საზოგადოება

აბორტი – მომხრე და წინააღმდეგი

18 აპრილი, 2013 • 3325
აბორტი – მომხრე და წინააღმდეგი

sibrdzne.ge-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი ვახტანგ თანდილაშვილი, რომელიც აბორტის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვის მომხრეა, ამბობს, რომ შვილის გაჩენა ქალის ვალდებულებაა:

 

“ყველამ რომ თქვას, შვილის გაჩენა ჩემი უფლებააო, მაშინ არავინ გააჩენს და შეწყდება სიცოცხლე და ეს არის ერის მკვლელობა”.

 

ვახტანგ თანდილაშვილს არც მეუღლე ჰყავს და არც შვილები, თუმცა ამბობს, რომ ქალმა შვილი მამაკაცის წინააღმდეგობის მიუხედავადაც უნდა გააჩინოს: “ხშირად აბორტის მაპროვოცირებელი კაცები არიან, მაგრამ ბევრი ქალი წინააღმდეგობას უწევს კაცს და მაინც აჩენს. ასეთ შემთხვევაში ახლობლებმაც და სახელმწიფომაც ქალს უნდა გაუწიოს თანადგომა”. მისი აზრით, აბორტის კრიმინალიზაცია პრობლემებს არ შექმნის:

 

“თუ აბორტი გახდება მკაცრად დასჯადი, აღარ იქნება აბორტები. ჩვენ წინააღმდეგი ვართ კანონის, რომელიც თორმეტ კვირამდე ბავშვის მოცილების უფლებას იძლევა”, – ამბობს ვახტანგ თანდილაშვილი.

 

განსხვავებული პოზიცია აქვთ “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” აქტივისტებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აბორტის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ მართავდნენ. მათი აზრით, აბორტების აკრძალვა არ ნიშნავს მის შემცირებას.

 

“საბჭოთა კავშირის დროსაც იყო აბორტი აკრძალული, მაგრამ ყველაზე დიდი მაჩვენებელი აბორტების სწორედ ამ პერიოდზე მოდის.
აკრძალვა გამოიწვევს არალეგალურ აბორტებს, რომელიც კიდევ უფრო საშიშია ქალებისთვის. ჩნდება დიდი რისკი, რომ ქალი საერთოდ უშვილოდ დარჩეს, რაც ასევე საფრთხეა დემოგრაფიისთვის, რისი მიზეზითაც ითხოვს მეორე მხარე აბორტის კრიმინალიზაციას”, – ამბობს ფემინისტური ჯგუფის აქტივისტი ანა მაისურაძე.

 

როგორც ანა ამბობს, აბორტი არის სიმპტომი ეკონომიკური მდგომარეობის:

 

“ვიცით, რომ დღეს ოჯახებს ორი ბავშვის შენახვაც კი ძალიან უჭირთ. არც გაშვილებაა გამოსავალი, რადგან ვერც სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციას. ხომ დავინახეთ როგორი იყო სახელმწიფოს და საზოგადოების პასუხისმგებლობა, როცა ბავშვი შიმშილით დაიღუპა?! ამიტომ, თუ არ იქნება სამუშაო ადგილები, თუ არ შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა, პრობლემა არ მოგვარდება”.

 

ანას აზრით, დღეს პრობლემის განხილვა, კომპლექსური ანალიზის გარეშე ხდება:

 

“სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ახლა შეიქმნა რაღაც ფონდი, რომელიც აპირებს განქორწინებისა და აბორტის წინააღმდეგ აქციების დაწყებას, არც ეს არის გამოსავალი, რადგან თუ კაცია მოძალადე ოჯახში, ან თუ სხვა პრობლემებია, ამას აქცია ვერ მოაგვარებს. მაშინ უნდა მოხდეს მარტოხელა ქალის წახალისება, ხელოვნური განაყოფიერების ხელშეწყობა, პრობლემაა სელექციური აბორტებიც (სელექციურ, ანუ შერჩევით აბორტს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა მშობლებს კონკრეტული სქესის ბავშვის ყოლა არ სურთ), რასაც მარაზმულ მდგომარეობამდე მივყავართ”.

 

აბორტის საწინააღმდეგო აქციები საქართველოში 2010 წელსაც გაიმართა, სახელწოდებით “40 დღე სიცოცხლისთვის”. ეს აქცია მსოფლიოს სამასამდე ქალაქში ერთდროულად ტარდებოდა:

 

“ამ აქციაში მონაწილეობდა 30-მდე სხვადასხვა დენომინაციის ეკლესია. ჩვენ გამოვდიოდით არა რაიმეს აკრძალვის მიზნით, არამედ იმის გასააზრებლად, რომ სიცოცხლე ყველაზე ფასეულია ცხოვრებაში”, – ამბობს ვასო მუშკუდიანი, რომელიც აქცია “40 დღე სიცოცხლისთვის” მონაწილე იყო. მისი აზრით, აბორტი არ ხდება მხოლოდ ქალის სურვილით, ის წახალისებულია საზოგადოების, ქმრის და სხვა გარემო პირობების მხრიდან.

 

“აკრძალვა ყოველთვის მოიტანს საპირისპირო პრობლემებს. უნდა გაიზარდოს განათლების და პასუხისმგებლობის დონე, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების და სახელმწიფოს მხრიდანაც,” – ამბობს ვასო.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 1999, 2005 და 2010 წლებში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების მიხედვით, საქართველოში აბორტების სტატისტიკა შემცირებულია. 1999 წლისთვის აბორტის სამწლიანი ჯამობრივი კოეფიციენტი საქართველოში 3,7 იყო, 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,6-მდეა დასული. მაშინ როცა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში აბორტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდებოდა მსოფლიოს მასშტაბით.

 

ბოლო, 2010 წლის კვლევის მიხედვით, შობადობის მომატებული მაჩვენებელი აღინიშნა 20-29 წლის ასაკის ქალებში, თუმცა აბორტის რისკი მაინც მაღალია: კვლევის პროცესში შვიდი ათასი ქალია გამოკითხული. გამოკითხულ ქალების 36-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ბოლო ორსულობა იყო დაუგეგმავი, აქედან 11 პროცენტისთვის უდროო, ხოლო 26 პროცენტისთვის – არასასურველი. რაც შეეხება კონტრაცეპტივებს, კვლევების მიხედვით, რესპონდენტების 96 პროცენტს გაგონილი აქვს მხოლოდ ერთი რომელიმე თანამედროვე კონტრაცეპტივის შესახებ, თუმცა, გამოკითხულ ქალთა უმეტესობამ არ იცის, რამდენად ეფექტურია კონტრაცეპტული საშუალებები. ქორწინებაში მყოფი ქალების 35 პროცენტი იმყოფება დაუგეგმავი ორსულობის, და შესაბამისად, აბორტის რისკის ქვეშ. აბორტის სტატისტიკის შემცირების მიუხედავად, ზოგადი მაჩვენებელი მაინც მაღალია.

 

“ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალები ვერ აცნობიერებენ აბორტის სამედიცინო და ეთიკურ ასპექტებს. ანთებითი დაავადებების, უშვილობის, რეპროდუქციული ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, სწორედ აბორტია”, – ამბობს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე.

 

მისი თქმით, გაეროს ფონდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აბორტის აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო, რადგან ის გახდა კრიმინალური აბორტის და “სამედიცინო ტურიზმის” საგანი:

 

“კეთდებოდა ე.წ “აბორტ-ტურები”, ქალები გადადიოდნენ მეზობელ ქვეყნებში და იქ იკეთებდნენ აბორტს, რაც ხდებოდა სხვადასხვა გართულებების, უშვილობის და სიკვდილობის მიზეზი. ეს რისკები კი საქართველოსთვის ნამდვილად სავალალო იქნება.”

 

თამარ ხომასურიძის თქმით, პრობლემის მოგვარების გზა არის სამოქალაქო საზოგადოების, დონორების, მთავრობის, რელიგიური ინსტიტუტებისა და მედიის ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რომელიც მიმართული იქნება არა აბორტის აკრძალვისკენ, არამედ აღმოფხვრისკენ.

 

“ჩვენ ვმუშაობთ ქალთა განათლებასა და სერვისებზე. გვაქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრები უნივერსიტეტებში და რეგიონებში. დღეს აბორტის პრევენციისათვის საჭირო ინფორმაცია და სერვისები ხელმისაწვდომია; არაჯანსაღი პრაქტიკის აღმოფხვრას დრო სჭირდება, თუმცა გამომდინარე მონაცემთა დინამიკიდან და ახალგაზრდების განწყობიდან, მჯერა, რომ აბორტის საჭიროებას თვით ქალები აღმოფხვრიან სწორი გადაწყვეტილებებით,” – ამბობს თამარ ხომასურიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი