საზოგადოება

პოპულარული დიეტების საფრთხეები

8 მაისი, 2013 • 4706
პოპულარული დიეტების საფრთხეები

შოთა ჯანჯღავა
შოთა ჯანჯღავა

არის თუ არა მიზანშეწონილი პოპულარული ადამიანების ცნობილი დიეტის რაციონით კვება და არსებობს თუ არა უნივერსალური დიეტა?


სანამ ინდივიდუალურ პოპულარულ დიეტებზე გადავალთ, ყოველთვის გასათვალისწინებელია, რას ნიშნავს სიტყვა დიეტა. დიეტა არის სწორი, ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, რომელიც ითვალისწინებს დღეში დაახლოებით ოთხჯერად ან ხუთჯერად კვების გრაფიკს. კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს გადანაწილებული გარკვეული რაოდენობით ცხიმი, გარკვეული რაოდენობით ცილა და ნახშირწყლები. საკვები უნდა იყოს მდიდარი იმ აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტებით, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა. აქ იგულისხმება ვიტამინები, გარკვეული მინერალები, ფოსფორი, ნატრიუმი და ა.შ. ამიტომ ყოველთვის, როცა დგება დიეტაზე საუბარი, ეს ზამთარი იქნება თუ ზაფხული, რაციონი უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად იმ ადამიანისთვის, ვისთანაც გვაქვს წონის პრობლემა.


რაციონის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის სქესი, ასაკი, ზოგადად, ფიზიკური მდგომარეობა, როგორია ცხიმის გადანაწილება, როგორია კუნთოვანი მასა, რა მდგომარეობაშია ძვლოვანი სტრუქტურა, რამდენია ჰემოგლობინი, როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლა და მხოლოდ სრული გამოკვლევის შემდეგ უნდა შედგეს დიეტა. დიეტა არ არის ის, რომ თუ ერთმა დაიცვა და კმაყოფილია, მეორემაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ეს უნდა იქნას აუცილებლად ინდივიდუალურად შედგენილი.


არანაირი უნივერსალური დიეტა არ არსებობს და ვერც იარსებებს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ყველას ორგანიზმში სხვადასხვა რაოდენობით ხდება ენერგიის გახარჯვა. შეიძლება მე და ვინმე სხვას აბსოლუტურად ერთნაირი წონა გვქონდეს, მაგრამ ენერგიის გახარჯვის სხვადასხვა მაჩვენებელი იყოს და მე თუ დაახლოებით დღეში 1800 კალორია მჭირდება, შეიძლება სხვას 2000–2400 კალორია დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ფიზიკური აქტივობა, გონებრივი მუშაობა უხდება პაციენტს დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული.

თუკი ადამიანი მაინც ერიდება ექიმთან მისვლას და ამჯობინებს იმ დიეტის დაცვას, რომელიც სხვა ადამიანმა უკვე გამოცადა, რა სახის პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი?


რაც შეეხება პოპულარულ დიეტებს, ამ დიეტების დაცვის შემთხვევაში შეიძლება პაციენტებს გარკვეული ეფექტი ჰქონდეთ, მაგრამ გვექნება ისეთ მოვლენასთან საქმე, როგორიცაა დაკლება და კვლავ მომატება, იმის გამო, რომ ეს არ არის მათთვის შედგენილი დიეტა. შეიძლება ეს ვიღაცამ დაიცვა და ჰქონდა არაჩვეულებრივი შედეგი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო მისთვის შედგენილი დიეტა, ექიმს შემოწმებული ჰყავდა ეს ადამიანი, იცოდა – რა მდგომარეობაში იყო. თუკი ამას გამოიყენებს სხვა ადამიანი, მას შეიძლება ჰქონდეს შედეგი, მაგრამ ამავე დროს უკუჩვენებაც, მეტიც, თუკი მსგავსი დიეტა დაიცვა ადამიანმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნია, შეიძლება მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდეს.


ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია ასეთი იქნება: თუკი პაციენტი არ მიდის ექიმთან და თავად ცდილობს შეადგინოს დიეტა, პოპულარულ დიეტაზე არჩევანის შეჩერებას, ჯობია იხელმძღვანელოს სწორი კვების რეკომენდაციებით. მინიმალურ რაოდენობამდე უნდა დაიყვანოს ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები. აქ იგულისხმება ტკბილეული, ძირითადად, შოკოლადი, ნამცხვარი, კრემიანი ტკბილეული. იკვებოს ნაკლებმარილიანი და უშაქრო საკვებით, შეზღუდოს ცხიმიანი საკვების მიღება და გააძლიეროს ბოსტნეულით კვება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ უშაქროდ ორგანიზმი ვერ ძლებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ორგანიზმს შეუძლია იცხოვრობს აბსოლუტურად უშაქრო და უმარილო რაციონით, რადგან შაქრის და მარილის რაოდენობას ისედაც იღებს სხვა პროდუქტებიდან. ჩვენ ვიღებთ ხილს, ბოსტნეულს და ეს აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც პაციენტს შეიძლება მისცე.


ძირითადად, რა დაავადებები იჩენს თავს, როდესაც ადამიანი არასწორად შედგენილ დიეტას იცავს?


პირველი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს, არის კუჭ–ნაწლავის პრობლემა. ზოგადად, გასტრიტი და კუჭ–ნაწლავის პრობლემები საქართველოში გავრცელებულია და ძალიან ხშირია. ეს პოპულარული დიეტები ძირითადად შერჩეულია ისე, რომ არის ან ცილოვანი, ან ნახშირწყლოვანი პროდუქტით გაჯერებული, ამიტომ როცა პაციენტი არის ერთფეროვან კვებაზე, პირველი პრობლემა, რომელსაც ექიმები ვაწყდებით, სწორედ კუჭ–ნაწილავის ფუნქციის დარღვევაა, ძლიერდება კუჭის მჟავიანობა, ირღვევა მიკრო–ფლორა, რადგან კუჭნაწლავს უჭირს ამ რაციონზე გადაწყობა. ამ სახის საკვების მონელებას გარკვეული ფერმენტები ჭირდება, რაც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ აღმოჩნდება და პაციენტს ამ დროს აღენიშნება ყაბზობა, შებერილობა, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება, საკმაოდ ხშირია კენჭის ჩამოყალიბება არასწორი კვების ფონზე.


რაც შეეხება უფრო რთულ დაავადებებს, ეს არის, პირველ რიგში, გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება არასწორი კვების შედეგად, ირღვევა ნერვული სისტემის მდგომარეობა, თირკმლის ფუნქციური და ღვიძლის მდგომარეობა.


თუკი პაციენტმა პოპულარული დიეტის გამოყენებისას წონაში დაიკლო, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მასზე დიეტა კარგად მოქმედებს, თუ წონაში კლების მიუხედავად შეიძლება სხვა პრობლემებმაც იჩინოს თავი?


რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა პრობლემებმა თავი იჩინოს. მაგალითად, როდესაც პაციენტები არიან მხოლოდ წიწიბურაზე, ან მხოლოდ კიტრზე და პომიდორზე, ამ დროს ორგანიზმს საჭირო პროდუქტი არ მიეწოდება და იწყება დეფიციტი. ცილის დეფიციტი, პირველ რიგში, მოდის წინა პლანზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს წონაში კლება, მაგრამ წარმოქმნას სხვა პრობლემები, რომლებიც ხშირად გარეგნულადაცაა გამოხატული, მაგალითად, ფრჩხილების დაყოფა, თმის ცვენა, ამ პრობლემაში აქტიურად ერთვება ფარისებრი ჯირკვალიც, ორგანიზმი ვარდება თავისი ნორმალური ჰორმონალური მდგომარეობიდან და ხშირია შემთხვევა, როდესაც მიყავთ საკუთარი თავი იქამდე, რომ სერიოზული ცვლილებები იწყება ორგანიზმში. კალცის და რკინის ნაკლებობა, ჰემოგლობინის დაქვეითება იწვევს სისუსტეს, ამას, პირველ რიგში, გრძნობს პაციენტი.


