საზოგადოება

რატომ იზრდება საკეისრო კვეთის მაჩვენებელი

24 ივლისი, 2013 • 2690
რატომ იზრდება საკეისრო კვეთის მაჩვენებელი

ჯანდაცვის საკითხების მკვლევარები, საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებამდე, რომელიც სახელმწიფოს მხირდან მშობიარობის დაფინანსებასაც ითვალისწინებს, აცხადებდნენ, რომ ეს მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო გაზრდიდა საკეისრო კვეთაზე მოთხოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე სამშობიარო კლინიკას 500 ლარს უხდის, საკეისროზე კი – 800-ს, ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, თავად სამედიცნო დაწესებულებების ინტერესში იქნებოდა, რომ მშობიარეს სწორედ საკეისრო კვეთა ჩაუტარდეს. ჯანდაცვის სამინისტროს კი კონტროლის მექანიზმი, რამდენად სწორი ჩვენებით ჩატარდა კვეთა, არ ექნებოდა –  ექიმი ჩვენებაში, რასაც უნდა, იმას ჩაწერს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან (როდესაც სახელმწიფომ მშობიარობების დაფინანსება დაიწყო) 24 ივლისამდე 1975 მშობიარობა დაფინანსდა. აქედან -1336 ფიზიოლოგიური და 639 საკესირო კვეთა, რაც მთლიანი მშობიარობების დაახლოებით 32%-ია. ეს რიცხვი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალია.

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 1 ივლისიდან საკეისრო კვეთის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო მაღალი იყო, თუმცა, როგორც ირკვევა, სახელმწიფო ყველა მსურველს აღნიშნულ მომსახურებას არ უფინანსებს.

 

მექანიზმი კი ასეთია –  მშობიარეს ოჯახის წევრმა სამინისტროს მომსახურების ცენტრში ფორმა 100 უნდა წარადგინოს, სადაც გაწერილი იქნება ჩვენება. რამდენიმე დღეში ოჯახს აცნობებენ, დაუფინანსებენ თუ არა ამ მომსახურებას. რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ფორმა 100-ში ექიმის მიერ ჩაწერილი ჩვენება რეალობას? – სამინისტროს პასუხი ასეთია:  

 

“დაავადების ისტორია არსებობს და გადამოწმება შეიძლება საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, რამდენად მართებულად კეთდება ოპერაცია. ⅔ ზე უფრო ნაკლებია ფიზიოლოგიური მშობიარობა და ⅓ ზე მეტია საკეისრო კვეთა. ვცდილობთ გავცეთ მიმართვები საკეისრო კვეთაზე. პირდაპირ დასტურს არ ვაძლევთ და ვიხილავთ საბუთებს იმისთვის, რომ გავმიჯნოთ ჩვენებით გაკეთებული და სხვა მიზნით გაკეთებული საკეისრო კვეთა. ფორმა 100-ში მკაფიოდ უნდა იყოს ჩვენება – რატომ კეთდება საკეისრო კვეთა,” –  ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსუდან გოგოლაშვილი.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენების გარეშე, მაგალითად, ტკივილის თავიდან აცილების მიზნით, თავად მშობიარე მოითხოვს საკეისროს, უარის თქმის უფლება არავის აქვს. ასეთ დროს მშობიარობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება, როგორც ფიზიოლოგიური, და მშობიარე თავად გადაიხდის დანამატს.

 

რუსუდან გოგოლაშვილი ამბობს, რომ დაზღვევის ამოქმედებამდე სამინისტროში არსებობდა მოლოდინი, რომ ამ მომსახურებზე მაღალი იქნებოდა მოთხოვნა.

 

“პირველივე დღიდან გვქონდა მოლოდინი, რომ მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა საკეისროების შემთხვევების. ამიტომ თავიდანვე მოვთხოვეთ კლინიკებს, რომ საკეისროს დროს მშობიარეს ოჯახის წევრმა მომსახურების ცენტრში მოიტაონოს ჩვენება. როგორც ჩვეულებრივი გეგმიური ოპერაციის დროს ხდება. შესაბამისად, ახალი დაზღვევის ამოქმედებიდან გარკვეულ ნაწილზე იყო უარი და დაფინანსდა, როგორც ფიზიოლოგიური.“

 

ბოლო წლების განმავლობაში საქრთველოში ჩატარებული “ქალთა რეპროდუქციული კვლევების” მიხედვით, საკეისრო კვეთების გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი ადრე გაკეთებული საკეისრო კვეთაა – 20%, 16%-ზე მეტი თავად მშობიარის მოთხოვნით კეთდება, 11% კი სხვა (არ არის დაკონკრეტებული) მიზეზებით იკეთებს, ხოლო  რაც შეეხება ჯანმრთელობის რისკების ასაცილებლად გაკეთებულ საკეისრო კვეთების რიცხვს, რაც შეიძლება ნაყოფის ანომალური მდებარეობით ან მისი დიდი წონის გამო გახდეს, ან უბრალოდ სხვა ჯანდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად, მთლიანად ჩატარებული საკეისრო კვეთების ნახევარია. გამოდის, საკეისროების თითქმის ნახევარი ჩვენებით არ კეთდება.

 

საქართველოში ქალთა რეპროდუქციული კვლევები 1999 წლიდან ტარდება. ამ კვლევებში ჩანს, რომ ამავე წლიდან 2013 წლამდე საკეისრო კვეთების რიცხვი 6%-დან 32%-მდე გაიზარდა. ყოველ 5 წელში ერთხელ დაახლოებით 2-ჯერ იმატებს: 1999 წელს – 6%, 2005 წელს – 13%, 2010 წელი – 24%, 2013 წლის უკვე არსებული მონაცემით კი, დაახლოებით 32% -ია. ამასთან, თითქმის ყოველი მეხუთე საკეისრო კვეთა პაციენტის მოთხოვნით კეთდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების რიცხვი მშობიარობების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა, ჯანმი, ოპტიმალურ რიცხვად უფრო ნაკლებს – 5-10%-ს ასახელებს. თუ გადავხედავთ ამავე ორგანიზაციის სხვა ქვეყნების ანგარიშებს, ჩანს, რომ საქართველო გამონაკლისი არ არის, სადაც მზარდია საკეისრო კვეთის რიცხვი.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკეისრო კვეთების სიხშირე, როგორც განვითარებად, ასევე, განვითარებულ ქვეყნებში, იზრდება.

 

“ზოგადად, ითვლება, რომ საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა, პირველ რიგში, ბავშვის გარემოსთან შეგუებისთვისაა კარგი. გარდა ამისა, საშვილოსნო, რომელიც არის ნაკერით, მშობიარისთვის არის ტრავმატიზმის და სხვადასხვა რისკის გამომწვევი. ზოგადად, ექიმებიც იზღვევენ ხოლმე თავს – სადაც ოდნავ მაინც არის გართულების რისკი, ურჩევნიათ, საკეისრო დანიშნონ,”- ამბობს ექიმი- რეპროდუქტოლოგი ჯენარა ქრისტესაშვილი.

 

თუმცა, საკეისრო კვეთა ერთადერთი საშუალებაა ზოგიერთ შემთხვევაში, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ასეთ შემთხვევაში, საკეისროს სარგებელი უნდა აღემატებოდეს იმ რისკებს, რომელიც ოპერაციას თან ახლავს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალშობილებისა და დედების ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც საკეისროების რიცხვი 10%-ზე ქვემოთაა.

 

საქართველოში ჩატარებულ კვლევებში სამედიცინო ისტორიების განხილვის შედეგებით იკვეთება, რომ საკეისრო კვეთების უმრავლესობა გართულდა ოპერაციის შემდგომი ინფექციებით. ინფექციები ოპერაციის დროს, შეიძლება, საშვილოსნოში და მიმდებარე ორგანოებში (შარდის ბუშტში, თირკმელებში) მოხვდეს. თუმცა ინფექციები არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც საკეისროს დროს შეიძლება განვითარდეს.

 

სისხლის დაკარგვა (საკეისროთი მშობიარობის დროს მშობიარე უფრო მეტ სისხლს კარგავს), სისხლდენა, ოპერაციის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაზიანება, ახალშობილის სასუნთქი გზების პრობლემები, პნევმონიის განვითრების რისკები, საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობის დროს გაზრდილი რისკი იმისა, რომ საშვილოსნოზე არსებული ნაკერების გამო ნაყოფი საშვილოსნოს კედლებს მყარად ვერ დაემაგრება. ასევე, ყოველი შემდეგი საკეისრო კვეთა გართულებების რისკს ზრდის – ეს არის იმ ჩამონათვალის ნაწილი, რის გამოც სპეციალისტები განსაკუთრებული ჩვენების ა არსებობის შემთხვევაში საკეისრო კვეთას არ ურჩევენ.

 

გარდა ამისა, ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საკეისრო კვეთა, რომელსაც თან ახლავს ეპიდურალური ანესთეზია, ახალშობილის ძუძუს წოვით რეფლექსს აფერხებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშებში ნათქვამია, რომ საკეისრო კვეთა არის სრულყოფილი ოპერაცია, რომელსაც გარკვეული რისკები ახლავს თან, როგორც დედის, ასევე – ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი