობიის წინააღმდეგ გაერთიანდა

პლატფორმის მიზანია, დაიცვას ის ჯგუფები, რომლებიც ხდებიან დისკრიმინაციისა და სიძულვილის ობიექტი.

 

“ჩვენი ხელმოწერით დავადასტურებთ, რომ შეურიგებელი ვართ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მათ მიმართ სიძულვილის გაღვივებისადმი”, – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა, “მედიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა. 

 

კლუბ “ფრონტლაინში” გამართულ შეხვედრაზე პლატფორმაში გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლის მიზანიცაა სიძულვილის ენისაგან თავისუფალი სივრცის შექმნა.

 

დასახული მიზნის მისაღწევად პლატფორმა აპირებს მედიის მონიტორინგს, პოლიტიკურ პარტიებთან თანაშრომლობას სიძულვილის ენის გამოყენებაზე უარის თქმის კუთხითა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას იმაზე, თუ რა საფრთხეებს შეიცავს განსხვავებული ადამიანებისადმი შეუწყნარებლობის გამოვლინება და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბება.

 

არა ფობიას
არა ფობიას

თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ პლატორმაში მონაწილე ორგანიზაციებს უკვე შეტანილი აქვთ სამი სარჩელი მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების რეაგირებისთვის:  “რუსთავი 2”-ისა და “პირველი არხის” თვითრეგულირების მექანიზმში და გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში:

 

“იმედი გვაქვს, რომ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, რომ გააცნობიეროს მედიამ თავისი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მედიას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება”.

 

პლატფორმას სურვილი აქვს საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს ხელი შეუწყონ ან გააძლიერონ შიდაპარტიული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საქმიანობაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების აღმოფხვრას.

 

თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი

კინწურაშვილის თქმით, შესაძლოა ის პოლიტიკური პარტიები და მედიები, რომლებიც გამოირჩევიან ჰომოფობიური რიტორიკით, თავდაპირველად არ წამოვიდნენ თანამშრომლობაზე, მაგრამ თუ პლატფორმის მუშაობას მოყვება საზოგადოებრივი დისკუსია და კრიტიკა, მაშინ ისინი გადახედავენ თავიანთ პოლიტიკას.

 

პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა ახალი საიტი, რომელზეც გამოქვეყნდება მასში გაერთიანებული ორგანიზაციების ბიულეტენი და განცხადებები.

არა ფობიას პრეზენტაცია
არა ფობიას პრეზენტაცია

პლატფორმას შეუერთდნენ “მედიის განვითარების ფონდი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “იდენტობა”, “უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “ღია საზოგადოება- საქართველო”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”  და კავშირი “საფარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი