საზოგადოება

სტუდენტების შეხვედრა თსუ-ს რექტორთან

16 სექტემბერი, 2013 • 1158
სტუდენტების შეხვედრა თსუ-ს რექტორთან

უკამყოფილო სტუდენტებს ტრანსპარანტებით ხელში, სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიის დროს საჯაროდ დაპირდა რექტორი, რომ პრობლემებზე სასაუბროდ მათ დღესვე შეხვდებოდა. 


“შარშან რომ მოვედი, საზეპიროდ მოგვცეს ერთ-ერთ საგანში მასალა, გამომიძახა ლექტორმა და მომაყოლა, მერე გამაჩერებდა და სხვას უნდა გაეგრძელებინა და ასე ესმინა მთელი ეს მასალა 50 კაცს აუდიტორიაში, მე-9 კლასი გამახსენდა;” “ელექტრონული ბაზები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საგნები ავირჩიოთ. ამის გამო წელს ვერ დავამთავრებ უნივერსიტეტს;” “რა გახდა სახელმძღვანელოების თარგმნა?! იმისთვის, რომ პრეზენტაციები მოვამზადოთ, ვიკიპედიიდან მიწევს თარგმნა;” “ბიბლიოთეკაში გვაქვს მხოლო ერთი ქსეროქსი და ისიც ფასიანია,”” ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი რამე შეიცვალა, რექტორი. მეტ სისტემურ ცვლილებას ველოდებით,”- ამ და სხვა პრეტენზიების მოსმენა თსუ-ს რექტორსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სტუდენტებთან შეხვედრის დროს მოუწიათ. 


მხარეებს შორის ძირითადი საუბარი პრობლემები ელექტრონული ბაზების გაუმართაობის შესახებ,  ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის პრობლემის, სახელმძღვანელოების თარგმნის, ინგლისური ენის სწავლების პრობლემის, სამეცნიერო კვლევების გაძლიერების, ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და თვითმმართველობის საკითხებს შეეხო.


“ამ ყველაფრის განხორციელებას დაჭირდება დრო. თუმცა, მთელი რიგი საკითხები ოპერატიულად გადაწყდება. ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ბაზებთან, სხვადასხვა სასწავლო კურსთან,”- განაცხადა ლადო პაპავამ. 

 

შეხვედრას სტუდენტებთან ასევე ესწრებოდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანი მაჭარაშვილი. მაჭარაშვილმა ძალიან დაწვრილებით ისაუბრა ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც უკვე გადაწყვეტილია ან გადაყვეტის სტადიაშია.

 

რაც შეეხება თვითმმართველობასთან დაკავშირებით საკითხს, რექტორის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება არის მიღებული:

 

“ის მწირი რესურსები, რაც აქვს უნივერსიტეტს, გამოყოფილი იქნება ნებისმიერი სტუდენტური პროექტისთვის, თუ ასეთ კარგ სტუდენტურ პროექტს შეარჩევს თვითმმართველობა, მიიღებს თვითმმართველობა. თუ სხვა ჯგუფი შეარჩევს, სხვა ჯგუფი მიიღებს. ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით, პრიორიტეტები არავის მიეცემა,”- განაცხადა რექტორმა.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიიჩნევს, რომ სტუდენტებს, რომლებმაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სწავლის დაწყებისადმი დაგეგმილი ღონისძიების პარალელურად აქცია გამართეს, შეეძლოთ სათქმელი სხვა ფორმითაც გადმოეცათ:

 

“დღევანდელ დღეს შევაჯამებ როგორც წარმატებულ დღეს, იწყება სწავლა, ექსცესების გარეშე, უნივერსიტეტში მშვიდობაა, ყველა პროგრამა თავის დროზე დაიწყო, მიმდინარეობს. მე მგონია, რომ ეს აქციაც არის სწორედაც მშვიდობის გამოხატულება, გამოდის სტუდენტი და აფიქსირებს თავის აზრს. მე ვფიქრობ, რომ მათი პროტესტი ძირითადად გამომდინარეობს წინა წლების მემკვიდრეობიდან, რომელსაც, ბატონმა პაპავამ თქვა, რომ ჯადოსნურ ჯოხს ვერ მოვიქნევთ და ვერ გავასწორებთ. თუმცა ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა უკვე, სისტემას ეს მალე დაეტყობა, უბრალოდ, კარგი იქნებოდა აზრის გამოხატვის ცოტა უფრო სხვა მეთოდები, რომ დღევანდელ სწავლის დაწყების დღეს იგივე პირველკურსელებს არ დახვედროდათ ასეთი რამ. თუმცა არც ეს არის მიუღებელი, შეგვიძლია ამაზე რეაგირების გაკეთებდა და ისედაც კეთდებოდა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ.


სტუდენტების შეხვედრა თსუ-ს რექტორთან, 16 სექტემბერი, 2013
სტუდენტების შეხვედრა თსუ-ს რექტორთან, 16 სექტემბერი, 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი