საზოგადოება

ხელმიუწვდომელი მედიკამენტები

19 სექტემბერი, 2013 • 3011
ხელმიუწვდომელი მედიკამენტები

ბათუმელმა თალიკო რუხაძემ, რომელიც 53 წლისაა, ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ სამკურნალოდ 106 ლარის ღირებულების სხვადასხვა მედიკამენტი გამოუწერეს. მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ტონუსზე და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატი “ტრიდატ ფორტე”, ანტიჰიპერტენზიული საშუალება “ლაქსოლი” და კიდევ რამდენიმე სხვა მედიკამენტი. ამ დრომდე ეს წამლები პაციენტს არ მიუღია – მისი, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირის, სამედიცინო დაზღვევა არცერთი მათგანის დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

 

“ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ჩემი სოციალურად დაუცველის პაკეტი ამ წამლებიდან არცერთის საფასურს არ ამინაზღაურებს. მხოლოდ “ტრიდატ ფორტეს” სრული კურსი რომ მივიღო, 45 ლარი მჭირდება. საიდან მოვიტანო მე, სოციალურად დაუცველმა ადამიანმა, ეს ფული? თუ სახელმწიფო ამ სტატუსს მანიჭებს, მაშინ მისი გამოყენების საშუალებაც მომცეს. წლების განმავლობაში არც ერთხელ არ გამომიყენებია მედიკამენტების ბარათი. ცარიელია დღემდე. “ციტრამონს” და “ანალგინს” მეც ვიყიდი,”- ამბობს თალიკო რუხაძე.

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებებიდან –  “ომეპრაზოლი”, ”რანიტიდინი”, “ალუმინის ჰიდროქსიდი”, “მაგნიუმის ჰიდროქსიდი”; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები; ასევე, რამდენიმე დასახელების გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო საშუალებები; ანტიარითმიული საშუალებები; მეტეორიზმის შემამცირებელი საშუალებები; ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფერმენტული საშუალებები და სხვა ათეულობით მედიკამენტია იმ ნუსხაში, რომელიც 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით მზღვეველის მიერ “ა პოლისის” წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 50 ლარის ფარგლებში 50 პროცენტის თანაგადახდით ანაზღაურდება.

 

ამ შემთხვევაში საპენსიო ასაკის მოსახლეობა გამონაკლისია. 2012 წლის 1 სექტემბრიდან, ვაუჩერის პირობებით, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებისა და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებისათვის (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) წლიური სადაზღვევო ლიმიტი 200 ლარით, 50 პროცენტის თანაგადახდით განისაზღვრა.

 

სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნუსხაში არსებული, მაგალითად, “ომეპრაზოლის” ფასი  სააფთიაქო ქსელში 1.62 ლარია. გამოდის, რომ მედიკამენტების პოლისით მოსარგებლეს დაზღვევა 81 თეთრს აუნაზღაურებს.

 

“მეორეხარისხოვან ადამიანად, დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ამ პოლისით წამლების ყიდვას დავაპირებ. თუკი სოციალურად დაუცველი ვარ, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გამთელო?! მეც მინდა ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. რაში მჭირდება მედიკამენტების პაკეტი, თუ ვერ ვიყიდე ის აუცილებელი წამლები, რომელიც სიცოცხლეს შემინარჩუნებს?!” – აცხადებს თალიკო რუხაძე.

 

“ნეტგაზეთთან” საუბარში ის ამბობს, რომ სანამ ექიმთან არ მივა, ვერ იგებს, რომ ესა თუ ის მედიკამენტი მისი პოლისით არ ანაზღაურდება. მისივე თქმით, ანაზღაურებადი წამლების ნუსხა არასდროს უნახავს.

 

2010 წელს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ  ჩატარებული სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევამ აჩვენა, რომ 34%-მა იმ ადამიანებისა, ვინც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით სარგებლობს, არ იცის, რა მომსახურებებს ფარავს მათი სადაზღვევო პოლისი.

 

“ამ ჩამონათვალში არის საერთაშორისო დასახელებების მედიკამეტები. ეს ნუსხა მაშინდელი ნამუშევარია ექსპერტების. მასში იმ ძირითადი დაავადებებისთვის განკუთვნილი წამლებია შეტანილი, რომელიც ყველაზე ხშირად სჭირდება ადამიანებს,”- ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა ხელაძე.

 

როგორც ირკვევა, იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მოქალაქეებს, მედიკამენტების პაკეტი ვერ უზრუნველყოფს.

 

“პაციენტებს საკუთარი ჯიბიდან უწევთ საჭირო სამკურნალწამლო საშუალებებზე ხარჯების დაფარვა, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მათ ბიუჯეტს. მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს სამკურნალწამლო საშუალებებზე დანახარჯები, რომელიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება და მათ მიერ ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს შეადგენს,” – წერია ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების 2013 წლის ანგარიშში.

 

მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯის ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტების არასაკმარისი ფინანსური ლიმიტია.

 

წამლებზე დანახარჯების მაღალი წილის გამო ქვეყანაში დაბალია სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების წილიც, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 

გადახედავს თუ არა სახელმწიფო მედიკამენტების აღნიშნულ ნუსხას და მუშაობს თუ არა სამინისტრო ამ მიმართულებით? – ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზოგადი პასუხით იფარგლება:

“ჯანდაცვის ნებისმიერი მიმართულება ყოველთვის საჭიროებს ცვლილებებს და ახლებურ რეალობასთან მისადაგებას. მთელ მსფლიოში ასე ხდება და განსაკუთრებული ამ მხრივ არც ჩვენ ვართ. ჩვენ მოვიქცევით ისე, რომ ჯანდაცვა საქართველოში იყოს ოპტიმალური და მიწვდომადი ყველა მოქალაქისთვის.  რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მუშობს სამინისტრო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი