“ყველამ ვიცით, რომ არიან მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო მასალას ვერ ძლევენ. გარშემომყოფები კი ხშირად მათ ზარმაცებად ან უნიჭოებად ნათლავენ. თან ამ ყველაფერს ამბობენ მოსწავლის გასაგონად. საბოლოოდ კი ვიღებთ იმას, რომ ბავშვს უქვეითდება თვითშეფასება, კარგავს მოტივაციას და შედეგად, თანდათანობით ირიყება სასწავლო პროცესიდან. ეს კი დაუშვებელია. სინამდვილეში წარუმატებლობას თავისი ძალიან კონკრეტული მიზეზები აქვს. ”- ამბობს ირინა სამსონია.
ირინა სამსონია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების დეპარტამენტის სახელმწიფო ენების ჯგუფის ხელმძღვანელია. ის არის ავტორი იმ სახელმძღვანელოებისა, რომელიც სპეციალურად იმ მოსწავლეებისთვის შეიქმნა, მათთვის, ვისაც წიგნიერების თვალსაზირისით გარკვეული პრობლემები აქვთ და სხვადასხვა მიზეზის გამო სათანადოდ ვერ აუწყვეს ფეხი სასწავლო პროცესს.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო საერთაშორისო კვლევის (PIRLS) შედეგების მიხედვით, წიგნიერების თვალსაზრისით, ქართველმა მოსწავლეებმა 2006 წელთან შედარებით 4%-ით მეტი პოზიტიური შედეგი აჩვენეს, ამ მხრივ მაინც რჩება პრობლემა – საქართველოს მონაცემი ზღვარს ქვემოთაა.
“წიგნიერების პრობლემა საქართველოში, როგორც ჩანს მუდამ იყო, უბრალოდ ახლა, როდესაც კვლევების სახით დიაგნოსტირების საშუალება გაჩნდა, პრობლემა უკეთ დავინახეთ. წიგნიერება საკმაოდ ფართო ცნებაა, ეს არის კოგნიტური უნარების ერთობლიობა. როდესაც ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის ბეჭდური თუ წერილობითი ტესტების აღქმის, გაგების, გააზრების, გამოყენებისა და შექმნის უნარი. წიგნიერების ფუნდამენტს, რასაკვირველია, კითხვის უნარი წარმოადგენს,”- ამბობს ირინა სამსონია.
იქამდე სანამ თავად სკოლა და სამინისტრო უზრუნველყოფს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას, იქამდე განათლების საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.
საგანმანათლებლო მასალები ხუთ საგანში, წიგნიერებაში, მათემატიკურ წიგნიერებაში, სასიცოცხლო უნარებში, სამოქალაქო განათლებასა და ინფორმაციულ წიგნიერებაში ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოიცა.
მაგალითად, წიგნიერების სახელმძღვანელოში, რომელიც პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის არის გათვალისწინებული, წიგნიერების ფუნდამენტური პრინციპები, სხვადასხვა სირთულის და ტიპის ტექსტები, მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებაზე გათვლილი დამუშავებული ტესტები,. საინფორმაციო, მხატვრული, შემცნებითი ტექსტები და პროზაული და პოეტური ნაწარმოებია შესული. გარდა ამისა, მასში რეკომენდაციებია მასწავლებლებისთვის, თუ როგორ უნდა იმუშაოს მან მოსწავლესთან პრობლემის აღმოსაფხვრელად.
თუ მოსწავლეს უჭირს სწავლა, განათლების მკვლევრების აზრით, ეს ყველაზე ნაკელებად არის მოსწავლის სიზარმაცის ან უნიჭობის ბრალი.
“მთავარია, გამოინახოს სწორი მიდგომა, რაც გულისხმობს პრობლემების მქონე მოსწავლეთა დროულ დიაგნოსტირებას, მათი სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენას და ასევე დროულ ინტერვენციას ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. გარდა იმ საბაზისო კომპეტენციების დაუფლებისა, რომლებიც აღწერილია ჩვენ მიერ მომზადებულ მასწავლებლისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში, ასეთი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოტივაცია, პედაგოგმა აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ მათთვის კითხვა მიმზიდველ და საინტერესო აქტივობად იქცეს. სახელმძღვანელო მასწავლებლებს სთავაზობს სპეციალურ რეკომენდაციებს ამ მიმართულებით. იმისთვის, რომ მოსწავლემ დროულად შეძლოს სწავლაში სირთულეების დაძლევა და აკადემიურ წარმატებას მიაღწიოს, აუცილებელია, რომ სწავლების ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს ზრუნვა იმ კონკრეტული საბაზისო სააზროვნო უნარების განვითარებაზე, რომელთა შესახებაც დაწვრილებით არის საუბარი ჩვენ მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში. – ამბობს ირინა სამსონია.
უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროცესში, სადაც განათლების მეორე შანსს სწორედ ასეთი დამხმარე სახელმძღვანელოებითა და პროგრამებით აძლევენ, ჩართული არ ყოფილა. განათლების საკითხთა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სწავლების დაწყებით საფეხურზეა ბავშვისთვის ყველა მეტი დახმარება საჭირო.ნ.
“განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანაა და პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ თავად სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა გახადოს ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისთვის. ფული, რომელიც დამხმარე სახელმძღვანელობისთვის შეიძლება გამოყოს, ჯობს ამ მხრივ წარმართოს,”- ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტი და ილიას სახელმწიფო უნივერსტიტის განათლების მკვლევარი და ასისტენტ პროფესორი, გიორგი გახელაძე.
მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი დამხმარე სახელმძღვანელო “სამოქალაქო წიგნიერება,” სწორედ გიორგი გახელაძეს ავტორობით გამოვიდა.
“ის დაეხმარება ბავშვებს, რომ სასწავლო რესურსის ფლობის თვალსაზრისით გაუთანაბრდნენ თანატოლებს. სახელმძღვანელოს მეთოდიკა მთლიანად დაფუძნებულია საპროექტო, პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც მოტივაციას უფრო ზრდის მოსწავლეებში და ნაკლებად დროის დანახარჯს იწვევს,”- ამბობს გახელაძე.
პროექტი “განათლების მეორე შანსის ქართული მოდელი” წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე მიმდინარეობდა თბილისში, ამბროლაურსა და მარნეულში.
მასში ჩართული მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვები იყვნენ.
განათლების საკითხთა ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის განმარტებით, რომელიც არის ამ პროექტის დირექტორი, ბენეფიციარების შერჩევა, რომლებსაც შეუძლია დამატებითი საგანმანათლებლო მასალის გამოყენება, მშობლების ან პედაგოგების ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
პროგრამის განხორციელება უშუალოდ სკოლებშივე ვერ მოხერხდა, რადგან პროექტის დასაწყისში, სკოლები დახურული იყო მსგავსი ტიპის საქმიანობებისგან და პრაქტიკულად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტითვის შეუძლებელი გახდა ნებართვის მოპოვება. შესაბამისად, იმისთვის, რომ პროგრამის ფარგლებში მომზადებულ პედაგოგებს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ, სამივეგან სასწავლო ცენტრები ჩამოყალიბდა, სადაც 200 მოსწავლე გადის სასწავლო პროცესს.
დღეს უკვე სამინისტრო მსგავსი პროგრამების განხორციელებას, რომელსაც განათლების საკითხებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ საჯარო სკოლებს, ხელს აღარ უშლის.
„სამოქალაქო განვთარების ინსტიტუტს სურს შეხვდეს განათლებისა და მეციერების სამინისტროს წარმომადგენლებს და გააცნოს მომზადებული მასალები. ,,განათლების მეორე შანსის“ ქართული მოდელი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის პრაქტიკულად მზადაა. სფეროს სპეციალისტებმა წიგნიერებაში, მათემატიკურ წიგნიერებაში, სამოქალაქო წიგნიერებაში, სასიცოცხლო უნარებსა და ინფორმაციულ წიგნიერებაში მოამზადეს არა მხოლოდ მოსწავლის სახელმძღვანელოები, არამედ მასწავლებლის სახელმძღვანელოები და ტრენინგ-პროგრამები. სახელმძღვანელოებისა და ტრენინგ-პროგრამების გამოცდა ამ ეტაპზე დასრულებულია, მთავარია შექმნილი მასალები თაროზე არ შემოიდოს,“- ამბობს თამარ მოსიაშვილი.
პროექტი ,,ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ და ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ასოციაცია ზეკარისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის მიერ.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოსაზრებებს.
Project “New Opportunities for Educationally Deprived Children” was made possible by the support of European Union and Open Society Institute. Project is implementing by the Civic development Institute, Association “Zekari” and Marneuli Youth Center.
The contents of this publication do not necessarily reflect the views of European Union and Open Society Institute