ჩვენ როდესაც პაციენტები გადაგვყავს დაბალკალორიულ კვებაზე, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვუნიშნავთ პოლივიტამინებს, რადგან ორგანიზმი უნდა შეეჩვიოს ამ მდგომარეობას, არ უნდა წარმოიქმნას კალციუმის, ფოსფორის, ნატრიუმის ნაკლებობა. ვიტამინების ჩართვა რაციონში ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმ პაციენტებისთვისაც, ვინც საკუთარი ინიციატივით იწყებს დიეტას, რათა არ მოხდეს ჰემოგლობინის დაქვეითება.

“სუხიშვილების დიეტის” შემადგენლობაში შედის ყავა, ვაშლი, მოხარშული კვერცხი, სოსისი, შავი შოკოლადი და მაწონი. ეს დიეტა ერთი კვირა გრძელდება. შეიძლება თუ არა ეს, ან მსგავსი დიეტა იყოს სრულყოფილი?

ზოგადად, ამ და მსგავსი დიეტების ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ არის ერთფეროვანი. მაგალითად, ამ დიეტის შემთხვევაში ცილების ნაკლებობაა. ნახშირწყლები არის წარმოდგეინლი ძალიან დიდი რაოდენობით, შოკოლადიც კი შედის რაციონში, მაგრამ ნახშირწყლებს შეიცავს მხოლოდ სოსისი, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა.


ეს დიეტა მიეკუთვნება ე.წ. მკაცრ დიეტას, რადგან ყოველდღიურად რაციონი არის ერთი და იგივე. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენც ვაძლევთ პაციენტს რეკომენდაციას დაიცვას მკაცრი დიეტა, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ ერთი კვირა და კვების რაციონი უნდა იყოს ფართო. ის შეუცვლელი ნივთიერებები, რაც უნდა მიიღოს ადამიანმა, ამ დიეტაში არ არის.

თუ არსებობს რაიმე უნივერსალური მაჩვენებელი, რამდენი უნდა დაიკლოს ადამიანმა ერთი თვის განმავლობაში?


დიეტის პირველი პერიოდის განმავლობაში კლება არის უკვე თვალშისაცემი. როდესაც მარილს და შაქარს ადამიანი აღარ იღებს, სითხე რაც არის ორგანიზმში, თანდათან გამოდის. პირველი კვირა კლება განსაკუთრებით აქტიურია, მაგრამ პირველი თვის განმავლობაში კლება მაინც არ უნდა აღემატებოდეს 4–5 კილოგრამს. მეორე მესამე თვეში კი რეკომენდებულია 3–4 კილოს კლება, ორგანიზმმა უნდა მოახდინოს ადაპტაცია დაბალ წონაზე და ამ წონას მიეჩვიოს. თუმცა ასევე გააჩნია, პაციენტის წონა რამდენია, თუ ადამიანი 170 კგ–ს ან მეტს იწონის, მან შეიძლება 7–10 კილოც დაიკლოს, მაგრამ 100 კილომდე პაციენტისთვის 7კგ ძალიან დიდი მაჩვენებელია.


როგორ უნდა იკვებოს ადამიანი დიეტის დასრულების შემდეგ, არის თუ არა ხშირი წონაში სწრაფი მატება?


თუ ვიცავთ მკაცრ დიეტას, შემდეგ არ უნდა გადავიდეთ ჩვეულებრივი კვების რაციონზე, აუცილებლად შემდეგაც კვება უნდა იყოს შეზღუდული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მოხდება წონის მატება. ზოგადად, ადამიანი მუდმივად უნდა იკვებებოდეს ჯანსაღად, განსაკუთრებით, თუკი მას წონის პრობლემა აქვს. თუკი პაციენტი ერთი კვირა, ან ერთი თვე დაიცავს დიეტას და შემდეგ ჩვეულ კვებას დაუბრუნდება, შესაძლებელია იმაზე მეტი წონაც კი გახდეს, ვიდრე დიეტის დაწყებამდე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი