საზოგადოება

რა იწვევს სექსუალურ შეუთავსებლობას

25 თებერვალი, 2014 • 9844
რა იწვევს სექსუალურ შეუთავსებლობას

 

 

ბატონო ზურაბ, პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ ამ თემაზე, იგულისხმება ანატომიური თუ სექსუალური პრობლემები?

 

კლასიკური გაგებით სექსუალურ დისჰარმონია არის სექსუალური პარტნიორების ურთიერთადაპტაციის პროცესში წარმოქმნილი დარღვევები. სექსუალური დისჰარმონია/შეუთავსებლობა სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იქნას გამოწვეული, მათ შორის ანატომიური ფაქტორებითაც, მაგრამ დისჰარმონიის მიზეზი ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორებია. შეუთავსებლობა შეიძლება იყოს გამოწვეული სოციალური და ყოფითი ფაქტორებითაც. 

 

 

ყოფით ფაქტორებში იგულისხმება პარტნიორების, მეუღლეების ეკონომიკური მდგომარეობა?

 

 

ეკონომიკური მდგომარეობა, ნათესავებთან ურთიერთობა, ოჯახური კონფლიქტები სხვა ყოფითი პრობლემები… როცა წყვილს არა აქვს ცალკე ცხოვრების საშუალება, რომ განმარტოვდნენ – ესეც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ურთიერთადაპტაციის პროცესში წარმოქმნილი დარღვევებისა.

 

 

სექსუალური შეუთავსებლობა აუცილებლად  ასოცირებულიa სექსუალურ დისფუნქციასთან, ანორგაზმიასთან, ერექციულ დისფუნქციასთან ან ეაკულაციის დარღვევასთან მამაკაცში? შეიძლება ორივე, მამაკაციც და ქალიც იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მაინც ადგილი ჰქონდეს შეუთავსებლობას?  

რა თქმა უნდა, ხშირია შემთხვევები, როდესაც დისჰარმონია ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის სექსუალური დისფუნქციითაა გამოწვეული, მაგრამ არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მაინც არის დისჰარმონია, მაგრამ ქალიც და კაციც ჯანმრთელია. 

 

 

რამდენად ხშირად მოგმართავენ წყვილები მსგავსი პრობლემებით?

 

 

საკმაოდ დიდი რაოდენობაა წყვილების, რომლებსაც ეს პრობლემა ამა თუ იმ სახით აწუხებთ, რიგ შემთხვევებში ეს იღებს საკმაოდ მძიმე ფორმას და ემუქრება ოჯახის არსებობას. საკმაოდ ხშირად სექსოლოგის ჩარევა შველის ამ პრობლემას.

 

 

როცა ვსაუბრობთ ჩარევაზე, გულისხმობთ ფსიქოლოგიურ თუ მედიკამენტოზურ დახმარებას?

 

 

ყველაფერს. ნებისმიერი სახის სექსუალური დისფუნქცია და მათ შორის პარტნიორული სექსუალური დისჰარმონია, კომპლექსური მკურნალობას საჭიროებს. სექსოლოგიური დახმარება არ შეიძლება განხილული იქნას მონოთერაპიის სახით: მარტო ფსიქოთერაპია ან მარტო მედიკამენტოზური თერაპია – ყველაფერი ეს არის კომპლექსში. ამიტომაც არის სექსოლოგია მედიცინის ინტერდისციპლინური დარგი, იგი თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ მდგენელს. დისჰარმონიის დროს წამყვანი მაინც არის ფსიქოთერაპიული კორექცია. ხან და ხან უმარტივეს პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, პარტნიორებს არ აქვთ სქესობრივი აქტის ჩატარებისათვის აუცილებელი  ელემენტარულ ინფორმაცია და ჩვევები. შეიძლება ერთ-ერთი მეუღლეს აქვს პრობლემები. მაგალითად, მამაკაცებში ხშირია ნაადრევი ევაკულაცია, რაც ხდება სექსუალური დისჰარმონიის მიზეზი, ქალი ვერ აღწევს ორგაზმს, იმიტომ, რომ მამაკაცი ძალიან ადრე ასრულებს სქესობრივ აქტს. შესაძლოა კაცს აბსოლუტურად ნორმალურად ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ ფიზიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე სექსუალური აღგზნების პროცესი ქალში უფრო ხანგრძლივია, ამიტომაც აუცილებელია წინასასიყვარულო პრელუდიის გახანგრძლივება მამაკაცის მხრიდან. მოსიყვარულე მამაკაცი ამას აკეთებს, მაგრამ საქართველოში, სადაც ესოდენ პოპულარულია „მაჩოს“ კულტი, როცა მამაკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ასე არ ხდება. ეს კი პირდაპირი გზაა დისჰარმონიისკენ. პარტნიორული სექსუალური დისჰარმონიის შემთხვევაში ექიმი-სექსოლოგი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, რადგან მაღალი სიზუსტით უნდა იქნეს დადგენილი დისჰარმონიის მიზეზები. მედიცინაში დიაგნოსტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს, რათა მკურნალობა იყოს წარმატებული, სექსოლოგიაში კი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

 

რაც შეეხება სექსუალურ გამოცდილებას. საქართველოში ხშირ შემთხვევაში ქალები პირველ სექსუალურ გამოცდილებას იღებენ ქორწინების ღამეს. ეს ფაქტორი რამდენად მოქმედებს პარტნიორების სექსუალურ შეუთავსებლობაზე?

 

 

საინტერესო თემაა. იმდენად, რომ ცალკე კვლევას მოითხოვს. ევოლუცია, რაც განიცადა სექსუალურმა ქცევამ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, მიუთითებს, რომ ქორწინებამდე სექსის, ე.წ. „გერფლენდის“  და „ბოიფრენდის“ ინსტიტუტის ფართოდ გავრცელების მიზეზი, გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, არის ის, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში სექსუალური თანაცხოვრებით პარტნიორული წყვილი ამცირებს ცოლქმრული დისჰარმონიის განვითარების ალბათობას. მართალია, ჩვენთან წყვილები უფრო იშვიათად ცხოვრობენ ქორწინებამდე ერთად, მაგრამ მათ მაინც აქვთ სერიოზული გამოცდილება „პლატონური“ მიჯნურობის სახით. ეს ურთიერთობები არ გულისხმობენ სქესობრივ ცხოვრებას, მაგრამ საკმაოდ დიდი ეროტიკული დატვირთვის მატარებლები არიან. ეს ხანდახან წლობითაც გრძელდება. საქმე იმაშია, რომ ასეთი, ეროტიკული ხასიათის „თამაშების“  გარეშე, რომლებიც წინ უსწრებენ ქორწინებას, სერიოზული წინააღმდეგობები ჩნდება ცოლქმრული თანაცხოვრების დროს. ხშირად სწორედ ეს არის ის მექანიზმი, რომელიც აამუშავებს შემდეგ სექსუალურ დისჰარმონიას. დისჰარმონიის მიზეზი ხანდახან ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის გაჩენაცაა. ზოგიერთი მამაკაცი ამ დროს ჭირვეული და ეჭვიანი ხდება. თუ ბავშვის დაბადებამდე ცოლი მთლიანად იყო კონცენტრირებული  მამაკაცზე, ბავშვის დაბადების შემდეგ ასე აღარ არის და  კონკურენტულობის ელემენტი ჩნდება, მამაკაცსა და ბავშვს შორის. ეს პრობლემა ძალიან რთულია და მრავალწახნაგოვანი.  საერთოდ, პარტნიორული სექსუალური დისჰარმონიის დროს ექიმი სექსოლოგის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი