საზოგადოება

დიაგნოზი, რომელიც წელიწადში 17 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია

3 ოქტომბერი, 2013 • 3091
დიაგნოზი, რომელიც წელიწადში 17 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია

ქალბატონო ნანა, წელს, მსოფლიო გულის დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზე ძირითადი აქცენტი ქალებსა და ბავშვებზე კეთდება, რატომ?

 

საზოგადოებაში არსებობს მითი, თითქოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ქალებშიც და მამაკაცებშიც მაღალია ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუმცა ქალები რეპროდუქციის ასაკში შედარებით დაცული არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან ჰორმონული ფონიდან გამომდინარე, ხოლო  რეპროდუქციის ასაკის შემდეგ, ავადობა სუსტი სქესის წარმომადგენლებში სწრაფად მატულობს  და მაქსიმუმს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ინვალიდები ინსულტის განვითარების გამო, ვიდრე მამაკაცები. ამასთან, დიაბეტის ფონზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო რთულად მიმდინარეობს ქალებში. საბოლოო ჯამში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ორივე სქესის წარმომადგენლებს თითქმის თანაბარ ზიანს აყენებს.

 

 

გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკ–ფაქტორები  ძირითადად ერთი და იგივეა ქალებსა და მამაკაცებში. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი და მემკვიდრული ფაქტორი, თამაშობს დიდი როლს. თუმცა დადგენილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის უმრავლესი შემთხვევა დაკავშირებულია მართვად რისკ–ფაქტორებთან, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, არასწორი კვება, სიმსუქნე, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე,  მაღალი არტერიული წნევა  და დიაბეტი.

 

გულ-სისხძარღვთა დაავადებებს არაგადამდებ პათოლოგიათა შორის წამყვანი ადგილი უჭირავს. მსოფლიოში თუ ყოველწლიურად არაგადამდები დაავადებებით 36 მილიონი ადამიანი იღუპება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე 17.3 მილიონი მოდის. რა ხდება საქართველოში –ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს წამყვანი ადგილი  უჭირავთ.  ათ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, მისი გავრცელების მაჩვენებელი 2004–2010 წლებში დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა. არტერიული ჰიპერტენზია, თავის მხრივ, მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია.

 

თუ სიკვდილიანობის 91% არაგადამდებებზე მოდის, აქედან 81%-ს გულ-სისხლძღვთა დაავადებები განაპირობებენ. შემდეგ არის სიმსივნეები 8-9%-ით.

 

როგორც თქვით, ბავშვებშიც გავრცელებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებ, რა ხდება ამ მხრივ?

 

დიახ, იუვენილურმა (ბავშვთა) ჰიპერტენზიამ უკანასკნელი წლების განვლობაში 2.5%- ით მოიმატა.

 

რატომ, რა მიზეზებია ამის განმაპირობებელი?

 

ფაქტორები იგივეა, რაც მოზრდილებში – მემკვიდრეობა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და მასთან დაკავშირებული ჭარბი წონა, მჯდომარე ცხოვრების წესი და ა.შ. ეს ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს კომპლექსურად ზრდის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არაჯანსაღი კვებაა, რაც არაბალანსირებულ კვებას გულისხმობს, როცა საკვებ რაციონში სჭარბობს ცხოველური ცხიმების შემცველი პროდუქტები და დაბალია ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება. არასწორი კვების შედაგად სისხლში მატულობს  ქოლესტერინის შემცველობა, შესაბამისად, იზრდება რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების.

 

როგორც ხედავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მულტიფაქტორული ბუნება ახასიათებს; როდესაც რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, შესაბამისად, დაავადების განვითარების რისკიც  იზრდება.

 

გულის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით,  აღნიშნულ ფაქტორებზე ზემოქმედებით დაავადებების 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია.

 

საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ შემოდგომაზე და გაზაფხულზე გულსისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება, ნამდვილად ახასიათებს გულის დაავადებებს სეზონურობა?

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის გამორჩეულია მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი, რომელიც წამყვანი მიზეზია სიკვდილობის. ამ დაავადებებისთვის ნამდვილად დამახასიათებელია სეზონური მატება, ამ პერიოდში დაავადებულებმა განსაკუთრებულად უნდა იზრუნონ ჯანმრთელობაზე, გაითვალისწინონ საკუთარი ექიმის რეკომენდაციები.

 

როდიდან უნდა დაიწყონ ადამიანებმა ამ დაავადებების პრევენციული ღონისძიებები?

 

ბავშვობის წლებიდანვე. აუცილებელია ბავშვი თავიდანვე მივაჩვიოთ სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისა და ოჯახის ფაქტორი. თავად მშობლებიც უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურები. გარდა ამისა, სასურველია, რომ სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა ჯანსაღი კვებისადმი ხელშეწყობა ხორციელდებოდეს.

 

რაც შეეხება მოზრდილებში დაავადების პრევენციას, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის შემდეგ. გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილება არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენითა და მისი მართვით არის შესაძლებელი.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი