საზოგადოება

მასწავლებლების ტრენერების კონკურსის შედეგები

6 ნოემბერი, 2013 • • 2546
მასწავლებლების ტრენერების კონკურსის შედეგები

რა პროცესების გავლა მოუწევთ შერჩეულ კანდიდატებს ტრენერის სტატუსის მისაღებად? ამ საკითხზე “ბათუმელებთან” განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილემ ლალი ლომთათიძემ ისაუბრა. განათლების ფონდის პროექტს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს.

 

ქალბატონო ლალი, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ტერენერების შესარჩევ კონკურსში და რამდენმა გადალახა ბარიერი?

 

დაახლოებით 300-მდე მონაწილე იყო. შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად იყო დაყოფილი, პირველი ეტაპი გადალახა 230-მა მონაწილემ, მესამე ეტაპი კი, 72 მონაწილემ.

 

რამდენი იყო მაქსიმალური ან მინიმუმალური ქულა?

 

ყველა ეტაპზე იყო სხვადასხვა ქულა. პირველი ეტაპი იყო საბუთების გადარჩევა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მეორე ეტაპი ითვალისწინებდა გასაუბრებას საგნობრივი მიმართულებებით. გასაუბრება იყო კომისიური წესით. თავმჯდომარე იყო განათლების ფონდის დირექტორი ირაკლი თავბერიძე და რამდენიმე კომისიის წევრი, მათ შორის მეც. ასევე, გასაუბრებას ესწრებოდნენ თბილისიდან მოწვეული კონსულტანტები იმ საგნების მიხედვით, რომელშიც მიმდინარეობდა გასაუბრება. საგნობრივი გასაუბრება ჩატარდა 17 საგანში. ყველა საგანში ჩატარდა, გარდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა. მეორე ეტაპზე გამსვლელი ქულა იყო ექვსი. მესამე ეტაპი მოიცავდა ორ ნაწილს, პირველი ნაწილი იყო ორდღიანი ზოგადი ტრენინგი ტრენერებისთვის, მესამე დღეს კი კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ მომზადებული თემა. მაგალითად, ტრენინგის დაგეგმვა, კომუნიკაცია და ა.შ. ეს პრეზენტაციები შეფასდა 21-ქულიანი სისტემით. გამსვლელი ქულა იყო 13. უმაღლესი, 21 ქულა ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო, 20 ქულა დააგროვა რამდენიმემ.

 

ყველა საგანში შეირჩა ტრენერები?

 

მხოლოდ გერმანული ჩაგვივარდა, ვერც ერთმა მონაწილემ ვერ გადალახა მეორე ეტაპი. ასევე, ფიზკულტურაში დაგვრჩა ერთი ადგილი და რუსულში ორი.

 

ლალი ლომთათიძე
ლალი ლომთათიძე

შემდეგი ეტაპი რას ითვალისწინებს იმ კონკურსანტებისთვის, ვინც მესამე ეტაპი გადალახა?

 

ისინი, ვინც მესამე ეტაპი გაიარა, უკვე ითვლებიან ტრენერებად. მათ ახლა ელოდებათ საგნობრივი ტრენინგი. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ვისი გაშვება შეგვიძლია პირდაპირ ჯგუფზე და ვისი თანატრენერად. შემდეგ კი, როცა გვექნება ტრენერის დასკვნა, თუ ვის შეუძლია დამოუკიდებლად ჩაატაროს ტრენინგი, უკვე განისაზღვრება მათი სტატუსი.

 

საგნობრივი ტრენინგები როდის დაიწყება და რამდენს ხანს გაგრძელდება?

 

თბილისელ კონსულტანტებთან ერთად ვაპირებთ დაგეგმვას და ველოდებით მათ ჩამოსვლას. თითოეული საგნობრივი ტრენინგი შეიძლება განისაზღვროს ათი ან თხუთმეტი დღით. ამიტომ როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ზუსტად ვერ გეტყვით.

 

ტრენერები ადგილობრივები არიან, თუ სხვა ქალაქებიდანაც არიან მოწვეულები?

 

რა თქმა უნდა ადგილობრივი კადრებიც არიან. არიან გურიისა და იმერეთის რეგიონებიდანაც. თბილისიდანაც იყვნენ თავდაპირველად, მაგრამ შემდეგ მანძილის გამო თვითონ თქვეს უარი.

 

ანაზღაურება როგორია ტრენერის და თანატრენერს თუ აუნაზღაურდება მუშაობა?

 

მხოლოდ ტრენერის მუშაობა ანაზღაურდება, თანატრენერი კი დააკვირდება პროცესებს. წესით და რიგით თანატრენერობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ტრენინგის ჩატარებას, დარჩება იმავე პოზიციაზე. საკითხს ალბათ, ბაზარი დაარეგულირებს.

 

როდის დაიწყება პედაგოგებისთვის ტრენინგები და რამდენი პედაგოგის გადამზადება იგეგმება?

 

როგორც კი დამთავრდება საგნობრივი ტრენინგი და გვეცოდინება რამდენი ტრენერი და თანატრენერი გვყავს, დავიწყებთ მუშაობას ჯგუფების შესადგენად. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ რესურსცენტრებს და მინდა გითხრათ, რომ შუახევის რესურსცენტრს უკვე 600-მდე პედაგოგმა მიმართა. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

 

სავალდებულო იქნება ტრენინგები პედაგოგებისთვის თუ ნებაყოფლობითი?

 

რასაკვირველია ნებაყოფლობითი. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ინტერესი იქნება.

 

მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ტრენინგებში?

 

პროგრამას აფინანსებს აჭარის განათლების სამინისტრო, ეს არის პროგრამა საჯარო სკოლების მოქმედი პედაგოგებისათვის, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ კერძო სკოლის ან კიდევ დროებით უმუშევარმა პედაგოგებმაც შეძლონ ტრენინგებში მონაწილეობა, მაგრამ მათთვის შეიძლება ტრენინგი ფასიანი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი