საზოგადოება

ხაიშელებმა მიწის ამზომველებს მუშაობის საშუალება არ მისცეს

29 იანვარი, 2014 • • 1151
ხაიშელებმა მიწის ამზომველებს მუშაობის საშუალება არ მისცეს

აქციის მონაწილე გოჩა თორია ამბობს, რომ აქციაზე სულ 100-150 ადამიანია მისული და მათთან ახლა რაიონის გამგებელი იმყოფება, ვისთანაც ისინი მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ. მისი თქმით, იქ პოლიციის 30 თანამშრომელი იმყოფება. 

 

“თავი უნდა დაედგეს. უნდა დამთავრდეს რამენაირად. უნდა დავილაპარაკოთ, რას დავილაპარაკებთ არავინ არ იცის ჯერ. მთელი სოფელია მოსული”,- ამბობს თორია. 

 

გოჩა თორიას თქმით, სოფელ ხაიშში მიწის ამზომველები მივიდნენ, თუმცა სამუშაოების ჩატარება მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს. 

 

“სოფელში შემოვიდნენ, მოიარეს სოფელი, ხალხის აგრესია ნახეს და უკან გამოიარეს, არ გაჩერდნენ და წავიდნენ. ისინი რომ წავიდნენ, ხალხი გამოყვა უკან, ეგონათ, რომ ქვევით გაჩერდებოდნენ ისევ. წამოყვა-წამოყვა და სადაც კაშხალი უნდა აშენდეს, იქ გაჩერდნენ. გზა გადაკეტეს და მოითხოევს, გაგვარკვიეთ, ეს მოგვშორდება თუ არ მოგვშორდება. ჩაერია შინაურები ყველა: გამგებელი, მამაოები მოვიდნენ და გავხსენით გზა. გამოვა ლაპარაკით, და თუ არ გამოვა, აქ ვართ ჩვენ.”

 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სოფელ ხაიშში “ხუდონჰესის” ჰიდროელექტროსაგურის პროექტის ფარგლებში აზომვითი სამუშაოების ხელის შეშლისთვის კანონის ძალით დაისჯებიან.

 

“უცნაური და საოცარი ფაქტია, რომ ეს მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ ამზომველების სოფელში შესვლას და მუშაობას. უმკაცრესად გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ნებისმიერი მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, რომელ რაიონში, რეგიონში უნდა იყოს, ვინც დაარღვევს კანონს, დაისჯება ასევე კანონის ძალით. მოსახლეობას უნდა დაურეგისტრირონ მათთვის ჩამორთმეული მიწები, 1500 ჰექტარი იყო ჩამორთმეული, გადაუფორმონ მათ საკუთრებაში, და ამის შემდეგ დაიწყონ ამ მიწების გამოსყიდვა. დაიწყება ხვალ დილიდან აზომვითი სამუშაოები,”- განაცხადა ილია ელოშვილმა გუშინ, 28 იანვარს მედიასთან საუბარში. 

 

აზომვითი სამუშაოები გეგმის მიხედვით, დღეს, 29 იანვარს უნდა დაწყებულიყო. ენერგეტიკის სამინისტრო ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი